მახსოვს, ბავშვობაში ბებია წინდებს გვიქსოვდა, გამოკიდებდა ჭრელ-ჭრელებს, ლამაზებს ეზოში თოკზე, ჰაერმა გაუაროსო, 18 წყვილს (18 შვილიშვილი ვყავდით). აბა, რა სჯობდა მათ ყურებას, არაფერი... ვაშლებს შორის იყო თოკი გაბმული, აქეთ წითელ-წითელი ვაშლები იწონებდნენ თავს, აქეთ წინდები. ჩავიცმევდი ბებიას მოქსოვილ წინდას, თვალის ჩინივით ვუფრთხილდებოდი, არ დამეხეს მეთქი, მაგრამ ხან ბარდზე, წამოვდებდი, ხან – ეკალზე, დაიგლიჯებოდა ადგილ-ადგილ, ამოკემსავდა ბებია, ყველაზე ადვილად ქუსლი უცვდებოდა და თითების ადგილი, ამოიყვანდა თვლებს, ამოქსოვდა ისევ იმ ადგილებს, მაგრამ უცვეთელი აბა რაა, დამრჩებოდა დაგლეჯილი წინდები. დღეს ამ წინდებმა საქართველო გამახსენა. ვინმე მეტყვის, სად საქართველო და სად ბებიას წინდაო!!! მაგრამ სწორედაც იმ დარღვეულ, ადგილ-ადგილ ამოგლეჯილ წინდას მაგონებს ჩვენი ქვეყანა, ქუსლებგაცვეთილს, უთითებოს, ადგილ-ადგილ ამორღვეულს ჩვენივე მიწის ეკალ-ბარდითა თუ ვარდისავე ეკლით, ჩვენივე თვისტომის თუ მტრის მიერ დაგლეჯილს, ბედის უკუღმართობით თუ დროის ბორბალში მოყოლილ- დაზიანებულს. და სად არიან იმ 18 წინდის პატრონები, მათი შვილები, შვილიშვილები... მიმოიფანტნენ დედამიწის სხვადასხვა კუთხეში, ზოგი ავსტრიაშია, ზოგი - საფრანგეთში, ზოგი – ყაზახეთში, ღმერთმა ამრავლოს ქართული გენი, სადაც არ უნდა იყოს... მე კი ის დაფლეთილი წინდა მტკივა, ჩემი დაფლეთილი საქართველო, პატრონებიც რომ გაჰქცევია და ბედის ანაბარადაა მიტოვებული...
No comments:
Post a Comment