Monday, October 31, 2022

გადავარჩინო უნდა (ძველი სახლი)

გადავარჩინო უნდა
მე ძველი სახლის მზერით ვივსები,ვით ჯაზის ხმაზე, მელომანივითშიგ დაბუდებულ ვეძებ სიცოცხლეს, –გასამართლებლად მქონდეს ალიბი.
ჯერ კიდევ სახლი არ წაქცეულა,ბოძებს გაუდით ცასთან აშიკი,თუმცა დამგარა ბაღში ეულად,მსხალი, – ქარვა და ლალი მაშრიყის.
სკამებს მიწოლილს თოვლის სიმძიმით,გადაფარვია ყვითლი ტილო,და მოყოლილი ქვებს შორის ღობე,გამოხსნას რკინის ლურმნებით ცდილობს.
ჩემი ხართ, ჩემი, იქნებით მერეც,ასი წელიც რომ გავიდეს თუნდაც,მოვიხედავ და ვგრძობ ჩემი ხელით,გადავარჩინო ეს სახლი უნდა.
თუმცა არ ვიცი, ვისია, რაა,რად დავუყევი ამ გზას და ქუჩას,ის მახსოვს მხოლოდ, რომ ბავშვობაში,სახლის ბაღიდან მესროლეს გუნდა.მაია დიაკონიძე31.10.2022 წელი

.



ბრუნავს კიდევ დედამიწა?!

ეჰ, რამდენი ტკბილი სული 
შეიწირა ამ ცხოვრებამ,
ნავარდობდა ზღაპრებში 
და ერთობოდა ოჩოკოჩით,
ნეტავ კიდევ, ჰე, უფალო, 
წყეულ რიგში რამდენია,
აღარ დაგვრჩა ცენტრალური 
თუ გარეთა ნერვის მორჩი.
ლუკმა-პურზე დავგეშილვართ,
ფიქრის აღარ გვრჩება ხანი,
ვინ ამოხსნას საიდუმლო,
ამ ცხოვრების ანი, ბანი,
მსახიობთა ნიღაბში თუ
რჩეულების სუპერ-რანგში,
მივდგომივართ უსულობის,
უღმერთობის ფართო ნაპირს.
ბრუნავს ნეტავ დედამიწა?!
ზეიმობს და ხარობს ხორცი,
რა გვექნება მეხთამრიდად,
თუ დავკარგეთ ძალა ლოცვის
და მომავლებს გადავეცით 
სიბეცე და სულის ჭია,
ვის უკვირდეს, თუ ვიკითხავ,
ბრუნავს კიდევ დედამიწა?!




Sunday, October 30, 2022

ეჰ, ცაო ჩემო!

ეჰ, ცაო, ჩემო!

ეჰ, ცაო ჩემო, დანისლულხარ შავი ღრუბლებით,
საწვიმარს ვისხამ სათუთ მხრებზე, რომ არ დავსველდე,
მაგრამ გულში რომ საშინელი მოდის წვიმები,
ის არის, რაც სულს ანადგურებს, თვალის ხავერდებს.
ჭურჭელი ჩემი, უზადო და ზღვა საწყაული,
აუვსებელი დარდებით და ნაღველ-ფიქრებით,
სიკეთისათვის თუ მოდინდა ეს საზღაური,
მაშ, როგორც ვიყავ მარტოსული, ისევ ვიქნები.
და, ღმერთო ჩემო, მიწილადე ადგილი სადმე,,
ვფურჩქნო ვენახი, გასამარგლად მომეცი ყანა,
და თუ ცხოვრება, რაც კი დამრჩა, არ მარგებს არც მე,
განა ჩემთვის კი არ შექმენი ესე ქვეყანა?!
მაია დიაკონიძე
30.10.2022წელი

დამჭკნარი ვარდები (ჩანახატი)

