Thursday, October 27, 2022

კატა მარგო და მისი თავგადასავლები (საბავშვო)

                                                 კატა  მარგო
ერთი ცხრასართულიანი სახლის ერთ-ერთ ბინაში მეშვიდე სართულზე პატარა ფისუნია ცხოვრობდა, სახელად მარგო. მარგო კი  იმიტომ დაარქვეს, რომ გოგო ეგონათ, აბა, პატარა ბიჭმა, სახელად ლევანმა, რა იცოდა, რომ ფისუნია, რომელიც მათ სახლში დაუკითხავად შემობრძანდა თეთრი ბაფთით კისერზე, გაწკრიალებული, მოვლილ-დაბანილი, თეთრი- თეთრი და ქუნქულა, ბიჭი აღმოჩნდებოდა... შერჩა ეს გოგოს სახელი ახალ ბინადარს, ბიჭი კი გახლდათ. თვითონ თავისი სახელი დიდად არ მოსწონდა, გოგოს სახელი რად მქვიაო, მაგრამ თავის მეგობარ ლევანს ხათრს არ უტეხდა, დამარქვა და დამარქვა, ეგრე იყოსო. ხმა რომც ამოეღო, კნავილით აბა ვის რას გააგებინებდა. მას მერე, რაც ლევანთან დასახლდა, ლოგინში მის  ფეხებთან ეძინა, ის რომ მეცადინეობდა, კალთაში ეჯდა, ხანდახან ხელსაც უშლიდა, წამოდი, სწავლას თავი დაანებე,  ვითამაშოთო, თათს ხელზეც მოუთათუნებდა, მაგრამ ბიჭი მეცადინე იყო და უსაქმური ფისოს ანკესზე არ წამოეგებოდა ხოლმე. სადილობისას მარგო ლევანის სკამის ფეხებთან მოიკალათებდა და პირდაფჩენილი ელოდებოდა, მეგობარი თუ კი რამეს უწილადებდა. ამ დროს საჭმელი ნაჭამიც ჰქონდა, მაგრამ იქნებ, ახალ ნუგბარი ჩავიგდო პირშიო, ფიქრობდა. ისევ ერთად არიან, მარგო და ლევანიო, იტყოდნენ სახლში შემოსული მამა და დედა, სტუმარი კი გაკვირდებოდა, აბა მარგოო და ლამაზი ნაწნავებიანი გოგონას ნაცვლად კატა შერჩებოდა ხელში. ეს რა კარგი მეგობარი  შეუძენია თქვენს ბიჭსაო, სიცილით იტყოდა კიდეც.

                                                    გატეხილი ვაზა

   უყვარდა მარგოს კარადების თავზე ძრომიალი, მაგიდაზეც ხშირად ადიოდა, სკამებზეც, პიანინოს თავი კი მისი საყვარელი ადგილი იყო. იქ გრძნობდა თავს ყველაზე კომფორტულად. გადმოსცქეროდა ზევიდან ყველას, მუსიკის მეცადინეობაში გართულ ლევანს კი ზედ თითებზე დაახტებოდა ხოლმე და მუსიკალური ინსტრუმენტიც, კატის სიმძიმით შეწუხებული, განრისხებულ ხმებს გამოსცემდა. არსად აღარ იყო დარჩენილი ჭურჭელი, სილამაზით გამორჩეული ლურჯი ვაზებიც ნამსხვრევებად ქცეულიყვნენ მის ხელში, ბროლის ჭიქებიც, საკმარისი იყო, ვინმეს მაგიდაზე დარჩენოდა და არ შეენახა თავის დროზე ჭურჭელი, რომ ის  მსხვრევისთვის იყო განწირული. უკვირდათ კიდეც ოჯახის წევრებს, რატომ ტეხავდა ასეთი გამეტებით ყველაფერს, ბოლოს დასკვნაც გააკეთეს, ალბათ ძირს დაგდების და მსხვრევის ხმა მოსწონსო. პიანინოს თავზე  ხილის ერთი ძველებური შუშის ვაზა იდგა, ერთი საუკუნის მაინც იქნებოდა, გაშლილი, მოჩუქურთმებულ ფეხით, ერთადერთი ამ ვაზას არასოდეს ეხებოდა, ის კი არა და შიგ მოიკალათებდა ხოლმე, როგორც აკვანში, ერთ დღესაც, არავინ იცის, რატომ, ალბათ იმიტომ, რომ გაიზარდა მარგო, მოხერხებულად ვეღარ აუქცია გვერდი ვაზას და ძირს ჩამოაგდო. შეწუხდნენ ლევანი და მისი უფროსი ძმა ავთო, დედა რას იტყვისო და დაელოდნენ რა მოხდებოდა. დედაც გამოჩნდა, აყვირდა, რა უქნია ამ საძაგელსო, მერე მშვიდად აკრიფა შუშის ნამსხვრევები და სანაგვეში გადაუძახა. კატისთვის გაჯავრება კი აზრადაც არ მოსვლია. აქ კი ვეღარ მოითმინეს ბავშვებმა, ეგ რომ ჩვენ გაგვეკეთებინა, დაგვსჯიდი, ერთი კვირა ტელევიზორს აღარ გვაყურებინებდი, ამას კი არც უჯავრდებიო, მარგო შეშინებული ერთ ადგილას მიკუნჭულიყო, თითქოს გრძნობდა თავის დანაშაულს. დედამ ის იყო, გადაწყვიტა, კატისთვის ცოტა მოეცაცუნებინა ხელი, ბიჭების დასანახად, ვითომ მივტყიპეო, მარგომ თვალები დახუჭა, ალბათ,  დარტყმის მოლოდინში, თითქოს მიხვდა, რაზე ლაპარაკობდნენ გარშემომყოფები. ამის დანახვაზე დედამ ხელი აღარ ახლო, ბიჭებს მიუტრიალდა, ხედავთ, მიხვდა თავის დანაშაულს!, თქვენ ადამიანები ხართ და მეტი გესმით, ეს კი ცხოველია, როგორ უნდა იცოდეს, რომ ვაზის გადმოგდება არ შეიძლებაო. ასე გადარჩა კატა მარგო დასჯას, როცა უკანასკნელი ვაზა შეიწირა სახლში.

                                                ლევანი და მისი მეგობრები

ლევანის მეგობარი გიორგი გვერდზე ბინაში ცხოვრობდა, ლიფტიდან გამოსული ბიჭები ჯერ მარჯვნივ  უნდა წამოსულიყვნენ, მერე პირდაპირ და მერე თითოეული თავის ბინაში შედიოდა, ხელმარჯვნივ გიორგი ცხოვრობდა, ხელმარცნივ - ლევანი. 

No comments:

Post a Comment