Tuesday, October 24, 2023

21- საუკუნის ქართული პოეზია, ავტ. ელგუჯა ციგროშვილი

 (21- საუკუნის ქართული პოეზია), ავტ. ელგუჯა ციგროშვილი

რად ვერ გიმღერე...
ვერ გამიგია, ცხოვრებაში ასე რად ხდება?!
შორ წარსულიდან, — სინანულის უბერავს ქარი...
დრომ ჩაიარა, ამ ჩავლილზე დღეს გული მწყდება,
მაგ შენი მკერდის კვირტობას რომ ვერ მოვუსწარი.
როცა სხეული გიყვაოდა ვით გაზაფხული,
ყვავილს ღებავდნენ შენს თვალებში მორცხვად იანი,
რად ვერ გიმღერე, ვით ვარდს უმღერს ტკბილად ბულბული,
გზა ხომ მაშინ ჩანს, – როცა უკვე არის გვიანი!
----------------------------------
აღსარება
ღმერთო, იმას გთხოვ, არ გამხადო ისე საბრალო, –
ჩემი ცოდვები, უსინდისოდ სხვას დავაბრალო;
მე ვერ დავლაშქრე ევერესტი ან ტიანშანი
და ვერც რაინდის ვერ მოვირგე აბჯარ – ჯავშანი;
თუმცა ვერ გავხდი მე სხვებივით ცნობადი, დიდი...
არასდროს ვიყავ მოყვასისთვის ორგული, ფლიდი.
მუდამ ვცდილობდი,ვყოფილიყავ მათთვის გზა – ხიდი...
არას გემდური, – ჩემს ცხოვრებას მე თვითონ ვქმნიდი.
P.S. ღმერთო, იმას გთხოვ, არ გამხადო ისე საბრალო, –
ჩემი ცხოვრების შეცდომები სხვას დავაბრალო!
სულ სარკე მეგონა !
ცხოვრების შარაგზას მოვყვები ეული,
არც ვინმეს მეფე ვარ, არც ვინმეს მხლებელი...
ძველებურად მიყვარს მე, შენი სხეული, —
მარად სანატრელი, ვერ საკარებელი.
ახლაც მაბრიალებს იმ ტრფობის ალები,
გრძნობის გამხელას ხომ ადრეც ვერ ვბედავდი,
სულ სარკე მეგონა მე შენი თვალები, –
რადგან შიგ ყოველთვის ჩემ სახეს ვხედავდი!
მე ახლაც მორცხვი ვარ და გაუბედავი,
თუმც ფიქრი შემიჩნდა, მაქეზებს, მაწვალებს,
ახლა რომ ჩაგხედო თვალებში, ნეტავი,
თუნდაც ანარეკლად ვაჩნივარ მაგ თვალებს?
ცხოვრების შარაგზას მოვყვები ეული,
უკვე ჩავლილია ის მატარებელი ...
მე კი ისევ მიყვარს ეგ შენი სხეული,
მარად მიუწვდომი, ვერ საკარებელი!
------------------------------
,,ზოგი ჭირი მარგებელია"
მამულის მიწავ, დამეფინე კვლავ ფიანდაზად...
დედავ, ძვირფასო! ,,უძღებ შვილზე" არ დაგცდეს ძვირი,
მეთავისება ხალხის სიბრძნე, თქმული ანდაზად:
რომ ,,მარგებელი არის თურმე ხანდახან ჭირი!"
კარგა ხანია, უცხო ზეცის მხურავს საბანი,
დაგაბიჯე და... ა ნ თ ე ო ს ი ს მომეცა ძალა,
არ დავივიწყე შენი ენა, შენი ანბანი
და გულზე ლოდი დამსუბუქდა ისე, ვით ჩალა.
ბევრჯერ დავუსხლტი ბედისწერით მოვარდნილ ზვავებს,
ნურვინ იფიქრებს, შევიცვალე და ვიღაც სხვა ვარ...
უბრად ვეწვიე დედისა და მამის საფლავებს
და მათ წინაშე დატუქსული ბავშვივით ვდგავარ.
ნამდვილ სიყვარულს განშორება ვერ აფერმკრთალებს
და მონატრება, ამ სიყვარულს გულზე მიქარგავს...
არ ვეპუები უზნეობის ბოროტ გრიგალებს,
არც ქართველობა, არც ღირსება, არ დამიკარგავს!
------------------------------
ყველას ვპატიობ!
გადაიყარა თვალებიდან ჯანღის ბურანი,
თვალებშიც მზეა, ჩამომეხსნა გულზე ლოდები,
მიყვარს სამყარო... სახარებაც, თორაც, ყურანიც,
გვირაბის ბოლოს, მზესთან ერთად შენ გელოდები!
ეს გული ახლაც სიყვარულით სავსეა, ჰო — და...
ჩემს თვალში ეშმაც ანგელოზი გახდა ნამდვილი,
ვპატიობ ყველას, — ვინაც ჩემთან რაიმე სცოდა,
ბოროტებისთვის აღარა მაქვს გულში ადგილი!
ელგუჯა ციგროშვილი
შეიძლება იყოს 1 person გამოსახულება
ყველა რეაქცია:
Sofio Chelidze, ლია ლევაურელი ჭიღლაძე და 29 სხვა პიროვნება

No comments:

Post a Comment