Sunday, October 30, 2022

ჩვენ და კატები (ჩანახატი)

 

ჩვენ და კატები

დღეს არც მეტი და არც ნაკლები, კატებზე მინდა გელაპარაკოთ. ზოგი მეტყვის, რა დროს კატებიაო, ზოგს არც უყვარს ცხოველები და ერიდება მათთან კონტაქტს, მათიც მესმის, ზოგს არ უყვარს და მათთდამი სასტიკ მოპყრობასაც არ თაკილობს. ზოგს უყვარს და ყველანაირად ამჟღავნებს მათ მიმართ სითბოს, ეხმარება. ჩვენს სადარბაზოში შავმა კატამ ხუთი კნუტი დაყარა, კორპუსის სხვენში და სანამ უკვე გაზრდილები არ ჩამოატარა კიბე-კიბე, არაფერი ვიცოდით მათ შესახებ. რომ დავინახეთ ეს საყვარელი არსებები, ზოგისთვის ალბათ საძულველი, გვეცოდებოდა, ზემო სამი სართულის მაცხოვრებლები ვაჭმევდით და ვუმასპინძლდებოდით. წამოიზარდნენ. ერთი ჭრელი კნუტი ადრევე გაქრა, სავარაუდოდ ვიღაცამ წაიყვანა, დარჩა ოთხი, სამი ძალიან ველურია, არ გვეკარებიან, ერთი კი ადამიანებთან გაშინაურებულია, ხელის კატაა, განსხვავებული სხვებისგან. არ გვცილდება, ხან რომელ სახლში შევა, ხან რომელ, მაგრამ ის ხომ არ იცის, რომ ზოგს არ უყვარს კატები. ამას წინათ დაიკარგა, საიდანღაც კნავილის ხმა გვესმოდა, მაგრამ საიდან, ვერ ვიგებდით. ზემო სართულებზე ვეძებეთ, გავაღებინე მეზობლებს საკუჭნაოები, არსად არ იყო. საღამოს უკვე განწირული კნავილი რომ შემოგვესმა, ქვევით წავედით მე და სოფო, თურმე მეხუთე სართულის მეზობლის საკუჭნაოში იყო შეპარული. გავაღებინეთ კარი, ოცლარიანი ძაღლის საჭმელი შემიჭამაო, აკივლდა მეზობელი, მოცოცხა ნაცარამ, ასე ეძახის ჩვენი კორპუსის რაჭველი მეზობელი, მართლაც ნაცრისფერი კურდღლის ფერია. ბევრი ვიცინეთ, ეს უკვე მესამე შემთხვევა იყო, რომ ტყვეობიდან დავიხსენით. კატას თვალები გადიდებული ჰქონდა ნერვიულობისგან, ბნელ საკუჭნაოში იჯდა ორი დღე, მაგრამ ძაღლის ,,კორმის" შეჭმა კი მოუხერხებია. უყვარს ჩვენთან შემოსვლა და საწოლებზე ნებივრობა. არ შემიძლია კარები არ გავუღო და წიხლით გავაგდო პარტარა არსება, რომელსაც ადამიანების სითბო სჭირდება. კიდევ კარგი, ჩემს ოჯახში კატები ყველას უყვარს. გუშინ დილიდან მისი ხმა - კნავილი ზემო სართულიდან გვესმოდა, იქ შესვლა უყვარს ხოლმე. მთელი დღე არ გამოჩენილა. ვიფიქრეთ, იქნებ ვინმემ მადლი მოისხა და წაიყვანა, მაგრამ ღამით მისი განწირული ხმა უკვე აივნიდან შემოგვესმა. საშინლად ჩხაოდა. მივხვდით, რომ მარტო იყო სახლში, ფანჯრებიდან შუქიც არ გამოდიოდა. ჩვენი ხმა რომ გაიგონა, დაველაპარაკეთ, უარესად აყვირდა, ხმა უკვე ჩავარდნილი ჰქონდა ამდენი კნავილისგან. დავურეკე მეზობელს. სოფელში წავედი დღეს დილითო. სავარაუდოდ, მაშინ შევიდა მის ბინაში. ვინერვიულეთ, ჩვენი აივნიდან საჭმელიც შევუყარეთ, მაგრამ ზევით როგორ ავძვრებოდით, რომ გაგვეთავისუფლებინა პატიმრობიდან. ხვალ შუადღეს ჩამოვალ, მანამდე გაძლებსო, დაგვაიმედა. რამდენიმე საათის შემდეგ, საღამოს მაღაზიაში მივრბოდი, წყლის საყიდლად, ლამის სამი დღეა წყალი არ გვაქვს, რომ დავინახე კიბეებზე ჩამოდის,. თურმე მეზობელს თავისი დიშვილისთვის დაურეკია, ის მოსულა, იმას გაუთავისუფლებია, შემოვარდა ჩვენთან სახლში. საშინლად უცემდა გული. და რაც დავინახე, პირველ რიგში, გაოცებული დავრჩი. ეს ჩვენ ნაცრისფერი კატა გაჭაღარავებულიყო. ნაწილ-ნაწილ თეთრი ბეწვებით დაიფარა. კატას თუ ასე მოუვიდა, წარმომიდგენია, ადამიანისთვის რა ძნელი გადასატანია ბევრი პრობლემა. ღმერთმა ბედნიერად გამყოფოთ ადამიანებო, მოეფერეთ ცხოველებს, ბევრი შემთხვევაც ვიცი, რომ მათ გადაურჩენიათ ადამიანები!

შეიძლება იყოს 2 ადამიანი, კატა და შენობაში-(ი)ს გამოსახულება
Sofio Chelidze, ელგუჯა ციგროშვილი და 70 სხვა
52 კომენტარი
1 გაზიარება
მომწონს
კომენტარის დატოვება
გაზიარება

No comments:

Post a Comment