Saturday, July 20, 2019

იასამნისფერი ქრიზანთემები (ნოველა)

  ტვირთის თრევით დაღლილი იყო და ღამის თორმეტისთვის უკვე ჩაეძინა, დღისით, ბაზარში მყოფმა, ბადრიჯანი იაფად აღმოაჩინა, დახარბდა, ათი კილო წამოიღო, დიდ ოჯახს ბევრი სჭირდება, კარტოფილიც მიაყოლა, ერთი ხუთი კილო, პომიდორი, ხილიც  და სახლამდე ძლივს მიაღწია ხელდამძიმებულმა. მიჩვეული კი იყო ტვირთის ზიდვას, ოჯახის წევრები ყველანი მუშაობდნენ, ამიტომაც ცდილობდა სურსათის მარაგები თვითონ შეევსო, მაგრამ წლები მოემატა და ცოტა არ იყოს გაუჭირდა ამის კეთება. მაინც ბოლო ხანებში ძალიან დასუსტდა, ლამისაა ღამის ათ საათზე დაეძინოს, სადღაა ის დრო, შუაღამემდე რომ ეღვიძა ჯერ შვილების და მერე შვილიშვილების მოვლაში, დილითაც ძლივს დგება ლოგინიდან, სახლიდან სამუშაოზე ხომ უნდა გააცილოს ქმარ-შვილი, რძლებს ეხმარება, არ უნდა ძალიან დაიტვირთონ, ცოტა მეტი ეძინოთო, სად შეუძლიათ ჩემდენი, მე სოფელში გაზრდილი ქალი ვარ და თუ საჭირო გახდა, მეტსაც გავაკეთებ, აგერ მალე მეოთხე შვილიშვილი შემეძინება, ყველა ჩემი გაზრდილია თითქმის, ბებია ენაცვალოთ, - ფიქრობდა და ხალისით აკეთებდა ყველაფერს, თემური მოესწრო კიდევაც, იმხელა ბიჭია.
      დაძინებულს ღამის ორ საათზე გაეღვიძა, შვილიშვილის ოთახში შუქი დაინახა, მორიდებით შეიხედა, ბიჭმა ზედ არ შეხედა, მობილური ეჭირა ხელში, სახელი დაუძახა, ერთხელ, მეორედ... უცებ იყვირა თემურმა, ვერა ხედავ, ვთამაშობ, რა ხელს მიშლი, საერთოდ ნორმალური ხარო? გაოგნდა მოხუცი, ისე, მოგიკითხე, ბებია, როგორ ხარ, იშვიათად გნახულობო, როცა მართლა ცუდად ვარ, მაშინ არ მკითხულობ და ახლა მოგინდა ჩემი მოკითხვაო? იყო პასუხი. ქალს ხმა აღარ გაუცია შვილიშვილისთვის, კიდევ არ შემომეპასუხოს, ოჯახის წევრები არ გააღვიძოს, არავინ გაიგოს მისი ყვირილიო. უსიტყვოდ გამობრუნდა, ფეხებმოცელილი, საწოლამდე ძლივს მიაღწია. ის ღამე აღარ დაუძინია, არც შემდეგი, დიდი ხნით გაუტყდა ძილი. მას მერე შვილიშვილს ბებიასთვის თვალებში შეხედვაც რცხვენოდა, ერთ დღესაც ქრიზანთემების თაიგული მოუტანა, იასამნისფერი იყო ყვავილები, იცოდა, მოეწონებოდა. დამჭკნარი თითები გადაუსვა ქალმა თავზე, უსიტყვო იყო მათი შერიგება.

No comments:

Post a Comment