სევდა დაჰყვებოდა მამა-შვილის ურთიერთობას, იმიტომ რომ დედა მათთან აღარ იყო, მის მშობიარობას გადაჰყვა, მამა კი ამას, ალბათ, ვერასოდეს აპატიებდა, ამიტომაც დაინახავდა თუ არა, სევდა ეღვრებოდა თვალებში, განუზომელი სევდა, რომელიც გულს აავადებს, აწვრილებს, ისე აწვრილებს, რომ ძაფივით ხდება, და ალბათ, ერთხელ სადღაც გაწყდება ხოლმე კიდეც, მოძველებული ძაფივით.ხომ გაგიგიათ: "გული ჩამწყდაო". ასეც მოხდა, ნათესავებმა წაიყვანეს, მამა მოგიკვდაო, სევდას სევდა დაემატა. მისი სევდა არ წვრილდებოდა გულივით, ისიც გაგეგონებათ, "გული გამიწვრილდაო", არ პატარავდებოდა, პირიქით იზრდებოდა, ახსენდებოდა, როგორ სეირნობდა მამასთან ერთად ზღვის ნაპირზე თავის პატარა ძაღლთან ერთად, იმ საბედისწეო დღეს თოლიებისთვის პური იყიდეს, დაფშვნეს და წყალში გადაყარეს, ნაწვიმარზე ასფალტი ათასფრად ციმციმებდა, მამის თვალებში სხვადასხვაფრად ირეკლებოდა, მოსწონდა გოგონას მამასთვის თვალებში ცქერა, ორივე ხელს შემოხვევდა ხოლმე კისერზე და აცქერდებოდა ღრმა თვალებში, სევდას იჭერდა, ახლაც ჩააცქერდა, მაგრამ სევდა ვეღარ დაინახა, სიხარული უფრო ჩანდა, გაუკვირდა, რა იცოდა რომ მეუღლესთან მოსალოდნელი შეხვედრის სიხარულის ზეიმი იდგა იქ, წინასწარ ჰქონდა გადაწყვეტილი თავის მოკვლაო, დაასკვნა გოგონამ. ნეტავ, ჩემს თვალებში თუ ჩადგებაო როდისმე სიხარულის ზეიმი...
გაიზარდა, გათხოვდა. ვაჟი ეყოლა, ათასფრად აუციმციმდა თვალებში სიხარულის ცრემლები. ბიჭს მამის სახელი დაარქვა. უყურებდა და ხანდახან სევდიან მზერას გააყოლებდა, მშობელს აგონებდა. მამასთან დაშორების სევდა ხომ უსაზღვროა და არასოდეს მთავრდება.
No comments:
Post a Comment