შემთხვევა იორზე (მოთხრობა)
გიორგიმ ღამით კარგად ვერ დაიძინა, ყოველთვის ასე ემართებოდა, სათევზაოდ რომ მიდიოდა. გული უფანცქალებდა ხოლმე, სულ პატარა პაპას დაჰყავდა იორზე, მერე მამას, ახლა წამოიზარდა, 13 წლისაა და სხვა თანატოლ ბიჭებთან ერთად მიდის ხოლმე, მაგრამ გული ისევ ისე უფანცქალებს, როგორც პატარაობისას. ხვალ მარტო უნდა წავიდეს, ყველამ უარი თქვა, სხვადასხვა საქმეები გამოუჩნდათ, არდადეგებია, ზოგი ბებო-პაპასთანაა წასული მეზობელ სოფლებში. იმ ღამით თავკომბალები ესიზმრა ბიჭს, მხიარულად დაცურავდნენ წყალში, გაღვიძებისას გაუკვირდა, ვერაფერს დაუკავშირა, სათევზაოდ მივდივარ და თავკომბალები რამ დამასიზმრაო. წარმოიდგინა, კამკამა წყალში მოცურავე ოქროსფერი თევზები, კუდს რომ ლაზათიანად გაიქნევ-გამოიქნევენ, ბევრჯერ უცდია მათი დაჭერა, მაგრამ ყოველთვის უსხლტებოდნენ ხელიდან, ბოლოს სლიპინა კუდი შერჩებოდა, ისიც გაუძვრებოდა ბოლოს თითებიდან... მერე წყლის ნაპირზე გუბეში მოცურავე თავკომბალებიც წარმოესახა თვალწინ, მოშავო ფერისანი, ვერაფერი სილამაზე ვერ იპოვა მათში და სახე ოდნავ მომანჭა, მაგრამ უცებვე ბედნიერმა ღიმილმა გადაუარა. დღეს ბარაქიანი თევზაობის იმედი ჰქონდა.. უყვარდა სათევზაოდ სიარული. ადრიანი დილა იყო. არავინ გაუღვიძებია. ფრთხილად შევიდა სამზარეულოში, ბებია-პაპა და დედ-მამა არ შევაწუხო ჩემი ადრე ადგომითო, ცოტა წაიხემსა, პურის ერთი ნაჭერი ხელში ჩაბღუჯა, ჭამა-ჭამით გამოვიდა გარეთ, თხილის რტოსგან გამოთლილ ანკესს მოჰკიდა ხელი, აივნის კუთხეში მიეყუდებინა ღამით, წინა დღეს ნაგროვები მიწის ჭიებით გავსებული კოლოფი ვედროში ჩადო, ვედრო თხილის ანკესზე წამოაცვა, მხარზე გადაიდო, აივნის კიბეებზე ფრთხილად დაეშვა და ასკინკილით გაუდგა გზას.
ივრის პირს მალე მიაღწია, გზად ჭალა ჰქონდა გასავლელი, იქით ხის ტოტებს შეხედა, ზედ ფოთლებზე ლოკოკინების კვალი დამჩნეოდათ, თეთრი ფიფქივით, პატარა ლოკოკინებისა, აქეთ-იქიდან მწერებმაც აუბზუილ-ჩამოუბზუილეს ბიჭს, ლამაზმა ფრთახატულა პეპლებმაც ჩაუფრინეს თვალწინ, თვალიც გააყოლა, აბა, სად დასხდებიანო, ერთი იქვე ლამაზ ყვავილზე ჩამოსკუპდა, თითქოს ბიჭს ეუბნებოდა, მოდი, შემომხედე, რა კოხტა ვარო. გიორგიც ახლოს მივიდა, დააცქერდა, მისი ფრთების მოხატულობას დააკვირდა, თეთრი ჰქონდა მოყვითალო ლაქებით, ის იყო ხელი უნდა ეტაცა, რომ პეპელა აფრინდა, ცხვირწინ ჩაუქროლა და შორეული მინდვრისკენ აიღო გეზი. ბიჭმაც თვალი გააყოლა, ერთი კი გაიფიქრა, გავეკიდებიო, მაგრამ გაახსენდა, რომ სულ სხვა რამისთვის იყო წამოსული და გზა განაგრძო.