 დღეს დამჭნარი ვარდების თაიგულის გადაყრას ვაპირებდი და გამახსენდა, ბებია ყოველთვის ინახავდა ვარდის ფურცლებს, ვარდის წყალს ამზადებდა და იმით სახეს იბანდა. ჩინელები ამ სილამაზით ჩაის ამზადებენ. ხელი აღარ მომიბრუნდა გადასაყრელად, ფურცლებად დავაცალცალკევე და გასაშრობად დავდე, იქნებ რამეში გამომადგეს. დამჭკნარსაც კი საოცარი სურნელი აქვს. ქალებო, გამოიყენეთ თქვენს ხელთ არსებული საშუალებები სილამაზის შესანარჩუნებლად, იყავით სულით და სხეულით ლამაზები. სულიერი სილამაზე ადამიანებს ბედნიერს ხდის. ანათებდეთ, როგორც ვარდები ახალამოსულუ მზის სხივებში. წარმატებები, ძვირფასებო!

ჩვენ და კატები (ჩანახატი)

 

ჩვენ და კატები

დღეს არც მეტი და არც ნაკლები, კატებზე მინდა გელაპარაკოთ. ზოგი მეტყვის, რა დროს კატებიაო, ზოგს არც უყვარს ცხოველები და ერიდება მათთან კონტაქტს, მათიც მესმის, ზოგს არ უყვარს და მათთდამი სასტიკ მოპყრობასაც არ თაკილობს. ზოგს უყვარს და ყველანაირად ამჟღავნებს მათ მიმართ სითბოს, ეხმარება. ჩვენს სადარბაზოში შავმა კატამ ხუთი კნუტი დაყარა, კორპუსის სხვენში და სანამ უკვე გაზრდილები არ ჩამოატარა კიბე-კიბე, არაფერი ვიცოდით მათ შესახებ. რომ დავინახეთ ეს საყვარელი არსებები, ზოგისთვის ალბათ საძულველი, გვეცოდებოდა, ზემო სამი სართულის მაცხოვრებლები ვაჭმევდით და ვუმასპინძლდებოდით. წამოიზარდნენ. ერთი ჭრელი კნუტი ადრევე გაქრა, სავარაუდოდ ვიღაცამ წაიყვანა, დარჩა ოთხი, სამი ძალიან ველურია, არ გვეკარებიან, ერთი კი ადამიანებთან გაშინაურებულია, ხელის კატაა, განსხვავებული სხვებისგან. არ გვცილდება, ხან რომელ სახლში შევა, ხან რომელ, მაგრამ ის ხომ არ იცის, რომ ზოგს არ უყვარს კატები. ამას წინათ დაიკარგა, საიდანღაც კნავილის ხმა გვესმოდა, მაგრამ საიდან, ვერ ვიგებდით. ზემო სართულებზე ვეძებეთ, გავაღებინე მეზობლებს საკუჭნაოები, არსად არ იყო. საღამოს უკვე განწირული კნავილი რომ შემოგვესმა, ქვევით წავედით მე და სოფო, თურმე მეხუთე სართულის მეზობლის საკუჭნაოში იყო შეპარული. გავაღებინეთ კარი, ოცლარიანი ძაღლის საჭმელი შემიჭამაო, აკივლდა მეზობელი, მოცოცხა ნაცარამ, ასე ეძახის ჩვენი კორპუსის რაჭველი მეზობელი, მართლაც ნაცრისფერი კურდღლის ფერია. ბევრი ვიცინეთ, ეს უკვე მესამე შემთხვევა იყო, რომ ტყვეობიდან დავიხსენით. კატას თვალები გადიდებული ჰქონდა ნერვიულობისგან, ბნელ საკუჭნაოში იჯდა ორი დღე, მაგრამ ძაღლის ,,კორმის" შეჭმა კი მოუხერხებია. უყვარს ჩვენთან შემოსვლა და საწოლებზე ნებივრობა. არ შემიძლია კარები არ გავუღო და წიხლით გავაგდო პარტარა არსება, რომელსაც ადამიანების სითბო სჭირდება. კიდევ კარგი, ჩემს ოჯახში კატები ყველას უყვარს. გუშინ დილიდან მისი ხმა - კნავილი ზემო სართულიდან გვესმოდა, იქ შესვლა უყვარს ხოლმე. მთელი დღე არ გამოჩენილა. ვიფიქრეთ, იქნებ ვინმემ მადლი მოისხა და წაიყვანა, მაგრამ ღამით მისი განწირული ხმა უკვე აივნიდან შემოგვესმა. საშინლად ჩხაოდა. მივხვდით, რომ მარტო იყო სახლში, ფანჯრებიდან შუქიც არ გამოდიოდა. ჩვენი ხმა რომ გაიგონა, დაველაპარაკეთ, უარესად აყვირდა, ხმა უკვე ჩავარდნილი ჰქონდა ამდენი კნავილისგან. დავურეკე მეზობელს. სოფელში წავედი დღეს დილითო. სავარაუდოდ, მაშინ შევიდა მის ბინაში. ვინერვიულეთ, ჩვენი აივნიდან საჭმელიც შევუყარეთ, მაგრამ ზევით როგორ ავძვრებოდით, რომ გაგვეთავისუფლებინა პატიმრობიდან. ხვალ შუადღეს ჩამოვალ, მანამდე გაძლებსო, დაგვაიმედა. რამდენიმე საათის შემდეგ, საღამოს მაღაზიაში მივრბოდი, წყლის საყიდლად, ლამის სამი დღეა წყალი არ გვაქვს, რომ დავინახე კიბეებზე ჩამოდის,. თურმე მეზობელს თავისი დიშვილისთვის დაურეკია, ის მოსულა, იმას გაუთავისუფლებია, შემოვარდა ჩვენთან სახლში. საშინლად უცემდა გული. და რაც დავინახე, პირველ რიგში, გაოცებული დავრჩი. ეს ჩვენ ნაცრისფერი კატა გაჭაღარავებულიყო. ნაწილ-ნაწილ თეთრი ბეწვებით დაიფარა. კატას თუ ასე მოუვიდა, წარმომიდგენია, ადამიანისთვის რა ძნელი გადასატანია ბევრი პრობლემა. ღმერთმა ბედნიერად გამყოფოთ ადამიანებო, მოეფერეთ ცხოველებს, ბევრი შემთხვევაც ვიცი, რომ მათ გადაურჩენიათ ადამიანები!

