Sunday, July 7, 2019
საღათას ძილი (ბავშვობის მოგონებებიდან)
როცა გავიღვიძე, პირველად ბებიას ფირუზისფერი თვალები შემომეფეთა, დაჟინებით შემომცქეროდა სახეში, გარშემო მოვატარე თვალები, ახლა დედა დავინახე, მამა, ჩემი და-ძმები, გამიკვირდა, რა ხდება-მეთქი, როგორც გარშემომყოფების ლაპარაკით მივხვდი, ორი დღე და ღამე მძინებია, ახლაც ძალით გაუღვიძებივარ, თვალები რომ არ გამეხილა, ალბათ, საავადმყოფოში გამაქანებდნენ, ისე იყო ყველა აფორიაქებული. - რა ხდება? - თითქმის ჩურჩულით ვიკითხე, ხმა რომ ამოვიღე, კიდევ ერთი სიხარულის საბაბი გახდა, შეძახილებმა გამაყრუა. ლოგინში წამოვჯექი, ყურებზე ხელები ავიფარე და გავიღიმე. მკოცნიდნენ, მეფერებოდნენ რიგ-რიგობით, - როგორ შეგვაშინე, - მითხრა დედამ, - რა იყო, მატარებელში სულ არ გეძინა? - მკითხა მამამ და ყური ამიწია, რა თქმა უნდა, მოფერებით, ისე ყურის აწევა კი უყვარს, როცა ვაბრაზებ, ალბათ, იმიტომ მაქვს დიდი ყურები. - გავიფიქრე და მხიარულად დავიწყე რატრატი, - მართალა, სულ არ მეძინებოდა მატარებელში, ზევით რომ ვიწექი, მეშინოდა არ გადმოვვარდნილიყავი და ვინმეს არ დავცემოდი თავზე, გახსოვთ, შარშან რომ გადმოვვარდი? - ხომ არაფერი მოგსვლია, ვერ დაივიწყე ეს ამბავი? თანაც არავის დაუძალებია ზევით დაწექიო, შენ გინდოდა თვითონ, - მიპასუხა დედამ და ალერსით გადამისვა თავზე ხელი, - მიხაროდა, ყველა რომ მეფერებოდა, მედიკო დაჟინებით შემომაცქერდა თვალებში და ყურში ჩამჩურჩულა, - მე მეგონა მოკვდი და ჩუმად ვტიროდი, დედას რომ არ დაენახა, ია კი მეჩხუბებოდა, რა გატირებს, ცოცხალია, ალბათ, საღათას ძილით დაიძინა, შეიძლება ოცი წელიც ეძინოსო, ამაზე კი, კიდევ უფრო ვბრაზდებოდი, რა კარგია, რომ გაიღვიძე, წამოდი ბაღში, ალუბალი დამიკრიფე, ვერ ვწვდები. - გამეცინა, - ავდგები, შევჭამ და წავიდეთ. - ვუთხარ. ია მორცხვად მიღიმოდა, ბიჭები, უკვე დამშვიდებულები, მამას ეპორჭყიალებოდნენ, მხრებზე შემოგვისვი და სასეირნოდ წაგვიყვანეო, მამამ თვალი ჩამიკრა და წავიდა. ავდექი, ჩემს ბებიას, თეთრთავსაფრიანს, უკრაინულ ბლუზაში გამოწყობილს უკვე მოიესწრო ჩემთვის სუფრის გაწყობა, თეთრ გადასაფარებელიან მაგიდაზე ქვაბიდან ახალამოღებული ალუბლის ვარენიკები მიყურებდნენ და საოცარ სურნელს აფრქვევდნენ, მაგიდას მივუჯექი და ხარბად შევისრუტე ალუბლის ცხელი ტკბილი წვენი, ასეთ ვარენიკებს ვერავინ აკეთებს, ჩემი კატია ბებიას გარდა, ერთი რაია დეიდა თუ ჯობნის, ჩვენი თბილისელი მეზობელი, იმისი უფრო დიდებია, გავიფიქრე. ია და მედიკო, მაგიდასთან მიმსხდარნი, გახარებულები მიყურებდნენ პირში, - ხედავ, საჭმელსაც ჭამს, - უთხრა მედიკომ იას, - კარგი იქნებოდა საღათას ძილით დაგეძინა, შენი სათამაშოები ჩემი გახდებოდა, რომ გაიღვიძებდი, რაღაში დაგჭირდებოდა? - მითხრა იამ და თეთრი კბილები დაკრიჭა, რა თქმა უნდა, ხუმრობდა.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment