ჭის პირას ლოდი ეგდო, არც დიდი იყო და არც პატარა, ამიტომ ხელსაც არავის უშლიდა, იყო თავისთვის, ადგილ-ადგილ ხავსი მოჰკიდებოდა. ზოგჯერ რომელიმე ცნობისმოყვარე ხელსაც გადაუსვამდა, ეს ხავსი როგორიაო, ადგილ-ადგილ გადაქექავდნენ კიდეც, ლოდის ნაცრისფერი ზედაპირი გამოჩნდებოდა ხოლმე. მასზე ზოგჯერ ბავშვი ჩამოჯდებოდა, ჭიდან ,,ვედროს" თოკის ქაჩვით დაღლილი. პატარა დაქალები იქვე დადგებოდნენ, მეგობრის გასამხნევებლად წამოსულები, წაიჭორავებდნენ, პატარა ხელებს გაშლიდნენ, ვინ უსმენდათ, მაგრამ მაინც ჩურჩულით ლაპარაკობდნენ, ერთმანეთს ყურში ეუბნებოდნენ სათქმელს, მაგრამ ლოდს მაინც ყველაფერი ესმოდა: ტატოს ლუარა ჰყვარებიაო, - იტყოდა ნიაკო, საიდან იციო, ჰკითხავდნენ სხვანი, - გუშინ მაგის ხელჩანთა რომ მოჰქონდა სკოლიდან, ვერ დაინახეთო? -დავინახეთ, დავინახეთო,- დაუდასტურებდნენ გოგონები. ატყდებოდა ქოთქოთი, სიცილ-კისკისი. აავსებდა თათული თავის ჭურჭელს ჭის წყლით, დაადგებოდნენ შინისკენ გზას. ეს მადლიანი ჭა ერთი მიტოვებული სახლის ეზოში იყო. ალუბლები რომ აყვავდებოდნენ ამ ეზოში, მოლაღურებით გადაივსებოდა ხოლმე, უკვირდა ყველას, რატომ მოფრინავდნენ ეს ფრინველები სწორედ ალუბლების ყვავილობისას. მარტო ჭასთან დაგდებულ ლოდს ახსოვდა ეს ისტორია, მაგრამ აბა, ვის ეტყოდა. ამ მიტოვებულ ეზო-კარში მოყვარული ცოლ-ქმარი ცხოვრობდა.
No comments:
Post a Comment