შეიძლება იყოს 2 ადამიანი, კატა და შენობაში-(ი)ს გამოსახულება
Sofio Chelidze, ელგუჯა ციგროშვილი და 70 სხვა
52 კომენტარი
1 გაზიარება
მომწონს
კომენტარის დატოვება
გაზიარება

Saturday, October 29, 2022

სიყვარულზე ვწერე ბევრი (სატრფიალო-სალაღობო)

სიყვარულზე ვწერე ბევრი, გამოვიდა ერთი წიგნი,

მაგრამ ტრფობის ავან-ჩავანს ვერც სხვა მიხვდა, ვერც მე მივხვდი,
ვარსკვლავებსაც ვდიე ცაში, სიტყვა ვიცან არსგამრიგის,
არც ეწვევა სიყვარული, ზოგჯერ კაცი ისე მიდის.
შენ კი ჩემო ბედისწერავ, რა ხანია უკვე გიცდი,
მომაპყარი ზღვის თვალები, პარაკლისს რომ ცაში მიხდის,
რომ ჩემი ხარ, ისიც ვიცი, გაგიმეტა ჩემთვის ბედმა,
გამოგგზავნა ლურჯი ჩიტი ჩემს მფარველად და იმედად..

იქნებ, არც გინდა?! (სატრფიალო)

 იქნებ, არც გინდა?!

