Saturday, October 28, 2023

,,ხორნაბუჯში" გავგზავნე, ავტ. მაია დიაკონიძე

 

ზმანება

(ხალხურ მოტივებზე)

 

მთებს შემოუცვამთ ნაბდები,

თავს ადგათ თოვლის ვარაყი...

ერთმანეთს გადასძახიან:

,,გადმო, დავლიოთ არაყი;

გავთბეთ, სისხლი რომ აჩქროლდეს,

მედგრად დავუხვდეთ ყინვასა,

პირზე ღიმილით ვუსმინოთ

მაგის კვნესას და გმინვასა!"

ქარს მოაქვს ღიღინ~ღიღინით,

არყით პირსავსე ხელადა,

მთათ მაიმარჯვეს ყანწები

სასმელის შესასმელადა.

,,ალავერდს" არის ყველასთან

მთების თამადა,–  მყინვარი,

გოჩასა ჰგავის,  ხევისბერს,, –

მარადჟამს გაუცინარი.

ალალად ლოცავს  მთა-გორებს,

ბარში, – გაფენილ  ხავერდებს

და საქართველოს  მომავალს,

სამყაროს შემქმნელს  ავედრებს!

 

სიჩუმე!

 

ერთხელ სიჩუმე მოვიდა ტყეში,

შეწყდა - ,,გუ, გუ, გუ", მერცხლების ,,ტია",

და ქარსაც გიჟმაჟს, ხანდახან შეშლილს,

შიშისგან კრინტიც  ვერ გაუღია.

არ გაინძრესო ერთი ფოთოლიც,

პირქუშად მდგარმა სიჩუმემ ბრძანა,

ცამდე აწვდილი იდგა გოდოლი,

სიჩუმის, შიშის დამდგარა ხანა.

უეცრად სადღაც იმ ტყესთან ახლოს,

გაიწკრიალა პატარა ზარმა,

თეთრი ბეკეკა მიადგა ახოს,

ამ ზარმა დუმილს გამოჰკრა სარმა.

სიჩუმის წესრიგს მოეღო ბოლო,

ატყდა სტვენა და ქარის რიალი,

ნუ დავიძინებთ ბოლომდე ოღონდ,

სადღაც ისმოდეს ზარის წკრიალი.

 

ხმა  დიდგორიდან!

 

ეს  გაბმული  ხმა  ზარებისა, საიდან  არის?

ზარების  ხმა  ხომ  სიმბოლოა  უფლის  შველისო...

ალბათ  მოგველის  დაჯახება  ხმალის  და  ფარის 

და ... აუწყებენ დავით  მეფეს:  , ომი  გველისო!"

 

დროშას  შეუშვერს  ჭყონდიდელი, გიჟმაჟ  ქარს , ოჩანს ,

კარგის  მაცნეა ხმა  ზეციდან  არწივის  ყეფის;

წმინდა  გიორგის  თეთრი  რაშიც  იმედად  მოჩანს,

ეშმაკსაც  კი  სძლევს  დღეს  ლაშქარი  ერთგული  მეფის!

 

,,უფლის  იმედად  ვიბრძოლოთო", დავითმა  ბრძანა,

სხვა  დროსაც  ბევრი  გვინახავსო  დღეები  ცხელი...

დღეს  გამოჩნდება, როგორ  გვიყვარს  ჩვენი  ქვეყანა,

მტრის  სასაფლაოდ  ვაქციოთო  დიდგორის  ველი!

 

რა იცის ქარმა?!

 

ქარი მოვა და მწველ ფაქიზ გრძნობებს

წაიღებს, დაყრის ვით ყვითელ ფოთლებს,

რა იცის ქარმა, რომ ჩვენს ნაზ ტოტებს,

უსახურებს და სულ შიშვლებს ტოვებს.

 

მოვა და ტანზე მოგვაყრის მიწას,

წრფელი ცრემლებით აგვივსებს თვალებს,

რა იცის ქარმა, რომ ნახავს სიზმარს,

მოვა და იქნებ, ჩვენ აღარც დავხვდეთ!

 

აფხაზეთს!

 

შიშველი ტერფით ვეხები მიწას,

რომლის მარცვლები მჭრიან და მწვავენ,

შორს დარჩა მწვანეათვალება რიწა,

ცრემლები დამდის ცხელი და მწვავე.

