Friday, July 19, 2019

ჩანახატი

                                     ჩანახატი
    მარჯანიშვილის მოედნის კუთხეში გაჩერებაზე ქალბატონი ზის უზარმაზარი თეთრი ჩალის ქუდით, მომხიბლავი ღიმილით, ტუჩებზე ვარდისფერი საცხით, ოთხმოც წელს იქნება მიტანებული, მაგრამ როგორი ცეცხლი ანთია მის შავ თვალებში, სიცოცხლის წყურვილი, გაოგნებული დავრჩი. გვერდში ხეიბარი კაცი უზის, საუბარი უჭირს, მივაყურადე, სოხუმზე ლაპარაკობენ, კაციც სოხუმელი აღმოჩნდა და ქალბატონიც, წულუკიძის ქუჩაზე ვცხოვრობდიო, კაცმა, ოჰ, როგორ შესციცინებს მოხუცი თეთრი ქალბატონი თვალებში ამ კაცს, როგორც ღვიძლ შვილს, რა იცი, იქნებ, ომში იყო დაჭრილი და ამის გამო აქვს ჯანმრთელობა შერყეული, გავიფიქრე. ეჰ, ჩემო აფხაზეთო, რამხელა ტკივილი დაუტოვე გულში შენს შვილებს, რა სამოთხე დავკარგეთო, ცრემლი დაედინა თვალებიდან მოხუც თეთრ ქალბატონს, ტუჩებზე ვარდისფერი საცხი გაუუფერულდა, სახე დაუნაოჭდა, ცეცხლიც ჩაუქრა თვალებში.

No comments:

Post a Comment