ნაპირ-ნაპირ მიჰყვებოდა იორს, რომელიც წყლის სიმცირის გამო ადგილ-ადგილ დატოტვილიყო, ხმელეთი მოჩანდა, ბიჭი ოსტატურად გადარბოდა ქვიდან ქვაზე, ხმელეთიდან ხმელეთზე, ცდილობდა წყალში არ ჩავარდნოდა ფეხი, ფეხსაცმელი არ დასველებოდა, თევზაობას ხომ დიდი დრო და მოთმინება სჭირდებოდა, სველი წინდებით კი დიდხანს ვერ გაძლებდა. ის იყო წყლიანი ნაწილისთვის უნდა გადაეფრინა, რომ ქვევით გველი დაინახა, საყურეებიანი, საოცრება იყო, ტანი ახალამოსულ მზეზე უბრწყინავდა და ულაპლაპებდა, საყურეები კიდევ უფრო მეტად ბრჭყვინავდა, ოქროსი გეგონებოდა. უკვე მიწაზე ჩამოქვეითებული დააკვირდა გველს, პირი ბაყაყის ფეხისთვის ჩაეჭიდა, ფართხალებდა ბაყაყი, თათების ნაკაწრები რჩებოდა შლამზე, ყველანაირი ძალებით ცდილობდა გველს დასხლტომოდა პირიდან, შიშის ჟრუანტელმა დაუარა ბიჭს ტანში, ყველაფერი გაახსენდა, რაც გველის ბოროტებასთან იყო დაკავშირებული, ისიც კი, რომ მის გამო გამოაგდეს ადამ და ევა სამოთხიდან, ათასჯერ წაუკითხავს ბიბლიაში, ბებიას ხათრით, ისიც გაახსენდა, რამდენი ადამიანი დაუგესლავს და მოუკლავს ამ საშიშ არსებას, იცოდა, სანამ ფართხალს და წინააღმდეგობას არ შეწყვეტდა ბაყაყი, მანამდე ასე ტყვეობაში ეყოლებოდა, მერე კი შეჭამდა. ბაყაყი შეეცოდა, დაძლია შიში, მოუქნია თხილის წკნელისგან გაკეთებული ანკესი გველს, იცოდა წელში უნდა ჩაერტყა, რომ მოეკლა, მოკვლით ვერ მოკლა, მაგრამ გველმა მსხვერპლს პირი უშვა და წყალში შეცურდა, ბაყაყი ხტუნვა-ხტუნვით გაეშურა საითკენღაც, ბიჭს აღარც შეუხედავს, გვარიანად შეშინებული იქაურობას სწრაფად გაეცალა. ამ ამბავმა თევზაობა სულ დაავიწყა და იქვე დეიდას სახლისკენ აიღო გეზი. სახლში დეიდაშვილები დახვდნენ, შეკრიბა მთელი ოჯახი და თავსგადახდენილი ამბავი დიდი გრძნობებითა და ემოციებით მოყვა. ყველა პირდაღებული უსმენდა. ბიჯოს, ეს რა გიქნია, კიდევ კარგი გველმა არ გიკბინაო, გადააქნიეს ბავშვებმა თავები. დეიდას ჩუმ-ჩუმად ეღიმებოდა. ვაჟკაცი ბიჭი მყავხარო, მოუთათუნა ხელი თავზე და ქოჩორი აუწეწა. მას მერე სად არ ყვებოდა ამ ამბავს გიორგი, ყველგან ინტერესით და გაოცებით უსმედნენ.
