წყარო
წყარო ჩემთვის ყოვლთვის რაღაცა სუფთასთან და წმინდასთან ასოცირდება და ალბათ თქვენთვისაც ესეა. ბავშვობაში ხშირად მიძებნია წყარო კლდეებში სხვა ბავშვებთან ერთად, ხან მარტოსაც. მინდოდა წყაროს აღმომჩენი ვყოფილიყავი, ხშირად მიოცნებია პატარას, როგორ დაერქმეოდა მას ,,მაიას წყარო". დიახ, ყველა ადამიანი ოცნენობს, იყოს რამე ახალის, საოცრების, სიწმინდის საწყისი. ისე, არც კაცობიობა განვითარდებოდა. ადამიანები მუდმივად სუფთასა და წმინდას ძიებაში არიან, ბრილიანტიც რომ იყოს, ყველაზე ძვირფასი ქვა დედამიწაზე, თუ მას რაღაცა ხინჯი შეერია, წერტილიც რომ იყოს, მისი ფასი ბევრად იკლებს. წყარო კლდეებში მოჟონავს, გაივლის ათას ქვას, დიდსა თუ პატარას, ქვიშას, მიწა მას ჩვენ გვჩუქნის, რომ ჩავიგემრიელოთ პირი, ჯანმრთელობა გავიმაგროთ. რა ჯობია ზაფხულში გრილ ნიავსა და წყაროს ცივ წყალს.
არაჩვეულებრივი ხის სახლი გვქონდა იმერეთში, ჩხარში. იქვე ისტორიული წყარო. რომელიც რამდენიმე საუკუნის წინ იქნა აშენებული. როგორი სიხარულით, ბავშვური აღტკინებით ვეწაფებოდი. მომწონდა, როცა წყალში მობანავე ბეღურებს ვუყურებდი, მომწონდა, მზის სხივები როგორ დასთამაშებდნენ წყლის ჩქერალებს და ათასგვარ ფერებად ტყდებოდნენ მის პრიზმებში. რა სიხარულით მივარბენინებდი თიხის დოქს წყაროზე, რომ ამევსო და ეს წყალი ბებია-პაპასთვის მიმეტანა, ისე მივეზიდებოდი, თითქოს უკვდავების წყალი მიმქონდა მათთვის.
ქუჩის ბოლოს ერთი მოხუცებული ცხოვრობდა, ვარიჩკა ბებია. ხშირად ვსტუმრობდი. მეტყოდა, წყალი მომიტანეო. არ დავზარდებოდი, ცოტა მიჭირდა, ძალიან პატარა ვიყავი, 5-6 წლისა, მაგრამ მახსოვს რა გულმოდგინედ მიმქონდა აღმართში დოქით წყალი. სონია ბებია ბაბუას ეტყოდა, სულ ავადაა ვარიჩკა, მაგრამ აგერ ასს მიუკაკუნებს მალეო. მეც მეგონა, ჩემი მიტანილი წყალი უმატებდა წლებს.
წყაროსავითაა ადამიანიც, როცა იბადება. სუფთა და შეურყვნელი. მაგრამ როდესაც ცხოვრების დიდ მდინარეს შეერევა, მის ავ-კარგს გაიგებს, ერთსაც დააგემოვნებს და მეორესაც, - იცვლება. ის სიკამკამე და სიწმინდე გულისა სადღაც ქრება. მხოლოდ ერთეულები ინარჩუნებენ წყაროს ბუნებას, ჯანმრთელობა შესძინონ სხვა ადამიანებს, დაუამონ ტკივილები სულის და ხორცის. გისურვებთ, ასეთები ყოფილიყავით ყველანი. გახსოვდეთ, წყაროს თუ ტალახი შეერია, ის წყარო აღარაა და ვერ იქნება ვერაფერი კარგის სათავე, ვერც სიყვარულის, ვერც ცოდნის, ვერც ადამიანობის.
ჩხარის ისტორიული წყარო, რომელიც რამდენიმე წლის წინ მოვინახულე
მაია დიაკონიძე
4.10.2023 წელი
No comments:
Post a Comment