 

აღარ მთავრდება წამება ჩვენი,

იმ მიწის კვნესას ნეტავ ვით ვუძლებთ

და ლურჯ სისხლძარღვებს მიბურღავს ეჭვი,

თუ დაიბრუნებს დედა  შვილს უძღებს?!

 

ხნე მოგვცეს ღმერთმა!

 

მზე დაჰფენია ალაზნის მინდვრებს,

ხორბლის ყანები მზის გულზე წვანან,

თითქოს ვიღებდე ჯადოსნურ სითხეს,

ხნე ჰქონდეთ ამ ზვრებს, ხნე მათუსალას.

არ მოეშალოთ ფესვი და ძირი,

კვლავ ინახავდნენ ცეცხლსა და ღადარს,

კიდევ გაზარდოს ქართველმა გმირი,

ხნე მოეყაროს, ხნე მათუსალას.

ცა მოგვცეს ღმერთმა უფრორე ლურჯი,

სიოზე გვეთქვას, ,,მასუნთქა" ამას,

ზაფხული გვქონდეს, - სიმწვანე სულში,

ხნე მოგვცეს ღმერთმა, ხნე მათუსალას.

გადაძახილი რიონის, თერგის,

ალაზნის, ივრის... -  რას ვისმენ ამას!

გმირულ სულს კახის, იმერლის, მესხის,

ხნე მიეც, ღმერთო, ხნე მათუსალას!

    ------------

ხნე – წლოვანება

მათუსალა - ყველაზე მხცოვანი ბიბლიური პერსონჟი

 

შენ, კახეთო!

 

წვიმდა, წვიმდა, უცნაურად წვიმდა,

დასდიოდა ცრემლი მხოლოდ ვაზებს,

და კახეთის ამ საოცარ მიწას

მზე აფენდა ციდან ფიანდაზებს.

ღობე, ღობე, გავსებული ეზო

ყვავილებით  ქვევრებით და ჭურით,

შენ კახეთო, თეთრ ღრუბელთა  მწყემსო,

სიტკბოებით გამომივსე გული.

დაფენილი რუხნისლები ცაზე,

მოვედი და მყისვე შევიყვარე,

გვერდზე გადექ, საქართველოს მტერო,

მზე დაადგათ ხირბლის ნაფერ ყანებს!

 

შოთას წიგნის გადამრჩენი!

 

ისრიმისფრს იხდენს ზეცა

ვენახების, ბაღების,

ნეტავ თუა ვინმე ქვეყნად

ცისკიდურის გამღები,

ჩიტი ნაზი, ჩიტი ჭრელი

სადიდებელს მიგალობს,

ამ ქვეყნის და ამ ბარისას,

ტკბილ ძველ ზღაპარს მიამბობს:

როგორ ედო წიგნი დიდი

პატარა ბიჭს აბგაში,

გაიტანა თბილისიდან,

როცა იყო ალყაში,

ამით იმან უკვდავების

ალაყაფი შეაღო,

შოთას წიგნის გადამრჩენი,

როგორ აღარ შევაქო!

ბედმა როგორ აღარ გვწკეპლა,

აგვიჭრელა ღაწვები,

თუ გვყავს ბიჭი ამისთანა,

მაშინ როგორ გავქრებით,

ჩვენი ნესტან-დარეჯანი

ხელში არის ქაჯების,

ყველა ერთად გავისარჯოთ,

ავიკეცოთ მაჯები!

ისრიმისფერს იხდენს ზეცა

ვენახების, ბაღების,

ნეტავ თუა ქვეყნად ვინმე

ცისკიდურის გამღები,

მზეჭაბუკმა უკვდავების

ალაყაფი შეაღო,

შოთას წიგნის გადამრჩენი,

როგორ აღარ შევაქო!

 

შენ ხომ იცოდი!

 

შენ ხომ იცოდი, ჩემო თავო, რა არის ცრემლი,

მაშ, ბოროტებას რატომ ვეღარ წაართვი თავი,

მტკივნეულია, ვიცი, შენთვის ნაკბენი გველის,

მაგრამ სამყარო მხოლოდ დიდი ღალატი არის.

 

მეფერმკრთალები!

 

მეფერმკრთალები, დაგდებია თვალქვეშ ჩრდილები,

და ეფარები ავადმყოფი მოხატულ ფარდაგს,

უკან მოგდევენ გარდასულის ყრუ აჩრდილები,

ვინ ააკვნესებს ბებერ მტკვარზე დუდუკს და არღანს.

 

ხორხოცებს, ფრთხება შეძახილზე გამცემთა კასტა,

და რამდენია აქ შეკრული ღალატის ფიცით...

ქართვლის დედაო, შენს შვილებზე რა გითხრა გარნა,

მგელმა შეჭამოს, თუ შენ წინარ იხტუნებს კვიცი...

 

ჩამოსევდილა!

 

ჩამოსევდილა ჩემი ბაღი, ცრემლებს ღვრის ბია,

მგელთა ყმუილი შემომესმა, იქ სადღაც, გაღმით,

ამ ხმათა ექოს მუდამ ჩემი სამშობლო ჰქვია,

შემომსევია გულზე სევდა, ათასი დარდი.

 

მუსიკას რომ წერს, განმგებელი, მე ვინ ვარ?! ნოტი,

შევცვალო მინდა, მაჟორული მომესმას გამა,

მაგრამ ვინ მოგვცა ამის ნება, ოდით და ოდით,

ჯვარცმის ტკივილი .დასაბამით ტვირთია ქალთა.

 

უცნობი იყო არადა... (ლევან ალავერდაშვილს)

 

,,თქვენ მშვენიერი ხართ ქალბატონო!",

მითხრა და ჩემ წინ გაჩერდა,

მზერა ზეცას უნდა დაატოლოს,

თვალთა ზღვა ჰორიზონტს ავსებდა.

შავი მოეხურა მოსასხამი,

მოსასხამი თუ ლაბადა,

თითქოს ნაცნობის მონახაზი,

უცნობი იყო, არადა.

 

ვარდი მომაწოდა სიყვარულით

(ვისაც ყვარებია, გაიგებს),

მას მერე არ მწყინდება სიარული,

ჩემს ღიმილს ვარდებად ვარიგებ.

სიყვარულს გაჩუქებთ, მეგობრებო,

ღიმილსაც გაგატანთ ნამატად,

სიხარულს მოვფანტავ ეზო-ეზო,

დარდების არა მაქვს ატანა.

 ---------------------------------

შავი მოეხურა მოსასხამი,

მოსასხამი თუ ლაბადა,

თითქოს ნაცნობის მონახაზი,

უცნობი იყო, არადა.

 

ჩემო კახეთო!

 

ქამარ-ხანჯალით შეგმოსეს ვერცხლის,

და მზის გვირგვინი გიმშვენებს თავსაც,

ჩემო კახეთო, გიტევდა ბევრი,

გაუტეხელო ციხეო, დგახარ!

დგახარ და ერის ბურჯადა გსახავთ,

მამაპაპურო ჩვენო ვენახო,

არ მოგეშალოს შრომა და გარჯა,

ვაზთან ღიღინი, არ მოგეშალოს!

 

მეგონა, გიყვარდი!

(სატრფიალო)

 

ღრუბლებად ვიცურე ზეცაში,

ვიწვიმე, ცრემლები დავღვარე

მეგონა, გიყვარდი მზესავით,

მეგონა ვეწიე საწადელს.

დავწანი ყვავილებსტრიქონი,

იებად დაგკდე კისერზე,

მეგონა მოვიგე დიდგორი,

განა ვთანხმდებოდი მცირედზე.

ოღონდაც მომხედე, მითხარი,

თუნდ ერთი სიტყვა სულ წასვლამდის,

თავი რომ მეგონა მდიდარი,

სისხლ მაწვიმს ტკივილად მარაბდის..

 

რომ არ ამმღვრეოდი გუგებში!

მე შენთვის ვუკრავდი როიალზე,

და უცებ ეზოში აცივდა,

შენ რომ გადარებდი მოდილიანს,

პლედიც შემომასხი არც კი და.

თვალებს გაშეშებულს ვატარებდი,

რომ არ ამმღვრეოდი გუგებში,

მხოლოდ სწორუპოვართ გადარებდი,

შენ იყავ ერთადერთი ნუგეში.