გამოხდა ხანი. 16-17 წლისა შეიქნა ვაჟი. ერთხელაც დეიდამ დაიბარა, საიდუმლო ელფერი მისცემოდა ოთახს, სადაც დიშვილი შეიყვანა. კედლებს ოქროსფერი დადებოდათ ჩამავალი მზის სხივებქვეშ. ის ძველი ისტორია გაახსენა და უთხრა. შვილო, დროა იცოდე, შენნაირებს ხალხში ,,გველ-ბაყაყის გამყრელს" ეძახიან, მეც შემემთხვა ასეთი ისტორია და მას მერე მშობიარე ქალებთან მეძახიან, ჭიქა წყალს დავალევინებ და მშობიარობის ტკივილები ეხსნებათ, ადვილად მშობიარობენო. შენ კაცი ხარ და შენი ჯადო–ძალები კიდევ უფრო დიდიაო. გაოცდა გიორგი. ხან ასე ატრიალა დეიდას ნათქვამი, ხან ისე, ნეტავ, რასთან უნდა იყოს დაკავშირებული ეს გადმოცემა თუ თქმულებაო. ღმერთმა ხომ ქალი იმიტომ დასაჯა, რომ გველის რჩევით აკრძალული ნაყოფი იგემა, უთხრა, ტკივილებში ბადებდე შენს ძესო, ახლა კი ადამიანისგან ბაყაყის გადარჩენისთვის წყალი იძენს მაგიურ ძალას, რომ ქალმა ადვილად იმშობიაროს და ტკივილებისგან გათავისუფლდესო?! ისიც გაახსენდა, იმ დღეს, სანამ ეს ამბავი მოხდებოდა, წყალში მოცურავე თავკომბალები ნახა სიზმარში, გაიფიქრა, წყალი ხომ საწყისია სიცოცხლისა, განახლების, აღორძინებისა და ბაყაყის და ადამიანის ჩანასახიც ერთმანეთს ძალიან ჰგავს, იქნებ ამაშია ამ ამბის საიდუმლოო, ბევრი ფიქრისგან აზრები ერთმანეთში აერია, საბოლოო დასკვნაც ვერ გააკეთა. ეს თქვა მხოლოდ, ვცდი, ჩემგან რა მიდისო და პირველად თავისი მეგობრის მშობიარე ცოლს მიაწოდა წყალი. ეს ამბავი კი ასე იყო.
მზია და ალეკო სულ ახალგაზრდები დაქორწინდნენ. გიორგი მეჯვარედ მიიწვიეს. სულ დოლ-გარმონითა და ზურნა-დუდუკის თანხლებით გაიმართა ქორწილი. მეგობრის ცოლი მალე დაფეხმძიმდა კიდეც. მუცლის ტკივილებმა რომ მოუარეს, სამშობიაროში გააქანეს. გიორგი რომ მივიდა, ალეკოს და მზიას ნათესავები სამშობიაროს ეზოში შეკრებილიყვნენ, სხვა მელოგინეთა ახლობლებიც იქვე ჯგუფებად ჩამომდგარიყვნენ, ზოგიერთები ხანდახან ერთმანეთს გადაულაპარაკებდნენ, ლოდინის სიმძიმე რომ შეემსუბუქებინათ, თქვენმა რა ქნაო, პასუხი ხან დადებითი იყო, ხან უარყოფითი. ზოგი იტყოდა, ბიჭი შეგვეძინაო, ზოგიც - გოგოო, იწყებოდა მილოცვები, ნაცნობი იყო თუ უცნობი, აბა, რა მნიშვნელობა ჰქონდა?! ახალი სიცოცხლე იბადებოდა. სიხარულიც საერთო იყო და მწუხარებაც. ალეკო ყველაზე მეტს ნერვიულობდა, ცოლის კივილს კარგად არჩევდა სხვა ქალების ხმაში. მიხვდა გიორგი, თავისი ძალა, თუ კი ჰქონდა, ახლა უნდა გამოეყენებინა, ჩუმად უჩურჩულა მეგობარს, ხომ გახსოვს, გველისა და ბაყაყის გაყრის ისტორია, მე რომ გადამხდა, ერთ ჭიქა წყალს დავალევინებ შენს ცოლს და ადვილი