Monday, October 9, 2023
გულკეთილი (მოთხრობა)
იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა, იყო ერთი ოჯახი, დედა, მამა და სამი შვილი, რაგინდ გასაკვირველი არ უნდა იყოს, სამი შვილი ხომ დღეს იშვიათია, ჰო, კიდევ ბებო იყო, გამრჯე და გულკეთილი, შვილიშვილების დამცველი და გადია, მოხუცი, თავისი წლებისთვის გასაოცრად მოძრავი და აქტიური, პაპაც იყო, რა თქმა უნდა, მაგრამ ადრე გარდაიცვალა და ბავშვებს არ ახსოვდათ, მხოლოდ ისტორიები ესმოდათ მისი სიქველისა და ვაჟკაცობის შესახებ. სტუმართმოყვარე ოჯახი ჰქონდათ, დღესასწაული ისე არ ჩაივლიდა, მათ ოჯახში ოც კაცს მაინც რომ არ შეევლო, უშურველად გასცემდა ოჯახის უფროსი დახმარებებს, ყველა ეცოდებოდა და ყველა მისი მადლიერი იყო, ზოგი ალბათ, არც იყო, რას გაუგებ ადამიანებს, ფიქრობენ, მეტი აქვს და მეტს რატომ არ მაძლევსო. გაღარიბდა ოჯახი, არც ისე იყო მდიდარი. რაც ჰქონდათ, ისიც ნელ-ნელა გაყიდეს, იქ - ოქროს ნაკეთობები, იქ - სტახოვსკის ზღვის პეიზაჟი, როგორც მერე გაიგეს, კაპიკებში გადააგდეს, დაინგრა სახლი, ისე ნუ ჩამიყვან მიწაში, სახლში რემონტი არ გააკეთოო, ეხვეწებოდა დედა ვაჟიშვილს, ის თავისას არ იშლიდა, პურმარილს ხან სახლში შლიდა, ხან სასაფლაოებზე, მკვდრებს მიუვაო, ბანკის ვალები დაიდო, ოჯახის რჩენა გაუჭირდა, სული ძლივსღა გაჰქონდათ, წამოიზარდნენ ბიჭები, ახლა უფროსმა ვაჟმა აიკიდა ოჯახის რჩენის პასუხისმგებლობა. - რაღაცა ქენი! - ეტყოდა ცოლი ქმარს, - საცოლე ბიჭები გვყავს, ბინები უნდათ, ბოლოსდაბოლოს ამ სახლში მძახალი როგორ შემოვიყვანოთ? - ჰკითხავდა. კაცი ვალებს ვალებზე ამატებდა, ბანკში თავდებში შვილი დაიყენა, მე თუ მოვკვდი, ეს გადაიხდისო..ერთხელ მოკვდა კიდეც, გააცოცხლეს, ახალი ვალი გამოიტანა, რისთვის, არავინ იცოდა, ერთ დღესაც ოჯახს ზარზეიმით გამოუცხადა, ერთ ადგილზე უნდა წაგიყვანოთო, დიღმის სასაფლაოზე ავიდნენ, იქვე ახლოს, სადაც წინაპრები ესვენა. ოთხადგილიანი საფლავის გარშემო მარმარილოს ფილები ეწყო, ყველაფერი ბრწყინავდა, -ეს რა არის, მამა? - იკითხა გაოცებულმა უფროსმა ვაჟმა. - ეს ჩემი საფლავია, - ამაყად განაცხადა ოჯახის უფროსმა, სახლი ავიშენე, თქვენ რომ არ იწვალოთ! - მთელი ცხოვრება შენთვის იმკიდი, ჩვენ არასოდეს გახსოვდით! - თქვა მეორე ვაჟმა. თავჩაქინდრული მოდიოდა ყველა სასაფლაოდან, ოჯახის უფროსს კი თვალში უცნაური ნაპერწკლები უელავდა.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment