Friday, October 6, 2023

საიდან და სადამდე ხარ, ცაო?!, მაყვალა გერმანოზაშვილის კომენტარით

 მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო! მშვიდობიან დღეს გისურვებთ და ჩემს ერთ ძველ ლექსს შემოგთავაზებთ მაყვალა გერმანოზაშვილის - არაჩვეულებრივი პედაგოგის კომენტარით, რომელიც ზუსტად ასახავს ჩემი ლექსის ჩანაფიქრს.

ბებია გვასწავლიდა, პურის ობიანი ნატეხიც კი არ გადააგდოთ, სანამ სამჯერ არ აკოცებთო! პური ჩვენი არსობისა, პურის ყანა და თავთავი ქართველისთვის მარტო ხორციელი კი არა, სულიერი საზრდო იყო! ასე გვასწავლიდნენ წინაპრები შრომის სიყვარულს და დაფასებას! იხარეთ, მეგობრებო, ბედნიერი დღე გქონოდეთ!
საიდან და სადამდე ხარ, ცაო?!
საიდან და სადამდე ხარ, ცაო,
გაუშლია მზეს სხივები ჟღალი,
ჭორფლიანი ეს გოგონა მიყვარს,
ეს გოგონა, ქვეყნის ნატვრის თვალი.
მინდორს ისე დასდგომია, ურცხვად,
ოქროს ზღვაში აბანავებს ყანას,
წითელთმიანს, ლურჯთვალას და მცხუნვარს,
ყველა ნატვრა აუხდება, ალბათ.
ფრთებს გაშლიან გვირილები თეთრად,
ყაყაჩოებს დაასკდებათ კაბა,
ღმერთი წვიმას გამოატანს მხედარს,
მზე ქალმა რომ არ გაახმოს ყანა.
შეერთდება თავთუხებში ორი,
დაჰბერავს და დაამწიფებს მარცვალს,
მზე გოგო და წვიმის ბიჭი, სწორნი,
ამშვენებენ ამ ქვეყანას, ამ ცას.
საიდან და სადამდე ხარ, ცაო,
აგვაშორე გრიგალსა და სეტყვას,
მზე გოგო და წვიმის ბიჭი ხარობს,
პურის ყანას დაარჩენენ ერთად.
მაია დიაკონიძე
-------------------------------------
''მზე გოგო და წვიმის ბიჭი, სწორნი,
ამშვენებენ ამ ქვეყანას, ამ ცას.''🌺❤👍ამაღლებული განწყობაა ლექსშიც და ნახატშიც! ორივე ცისკენ აახედებს მკითხველს და აგრძნობინებს, გაახსენებს, რომ -''ცა დედამიწის სიხარულია'' ჩემი ერთ-ერთი ლექსიდან სტრიქონი ამომიტივტივდა! ან და, მიწისაც ვარ და ცისაცა''... მხატვრულობასთან ერთად ხალხური პოეზიის სურნელიც დაჰკრავს, ზღაპრულ სამყაროში გადვყავართ, ცისა და მიწის მთლიანობაში გვაგრძნობინებს თავს, ბალანსი მზისა და წვიმის, უფლისგან ძღვნილი, ''❤ღმერთი წვიმას გამოატანს მხედარს,
მზე ქალმა რომ არ გაახმოს ყანა. ''🌺❤👍 ლოცვა-ვედრება მოისმის, და ,რაც მთავარია, ღვთისაგან ქმნილი ღვთის სახე-ხატთა ერთიანობა გადაარჩენს პურის ყანას, სულის საზრდოს, სიცოცხლეს! და, არა დაპირისპირება კაცებთან ქალებისა და, პირიქით, ქალებისა -მამაკაცების მიმართ, რაც ოჯახების დანგრევას უწყობს ხელს, ოჯახი კი ქვეყნის მყარი და მტკიცე ბურჯია, რაც ჩვენს,, ვითომც და ''მოყვარე'' მტრებს სურთ! მაიკო, ძვირფასო! ასე ამიშალა საღერღელი თქვენმა ლექსმა და ნახატმა! ღმერთმა გისმინოთ და გადაგვარჩინოს ქართველი ერი გლობალური კატასტროფებისგან!
მაყვალა გერმანოზაშვილი
გათიბული ყანა, პასტელი, მხ. მაია დიაკონიძე

No comments:

Post a Comment