იქნებ არც გინდა, რომ გისურვო მშვიდობის დილა,
იქნება შენი ოცნებები სხვაგანა ჰქრიან,
სხვა ბულბულების გიხმობს ტყიდან შენ ,,ტია-ტია",
და ნაჩვევი ხარ სულ სხვა ჩიტთა ჟივილს და ფრთხიალს,
იქნებ სხვა იწვევს შენი გულის საამო ფრიალს,
მომიტევე, რომ გაგიცანი ესოდენ გვიან.
მაია დიაკონიძე
28.10.2022წელი

ჩემს გულის კუთხეს მოეჭიდე! (სატრფიალო)

 ჩემს გულის კუთხეს მოეჭიდე, არა, რას ვამბობ,

შენ მთელი გული დაიკავე, შიგნით ჩაშაქრდი,

და პირში ტკბილი მწიფე ლეღვის მრჩება მე გემო,

როცა მეხები ტუჩით ლალის, კანით სადაფის.

შორს ხარ და მაინც ვერ ვივიწყებ იმას, რაც იყო,

სიზმრად მოდიხარ სულ ზღაპრების რჩეულ გმირებად,

ანდა სამყაროს სიზმარ -ცხადად ნეტავი ვინ ჰყოფს,

სიყვარულისთვის გალაქტიკაც მოჩანს მცირედად,

მუდამ კეთილი მახსენდება ზღაპრების ბოლო,

და დამარცხებას ველოდები ბაყბაყდევების,

,,ჭირი იქა და ლხინი აქა", ვარჩიე მხოლოდ,

მუდამ დავრჩები ნაზ ასულად შენი ედემის.





Friday, October 28, 2022

ცა ვარსკვლავებით გადაიჭედა (პატრიოტული), შენ რადა სტირი, ადამიანო!

 ცა ვარსკვლავებით გადაიჭედა,

ზეცაში მთვარის შუქი კიაფობს,

ღმერთი არსებობს ჩვენდა იმედად,

შენ რადა სტირი, ადამიანო!


რამ შეგიცვალა ესოდენ ფერი,

ნირი გიცვალა ოქროს ბრჭყვიალმა,

სულს დასდებია ჭუჭყი და მტვერი,

თავს ვეღარა გრძნობ ადამიანად.


სად გაქრა შენი მშვენება, ხიბლი,

სამშობლოს ბედზე დაგვა, წუხილი,

დღეები ისე უწყალოდ მიდის,

არც შენ შეგრჩება ძველი  მუნდირი...


თუ მხოლოდ ფულში პოულობ შვებას,

თუ ეს, ფიქრობ, რომ რაღაცას მოგცემს,

ნუ მიეცემი ტანჯვას და გვემას,

სამშობლოს როცა მოსჭრიან ტოტებს.

მაია დიაკონიძე

28.10.2022 წელი







მინიმები

 ნეტავ, ვინ იცის კარგი და ცუდი,

სიყვარული და სიძულვილიც გვერდიგვერდ დგანან,

როცა სიძულვილს ჩაუტყდება ერთხელაც მუხლი,

მას სიყვარული დაეგება მაშინვე ფარად.


იქნებ არც გინდა, რომ გისურვო მშვიდობის დილა,

იქნება შენი ოცნებები სხვაგანა ჰქრიან,

სხვა ბულბულების გიხმობს ტყიდან შენ ,,ტია-ტია",

და ნაჩვევი ხარ სულ სხვა ჩიტთა ჟივილს და ფრთხიალს,

იქნებ სხვა იწვევს შენი გულის საამო ფრიალს,

მომიტევე, რომ გაგიცანი ესოდენ გვიან.





მინდა გესმოდეს!

მინდა გესმოდეს, თრთიან თითები

და თეთრ თრითინას კვლავ ვეძებ თოვლში,
მერე ფანჯრის წინ შენთვის ვირთვები,
და რომ მიყურებ შორიდან, მყოფნის.

შენს მკრთალ სხივებში თრთიან თითები,
და ირეკლები თეთრ თოვლში ცისფრად,
და ვგრძნობ შეხებას ჩუმი სისველის,
ჩემს სახლში მთვარემ დაიდო ბინა.