მე შენთვის ვუკრავდი როიალზე,

უცებ და, ზეცაც მესხვაფერა,

თუ ვიყავ ნეტავ მგლოვიარე

და შენ  კი ლურჯი ეფემერა.

 

ვაჰმე...

 

ვაჰმე, ასე უცაბედად

რად მიმუხთლე, ავო ბედო,

სხვას თუ ოქრო-ვერცხლი მიეც,

მე სულ ია -ვარდი მერგო,

არც მინდოდა, ვამხელ, მეტი,

სულში სიყვარული ენთო,

გავცქეროდი დაბლა მინდვრებს,

მერცხლებს ამოევსოთ ერდო.

განა გთხოვდი მე კიდევ მეტს,

დავფრინავდი ნიავ-ქარად,

ქნარზე ლაღად დავმღეროდი

ურმულსა და იავნანას,

სად წავიდა სიჩაუქე,

ვეღარ ვებრძვი იმ ავსულებს,

ის რომ მივცე ჩემს სამშობლოს,

ასრე რიგ რომ იმსახურებს.

ზურმუხტი მტერს წაუღია,

ძოწეული, ქარვაც მიაქვს,

გაძარცვულა ქართლის ტევრი,

კვნესა მოაქვს მხოლოდ ნიავს,

დაქცეულა ეზო-კარი,

ვერ იწონებს თავსაც ოდა,

თავს ვიმშვიდებთ და ვიძახით,

,,წინაპარი ჩვენი ცხონდა",

რა ცხონება, ქართველთაგან

დაცლლია ჩვენი მიწა,

შემოგვცქერის თვალზე ცრემლით

ათონი და მწვანე რიწა,

შენ ქართველო, მაგ სხეულით

შენი სამშობლო რომ მიგაქვს,

ნეტავ, როგორ გინდა შეხვდე

ზენაართან ღვთიურ მირქმას.

 

შენ მითხარი!

(სატრფიალო)

 

შენ მითხარი, რომ  დედოფალს ვგავარ,

ვბრწყინავ ისე, როგორც ცვარი ვარდზე,

ლამაზებშიც გამორჩევით სხვა  ვარ,

თუმც დუმილით დარდს გიმატებ დარდზე.

 

შენ ამბობ, რომ  ავაზა ვარ ჭრელი,

წინწკლებს მითვლი, ქათიბს ეფერები...

მატყვევებენ  ეგ თვალები მწველი

და მათ მიღმა გულის ნადებს  ვხვდები.

 

აშკარაა, ცელქი ვნება გვიტევს,

ჩვენს ნაზ ჩურჩულს შორს წაიღებს ქარი,

სიყვარული მთელ  სამყაროს იტევს

და ცხოვრების დასაწყისიც  არი!

 

ესეც პოეზიაა!

 

გარეთ ქარი რომ თამაშობს,

ბავშვებს ჩაეზიარა,

ატრიალებს ბურთს და ანცობს,

ესეც პოეზიაა.

 

ფურისულა გაშლის ფურცლებს,

ზედ პეპელამ იარა,

სკაში დათვი თათებს ურევს,

ესეც პოეზიაა.

 

ვეღარ იტევს ყვავილს ველი,

წინ გაგვიშლის ფიანდაზს,

ყანას მკიან პაპას ცელით,

ესეც პოეზიაა.

 

ვაჟი ქალს აპურებს რწმენით,

ცხვარი მისდევს იალაღს,

რასაც ვერ გამოთქვამ ენით,

ესეც პოეზიაა.

 

ვწევარ ნაპირზე...

 

ვაი თუ ტალღამ გადამრეცხოს, ვწევარ ნაპირზე,

ქაფი აჟურულ მაქმანებად  მედება ტანზე,

ნეტავი ეს ზღვა რომ მღელვარებს, რაღას აპირებს,

ამ ჩემი ხორცის ნაფლეთების დაუყრის საკენკს

თევზებს ოქროსფერთ, ზოგი რუხი არის ან შავი,

არც მენანება, სიმართლე ვთქვა, მე ჩემი თავი,

ოღონდ ამ სულის მღელვარებას ვრცელი გზა მივცე...

ვაი, თუ ტალღამ გადამრეცხოს, ვწევარ ნაპირზე.

 

 

 

No comments:

Post a Comment