ჰუმანური პედაგოგიკის ფუძემდებელი, აკადემიკოსი შალვა ამონაშვილი გადაცემაში "ნოესთან" იხსენებს შემთხვევას, რამაც მის პედაგოგიურ საქმიანობაში განსაკუთრებული გარდატეხა გამოიწვია და მნიშვნელოვანი მაგალითი უჩვენა:
- ერთი შემთხვევა მქონდა, რომელსაც ძალიან ხშირად აღვწერ ხოლმე. მეორე კლასში შევდივარ გაკვეთილზე და ბავშვებს მათემატიკის საკონტროლოს რვეულს ვურიგებ. ეს 60-იანი წლების დასაწყისში იყო. მაშინ, ჯერ კიდევ არ ვიყავი ჩამოყალიბებული, ვეძიებდი... დავურიგე ბავშვებს საკონტროლოს რვეულები და ერთი პატარა გოგონა იყო - ლელა, ფანჯარასთან იჯდა. ახლაც მახსოვს, თეთრი, ქათქათა ბავშვი იყო. ტირილი დაიწყო და ამბობდა, რომ მათემატიკა არ უყვარს. მე კიდევ ბავშვის ტირილს ვერ ვიტან. მის ნაცვლად მინდა, ვიტირო. მივედი, ვეალერსებოდი, ვეკითხებოდი, რა მოხდა. რვეულში რომ წითელი ხაზები მქონდა გასმული, შეცდომების ნიშნად, მაგაზე ნერვიულობდა. დახედა ბავშვმა ამ შეცდომებს და გადაირია, სულ შეცდომებში ყოფილა და ატირდა. ლელა როგორ დავამშვიდე, ერთი ამბავია, მაგრამ ჩემში რა მოხდა?იმ დღიდან წითელი მელნის გამოყენება ბავშვის რვეულებში გავაქრე... ეს გავაქრე არა მარტო ჩემთვის, არამედ მთელ პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში. ამოვიღე ხმარებიდან წითელი მელანი. რა გამოვიყენოთ? - მწვანე. ბავშვის შეცდომები კი არ ეძებო, ეძებე წარმატება! თუ ასო დაწერა ლამაზად, გახაზე. სიტყვა გამოუვიდა სწორი? - გახაზე. ეძებე წარმატება! როგორ შეიძლება, ყველაზე ჩამორჩენილ მოსწავლეს ერთი რამ მაინც არ ჰქონდეს სწორი?! მწვანეებით უთხარი: "რა კარგი ხარ, მომწონხარ". წითელი მელანი გვერდით დაიდე. თუ ბავშვს შეცდომები აქვს, შენთვის ამოიწერე რვეულში. ეს შენი შეცდომებია, რადგან ცუდად აუხსენი, კარგად ვერ უთხარი, ვერ გააგებინე, არ მოაწონე, შეცდა ბავშვი და ვერ დაისწავლა. მაშ, ეს გაასწორე. ეს იყო და ეს, როცა ბავშვების ცხოვრებაში სიხარული შემოვიდა. ჰუმანური პედაგოგიკის პრინციპია: ბავშვი უნდა ატარო სიხარულიდან სიხარულამდე. წარმატებიდან წარმატებამდე. ეს მასწავლა ლელამ, პატარა გოგონამ. პედაგოგიკაში გადატრიალება მოხდა. ეს მხოლოდ ჩემი მეთოდი კი არ არის, არამედ მთელ მსოფლიოშია აღიარებული.
No comments:
Post a Comment