მშობიარობა ექნებაო. ცდა ბედის მონახევრეაო. დაეთანხმა ალეკო. სამშობიაროში კაცებს აბა ვინ შეუშვებდა?! დაირბინეს ახლომახლო სახლები, კიბე მოიტანეს, მიადგეს სამშობიაროს მეორე სართულის ფანჯარას, საიდანაც მზია პერიოდულად თავს გამოჰყოფდა ხოლმე და ქმარს შველას სთხოვდა. აძვრა კიბეზე გიორგი, ქვევიდან იმედით სავსე ალეკო შესცქეროდა, მიაწოდა ჭიქა წყალი ქალს, დალიე, ნახე, ისეთი წყალი მოგიტანე, ადვილი მშობიარობა გექნებაო. სვამდა წყალს მზია და გიორგი გრძნობდა, როგორი ძალა გადადიოდა წყლიდან ქალის სხეულში, ტკივილებისგან ხსნისა, ახალი სიცოცხლეც სულ სხვანაირად შეინძრა მუცელში, თითქოს მასაც ძალები მომატებოდა, სიკეთე გადადიოდა ხელიდან ხელში, წყალიდან - წყალში. სიკეთე, რომ ცოცხალი არსება სიკვდილისგან იხსნეს, და რომ წყალი, რომელშიც პატარა მოძრაობს მუცელში და წყალი, რომელშიც თავკომბალა დაცურავს, ერთია, ისაა საწყისი სიცოცხლისა, დაბადებისა. მზიას ცოტა ხანში ტკივილები სრულიად გაუქრა, მალე, ბიჭიაო, დაიძახეს. მეორედ ძმის - ნიაზის ცოლს დაეხმარა. შეწუხებული დახვდა სამშობიაროსთან ძმა, ბავშვი ფეხებით მოდის და არ ვიცი, რა მოხდებაო. დაალევინა გიორგიმ ჭიქა წყალი ირმას. შორს წასული არ იყო, რომ ხედავს ძმის სიმამრმა გვერდზე ჩაუფრინა, გამოეკიდა, რა ხდება, სად გარბიხარ კაცოო. ბიჭი გაგვიჩნდა, შენ რომ წყალი დაალევინე ჩემს გოგოს, ბავშვი შემოტრიალდა და თავით წამოვიდა, გადარჩა საკეისროს ირმა. შენ გაგახაროს ღმერთმა, ისე ვარ გადარეული, შე კაცო, ვეღარც გიცანი. ახლა ბაზარში სამწვადეს ასაღებად გავრბივარ, სუფრაზე გელოდებითო. გახარებული კაცი გიორგის მხარზე უტყაპუნებდა ხელებს და ეხვეოდა. ახალგაზრდას სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.
მას მერე, ხშირად იხმობდნენ და იხმობენ გიორგის მშობიარე ქალებთან, ,,გველ-ბაყაყის გამყრელო", დაგვეხმარეო, ლოცავდნენ ქალები ახალგაზრდას, ლოცავენ ახლა უკვე კაცს, გაიხარე, მარტო მაგისთვის მიგიღებს ღმერთი სამოთხეში, ჩვენ რომ გვშველიო. კაცი კი დღესაც ყოყმანით იქნევს თავს, მე კი არა, ღმერთი გშველით, მე რა შუაში ვარო. გულში კი კმაყოფილია, რომ ახალი სიცოცხლის დაბადებას უწყობს, ხელს, ორმოცდაათი პატარის ქვეყნად მოვლინებაც ხომ მისი ჯადო-ძალის გამოყენებით ანუ ღვთის შემწეობით ხდებოდა. ,,გველ-ბაყაყის გამყრელო", ეძახის ახლა პატარა შვილიშვილი. გიორგი კი გულიანად იცინის : შე მამაძაღლო, წადი, გამშორდიო", ეუბნება ბავშვს და წიგნებს ჩაჰკირკიტებს, უნდა ცხოვრების კიდევ ბევრი ამოუხსნელი საიდუმლო შეისწავლოს და ამოსახსნელი ამოხსნას.
No comments:
Post a Comment