Tuesday, October 25, 2022

შაირ-კაფიობა, მაია დიაკონიძე, ირინოლა ტყეშაველი, მზია გუმბერიძე, ლელა პავლიაშვილი, ელგუჯა ციგროშვილი,

 ვისაც შაირ-კაფიობა გიყვართ, გთავაზობთ:

ერთმა კაცმა მომწერა: ქალბატონო, მაიკო, თქვენ ისეთი ხართ ფოტოებში, როგორც სინამდვილეში, თუ იტყუებით, როგორც სხვებიო. ეტყობა ბევრმა ქალმა გაუცრუა იმედი. ჩემს გულში გავიფიქრე: ,,შე ოჯახაშენებულო, ლექსი წაიკითხე, რა ჩემს სილამაზეს დაეძებ მეთქი". ამ ამბავს ჩემი და ირინოლა ტყეშაველის შაირობა მოჰყვა. შეგიძლიათ ჩაერთოთ კიდეც, ვისაც სურვილი გექნებათ
ირინოლა ტყეშაველი
ლამაზი ქალი ყოფილა
იმ საწყალისთვის ჰობია,
ის კი არ იცის ფეისზე,
ქალების ფოტოშოპია,
გადაბერილი ტუჩებით,
რამდენი დაუშოკიათ,
არ იცის, ჩითის კაბაშიც
ზღაპრული როა ,,კონკია?!
მაია დიაკონიძე:
კონკიას ქოშით ეძებენ
და არა ლამაზ ნიღბებით,
ისე არ მოხდეს, რომ შერჩეთ,
დედინაცვალის შვილები.
ირინოლა ტყეშაველი
რამდენი არის ნაღდ ქალში,
დაუნახავი ღირსების,
თვალებში ნაცრის შეყრისა,
კი იქნებიან ღირსები.
მაია დიაკონიძე;
ნაცარსაც კარგად აყრიან,
ჭვარტლით სავსე აქვთ თვალები,
უკვე სავსეა გალია
მაგ შაცდენილი კაცებით.
მკერდ-ფეხებგამოჩენილის
ქებას ერთურთს არ აცლიან,
შოკი კი არა, მაგათთვის
გალია მგონი მადლია.
გაგრძელება:
Mzia GumberiZe
♥️♥️😁🥰
რა ქნან კაცების სენია,
ლამაზი ქალით ხარება,
იმიტომ ყველა კვლავ ეძებს, -
არ ყოფნის თვალს გახარება...
ჭკუა აშინებთ ქალების,
შორიდან შემოგიარა,
არც გამოფენა იხილა,
და არც ლექსები წკრიალა.
მაია დიაკონიძე:
გული მე მწყდება იმაზე,
თვალი ჭამს, თვალი ხეირობს,
გასათხოვარი ქალების
დარდით ზოგ-ზოგი სეირობს.
იმდენ არიან უკვენა,
გაივსო მთელი ქვეყანა,
ერი როგორღა გამრავლდეს,
კაცნი ფეისში სხედანა.
Mzia GumberiZe
Maia Diakonidze
ოჯახის შექმნის შიში აქვთ,
რჩენა უნდაო ბაღანას,
სიზარმაცესა თავისას,
დააბრალებენ ქვეყანას...
კარზე, რომ მოუკაკუნებთ,
სიბერის ქარი დაჰბერავთ,
მერეღა დაფიქრდებიან,
და სინანული გაბერავთ...
სხვისი ქალების ძებნაში,
ამოევსებათ თვალები,
მართლაც და რამდენი
რჩება გაუთხოვარი ქალები...😌
ლელა პავლიაშვილი:
ძალიან ძნელად შეგხვდება
ქალი ჭკვიანიც, ლამაზიც,
მაგრამ თუ მაინც იცანი,
არ არის შენი სადარი..
ჰოდა ზოგ კაცმაც რაღა ქნას,
ეძებს, ძებნისთვის მზად არის,
ეგება გაუმართლდეს და
გაინამდვილოს ზღაპარი..
მაია დიაკონიძე:
დამილოცნია გზა-კვალი,
შემოუვლიათ ფეხადაც,
ჩემი ასაკის ქვაც უკვე
არ შერჩენია ქვეყანას.
ახალგაზრდებში ეძებონ
ჭკვიანი, ალალ-მართალი,
თორემ დრო წარმავალია,
რო გინდა, ისე სად არის..
ლელა პავლიშვილი:
ისე არ არის, მაიკო,
თვითონაც კარგად უწყიან,
რომ არ ერგებათ ნამცეციც,
სადაც მიწა არ ურწყიათ,
თავისი თავის არჩივი
ტყვია ხირიმში უწყვიათ.
ელგუჯა ციგროშვილი
რჩევა კაცებზე
გაბრაზებულ ქალებს .
( ფშაურ კილოზე .)
  1. საქმე ეგრე არა წყდება ,
აქ სხვა ცეცხლის ადის ალი...
კაცებს გვხიბლავს ტუჩის საცხი ,
მოხატული კოხტად თვალი ;
2 . გაჩენიდან მუდამ სხვისთვის
იპრანჭება ყველა ქალი ,
მინდა ერთი რჩევა მოგცეთ
დავადგინოთ სამართალი :
3 . თუ რენდგენის სურათს დადებთ ,
იქნებ ვიცნოთ ჩვენი ძვალი ,
რომ ტყუილად არ გიცქიროთ ,
არ ვიხადოთ სხვისი ვალი .
ელგუჯა ციგროშვილი .
თესალონიკი . 22.10.2022 წელი .
Maia Diakonidze
ელგუჯა ციგროშვილი:
კაცებისგან არა გვწყინს რა,
ხარბი არის კაცის თვალი,
ყველას უნდა გვერდზე ჰყავდეს
ქალი ცეცხლი, ქალი ალი.
ახლა კიდევ რენდგენს გვთხოვენ,
მოგვისინჯონ უნდა ძვალი,
ამ მიზომვა-მოზოვაში,
ხომ დაგვრჩება მათი კვალი.
არა, ყაბულს ჩვენ არა ვართ,
ჩვეული ვართ ერთის ტრფიალს,
სინჯებისთვის მიაკითხეთ
მკერდდაბერილ კარდაშიანს.
მაია დიაკონიძე:
რა თქმა უნდა, გაჩენიდან
სხვას უბრმავებს თვალებს ქალი,
და ამაში ქალს კი არა,
ღმერთს მიუძღვის მგონი ბრალი,
რომ ლამაზი გააჩინა,
უზადოა მისი ფორმა,
ის არ მომწონს ღვთის შექმნილში
რომ შემოაქვთ სხვა რეფორმა.
დაუბერებს ქალებს ტუჩი,
მკერდი, ღაწვი, უკანალი,
მეშინია, ამ ოხრებმა
რომ არ გაჭრან სხვა ,,კანალი".

No comments:

Post a Comment