ძველი რვეულიდან
/როგორც ყოველთვის არც ამ წერილს გამოგიგზავნი,
არცერთი ლოცვა ცამდის არ ადის../
/მირზა/
გამხელასაც რომ ვერა ვბედავდე..
ჩემი ფიქრების უთქმელო დარდო
მომნატრებიხარ ტკივილებამდე..
როგორც ფარვანა კოცონისაკენ
მოვილტვი, ვიცი დამწვავ ალივით ..
ამ მოლოდინში ვქრები, ვილევი
გზააბნეული ნაპერწკალივით..
ღამე შემომრჩა მესაიდუმლედ,
დიდი იმედი, ჩუმი დამხმარე..
მეც შენთან ვარო..შენზე ფიქრობსო,
ენატრებიო, მიღიმის მთვარე..
და მაშინ, როცა ცელქი ღიმილით
შემომანათებს შენი ხატება..
დევგმირულ ძალას ვიგრძნობ სხეულში,
ქვეყანა ჩემად დამესახება..
მზად ვარ შევაკვდე, ყველას ჩვენს შორის,
ვთხოვო სალოცავს ძალა ფხოველთა..
გადარეული არაგვის დარად
მტკვარიც მივლეწო სვეტიცხოველთან..
როგორც ფარვანა კოცონისაკენ
მოვილტვი შენსკენ, თუმც მწვავ ალივით..
ცოტაც და ალბათ მართლა ვიფეთქებ
დენთს მიდებული ნაპერწკალივით..
p.s.
,, როგორც ყოველთვის,არც ამ წერილს გამოგიგზავნი,
არცერთი ლოცვა ცამდის არ ადის"..
მე სიყვარულის ტაძარს ვქურუმობ,
მსხვერპლად ვეწირვი აწ და მარადის..
გელა ციგროშვილი
სავარაუდოდ 1983 ან 84 წელი..უთარიღოა.
ცნობისმოყვარეებისთვის..ადრესატს ალბათ უკვე შვილიშვილები ყავს.
ზუსტი ინფორმაცია არ გამაჩნია,მაგრამ გამოგიტყდებით რომ თქვენზე მეტად მაინტერესებს.
No comments:
Post a Comment