შემოდგომა
ნაამაგარ შემოდგომას
განა რამე სჯობია,
ხან ტიტების ფერი მოაქვს,
ხანაც მელანქოლია,
ყვითელ ფოთლებს აშრიალებს,
ბუმბულების წონიანს,
მკერდზე მძივად ჩამომკიდებს,
მარჯნის, ქარვის ფოლიანტს.
შუბლი უკვე დაეცვარათ
მთებს ნისლებში შეხიზნულთ,
ქარი ველზე დასეირნობს,
პოემას წერს ეპიკურს,
სულში, გულში სისხლი ჩადგა
ყურძნის წვენთან ნარევი,
გამახსენდა პაპაჩემი,
სახენაიარევი.
ჩამოუვლის თითქოს ახლა
ვაზს ოქროსფერს, ჯიშიანს,
მისი ხელით დანაწური
ღვინო ძარღვში მისხია,
და ჩქრიალებს, როგორც მტკვარი,
როგორც თერგი, არაგვი,
დასვენებას, გვერდზე წოლას
განა ვინმეს დააცლის?!
და რუდუნით ჩავცქერივარ
მიწას მრავალჭირნახულს,
ისტორიას ვწერთ და ვწერდით,
ნანახსა თუ არნახულს.
ვადღეგრძელოთ ყველამ ერთად
ქართლ-იმერეთ-კახეთი,
ბრწყინავს რაჭა, ბრწინავს ტაო,
ბრწყინავს სამარგალეთი.
======================
მინდა, მოვირგო როლი პოეტის!
მინდა მოვირგო როლი პოეტის,
ვეღარ ჩავჯექი ვერც ერთ ჩარჩოში,
ლექსებს ჩავცქერი დიდი ლორნეტით,
ხან ტიციანის ლექსმა განმსჭვალა,
დიდმა ტკივილმა გააპო გული,
ბოლო მომიღო ყინვის სამსჭვალმა,
შორს დარჩა ლილე და გაზაფხული.
ხან დამცინოდა ბედი გრანელის,
ნახევრადშიშველს დამატარებდა,
ვნატრობდი ლოგინს თბილი ფანელის,
ცხოვრება მაინც მასაფლავებდა.
გალაქტიონის დამჩემდა სევდა,
გავითავისე იმისი დარდი,
ჩემს მოგონებებს ჩრდილივით სდევდა,
,,ცის სილაჟვარდე "... ,,სილაში ვარდი" .
და მაინც მინდა, ვიყო პოეტი,
თუნდაც ვეწამო, როგორც მესია,
ამქვეყნიური მიეთ-მოეთი,
სტიქიასავით შემომესია.
მაია დიაკონიძე
29.08.2023 წელი
მხოლოდ შენ ერთმა!
ნატვრის თვალი ხარ და არ ვიცი,
მაღალმა ღმერთმა,
როგორ და რისთვის შემახვედრა
მე შენი თავი,
ჩემი დაპყრობა მოახერხე
მხოლოდ შენ ერთმა,
მხოლოდ შენ ერთმა გამადევნე
ოცნების თვალი.
მხოლოდ შენ ერთმა მომამადლე
იმედის სითბო,
გაიზიარე ჩემი სიტკბო,
ჩაშაქრდი ვაზში,
შენი გულია, გაყინულ გულს
მარად რომ მითბობს,
სამშობლოვ ჩემო, გადღეგრძელებ
ამ ღვინით ასგზის!
ნატვრის თვალი ხარ და არ ვიცი,
მაღალმა ღმერთმა,
როგორ და რისთვის შემახვედრა
მე შენი თავი,
ჩემი დაპყრობა მოახერხე
მხოლოდ შენ ერთმა,
მხოლოდ შენ ერთმა გამადევნე
ოცნების თვალი.
მხოლოდ შენ ერთმა მომამადლე
იმედის სითბო,
გაიზიარე ჩემი სიტკბო,
ჩაშაქრდი ვაზში,
შენი გულია, გაყინულ გულს
მარად რომ მითბობს,
სამშობლოვ ჩემო, გადღეგრძელებ
ამ ღვინით ასგზის!
სიტყვა
თუკი მდუღარე არ გადაგდის,
როცა მიყურებ,
ცეცხლი და ჩაქრა,
შენს თვალებს ვუმზერ, ვით სურაზე
მბრწყინავ ჭიქურებს
და ვარსკვლავების ცად დაკიდულ
მზეების ამქარს.
ვსასოობ იმით, რომ გიყვარვარ,
ხსოვნა მინახავს,
ამ შემოდგომის ლალ-ფოთლებად
დავფრინავთ ქარში,
ასე მგონია, დაკარგული ცაში
სიტყვა ხარ
და როცა ღმერთი მოისურვებს,
მოგისმენ მაშინ.
No comments:
Post a Comment