ბავშვობაში ქაღალდის გემებს ვაკეთებდი
და წყალში ვუშვებდი,
სულ ერთი იყო, ნაკადული, მდინარე, ზღვა,
ოღონდ წყალი ყოფილიყო და
შორს წაეღო ჩემი ოცნებები.
ალბათ, დედ-მამის კარგად ყოფნას,
ან იქნებ, სამშობლოს აყვავებას,
ან იქნებ, ბებია-პაპას მალე ნახვას,
ან იქნებ ძაღლი ბახულას მარად ყოფნას,
ვინ იცის, რაზე ოცნებობს ბავშვი.
მერე, რომ წამოვიზარდე,
ქაღალდის გემების გაკეთება მრცხვენოდა,
მერე ოცნების გემებს ვუშვებდი ცაში,
არავის დაენახა, არავის გაეგო ჩემი სურვილები,
ახლა კი წყალს ვეუბნები,
წაიღე ჩემი ცუდი სიზმარი, წყალო,
ახლა კი, ცას ვეუბნები,
დამილოცე, ღმერთო, საქართველო,
კეთილს კეთილი მიეცი,
ბოროტს გამოსწორების შანსი,
ავი თვალით ნუ გადმოხედავ ჩემს ქვეყანას,
იდიდოს შენი სახელი!
მაია დიაკონიძე
26.09.2023 წელი
No comments:
Post a Comment