Tuesday, July 16, 2019

ავლა-დიდება (ნოველა)

ავლა-დიდება
არასოდეს უთქვამს, მიყვარხარო, არასოდეს მიურთმევია საჩუქარი, ფულს აძლევდა, გინდ საჭმელი იყიდე, გინდ ტანსაცმელი, გინდ სამკაულებიო, მაგრამ საჭმელშიც არ ყოფნიდა, ბეჭედი როგორ ეყიდა, ან საყურე, თანაც ოქროსი, ბიჟუტერია არ უყვარდა, ამიტომ არაფერიც არ ჰქონდა, დედამისის ნაჩუქარი ერთი-ორი ვერცხლის ბეჭედი და საყურე, სულ ეს იყო მისი ავლა-დიდება. გაიზარდნენ შვილები, დაოჯახება მოუნდათ, ჩვენი ცოლებისთვის თუ გაქვს რამეო, იკითხეს, მეც დამიტოვეო, - თქვა ქალიშვილმა. გადმოალაგა რაც ჰქონდა, დამცინავად გადახედეს, მთელი ცხოვრების მანძილზე ეს შეაგროვეო?! დაიშალნენ გულდაწყვეტილები. დედასაც გული დასწყდა, ვერ გამიგეს, ვერ დაინახეს ჩემი თავგანწირვაო, მართლაც ვერაფერს უტოვებდა შვილებს, ერთი დაშლილ-მორღვეული სახლის გარდა, ისიც სამად იყო გასაყოფი, ეგეც ვერ მოასწრო, რა ტყუილად მიცხოვრიაო, თან წაიყოლა სევდა.
მაია დიაკონიძე
16.07.2019 წელი

No comments:

Post a Comment