Thursday, October 27, 2022

კატა მარგო და მისი თავგადასავლები (საბავშვო)

                                                 კატა  მარგო
ერთი ცხრასართულიანი სახლის ერთ-ერთ ბინაში მეშვიდე სართულზე პატარა ფისუნია ცხოვრობდა, სახელად მარგო. მარგო კი  იმიტომ დაარქვეს, რომ გოგო ეგონათ, აბა, პატარა ბიჭმა, სახელად ლევანმა, რა იცოდა, რომ ფისუნია, რომელიც მათ სახლში დაუკითხავად შემობრძანდა თეთრი ბაფთით კისერზე, გაწკრიალებული, მოვლილ-დაბანილი, თეთრი- თეთრი და ქუნქულა, ბიჭი აღმოჩნდებოდა... შერჩა ეს გოგოს სახელი ახალ ბინადარს, ბიჭი კი გახლდათ. თვითონ თავისი სახელი დიდად არ მოსწონდა, გოგოს სახელი რად მქვიაო, მაგრამ თავის მეგობარ ლევანს ხათრს არ უტეხდა, დამარქვა და დამარქვა, ეგრე იყოსო. ხმა რომც ამოეღო, კნავილით აბა ვის რას გააგებინებდა. მას მერე, რაც ლევანთან დასახლდა, ლოგინში მის  ფეხებთან ეძინა, ის რომ მეცადინეობდა, კალთაში ეჯდა, ხანდახან ხელსაც უშლიდა, წამოდი, სწავლას თავი დაანებე,  ვითამაშოთო, თათს ხელზეც მოუთათუნებდა, მაგრამ ბიჭი მეცადინე იყო და უსაქმური ფისოს ანკესზე არ წამოეგებოდა ხოლმე. სადილობისას მარგო ლევანის სკამის ფეხებთან მოიკალათებდა და პირდაფჩენილი ელოდებოდა, მეგობარი თუ კი რამეს უწილადებდა. ამ დროს საჭმელი ნაჭამიც ჰქონდა, მაგრამ იქნებ, ახალ ნუგბარი ჩავიგდო პირშიო, ფიქრობდა. ისევ ერთად არიან, მარგო და ლევანიო, იტყოდნენ სახლში შემოსული მამა და დედა, სტუმარი კი გაკვირდებოდა, აბა მარგოო და ლამაზი ნაწნავებიანი გოგონას ნაცვლად კატა შერჩებოდა ხელში. ეს რა კარგი მეგობარი  შეუძენია თქვენს ბიჭსაო, სიცილით იტყოდა კიდეც.

                                                    გატეხილი ვაზა

   უყვარდა მარგოს კარადების თავზე ძრომიალი, მაგიდაზეც ხშირად ადიოდა, სკამებზეც, პიანინოს თავი კი მისი საყვარელი ადგილი იყო. იქ გრძნობდა თავს ყველაზე კომფორტულად. გადმოსცქეროდა ზევიდან ყველას, მუსიკის მეცადინეობაში გართულ ლევანს კი ზედ თითებზე დაახტებოდა ხოლმე და მუსიკალური ინსტრუმენტიც, კატის სიმძიმით შეწუხებული, განრისხებულ ხმებს გამოსცემდა. არსად აღარ იყო დარჩენილი ჭურჭელი, სილამაზით გამორჩეული ლურჯი ვაზებიც ნამსხვრევებად ქცეულიყვნენ მის ხელში, ბროლის ჭიქებიც, საკმარისი იყო, ვინმეს მაგიდაზე დარჩენოდა და არ შეენახა თავის დროზე ჭურჭელი, რომ ის  მსხვრევისთვის იყო განწირული. უკვირდათ კიდეც ოჯახის წევრებს, რატომ ტეხავდა ასეთი გამეტებით ყველაფერს, ბოლოს დასკვნაც გააკეთეს, ალბათ ძირს დაგდების და მსხვრევის ხმა მოსწონსო. პიანინოს თავზე  ხილის ერთი ძველებური შუშის ვაზა იდგა, ერთი საუკუნის მაინც იქნებოდა, გაშლილი, მოჩუქურთმებულ ფეხით, ერთადერთი ამ ვაზას არასოდეს ეხებოდა, ის კი არა და შიგ მოიკალათებდა ხოლმე, როგორც აკვანში, ერთ დღესაც, არავინ იცის, რატომ, ალბათ იმიტომ, რომ გაიზარდა მარგო, მოხერხებულად ვეღარ აუქცია გვერდი ვაზას და ძირს ჩამოაგდო. შეწუხდნენ ლევანი და მისი უფროსი ძმა ავთო, დედა რას იტყვისო და დაელოდნენ რა მოხდებოდა. დედაც გამოჩნდა, აყვირდა, რა უქნია ამ საძაგელსო, მერე მშვიდად აკრიფა შუშის ნამსხვრევები და სანაგვეში გადაუძახა. კატისთვის გაჯავრება კი აზრადაც არ მოსვლია. აქ კი ვეღარ მოითმინეს ბავშვებმა, ეგ რომ ჩვენ გაგვეკეთებინა, დაგვსჯიდი, ერთი კვირა ტელევიზორს აღარ გვაყურებინებდი, ამას კი არც უჯავრდებიო, მარგო შეშინებული ერთ ადგილას მიკუნჭულიყო, თითქოს გრძნობდა თავის დანაშაულს. დედამ ის იყო, გადაწყვიტა, კატისთვის ცოტა მოეცაცუნებინა ხელი, ბიჭების დასანახად, ვითომ მივტყიპეო, მარგომ თვალები დახუჭა, ალბათ,  დარტყმის მოლოდინში, თითქოს მიხვდა, რაზე ლაპარაკობდნენ გარშემომყოფები. ამის დანახვაზე დედამ ხელი აღარ ახლო, ბიჭებს მიუტრიალდა, ხედავთ, მიხვდა თავის დანაშაულს!, თქვენ ადამიანები ხართ და მეტი გესმით, ეს კი ცხოველია, როგორ უნდა იცოდეს, რომ ვაზის გადმოგდება არ შეიძლებაო. ასე გადარჩა კატა მარგო დასჯას, როცა უკანასკნელი ვაზა შეიწირა სახლში.

                                                ლევანი და მისი მეგობრები

ლევანის მეგობარი გიორგი გვერდზე ბინაში ცხოვრობდა, ლიფტიდან გამოსული ბიჭები ჯერ მარჯვნივ  უნდა წამოსულიყვნენ, მერე პირდაპირ და მერე თითოეული თავის ბინაში შედიოდა, ხელმარჯვნივ გიორგი ცხოვრობდა, ხელმარცნივ - ლევანი. 

Wednesday, October 26, 2022

წუთისოფელის შვილნი ვართ და...

წუთისოფელის შვილნი ვართ და მის გზა-კვალს მივდევთ,
ნატვრებს, სურვილებს, როგორც მამალს, ხურჯინში ვმალავთ,
არ ჩატყდებაო, ასე ვფიქრობთ, ოცნების ხიდი,
მაგრამ ეშმაკიც ხომ იყენებს თავის დიდ ძალას,
მხრებჩამოყრილნი ცალი თვალით მაინც მზეს ვუმზერთ,
აღმართს მივყვებით და არ ვიმჩნევთ სახეზე დაღლას,
გულის კუნჭულში მაინც მცირედს ვიტოვებთ იმედს,
რომ არ ჩამოხსნეს ნატვრის ხეზე შებმული ბაფთა.







მეთანატოლება

 მზეს ვუყურებ, ათასი წლის, ის მინათებს გონებას,

კი არა ვარ, მისი ხნისა და მეთანატოლება,

ქარი რომ ჰქრის, თმებს მიწეწავს, ბრძენისა აქვს წოდება,

ბურთით ხელში ჩემ წინ გარბის და მეთანატოლება,

ზღვა რომ თვალებს მომაგებებს, ქაფს დამამჩნევს მოვებად,

არც ის არის ჩემი ხნისა და მეთანატოლება.

თანატოლი ხომ ის არის, ვინც გვიკეთებს გუნებას,

ვინც გვიღიმის, გვეფერება, გვილამაზებს ცხოვრებას,

ყველაფერი ნაღდი, დიდი,  შეუქმნია ბუნებას,

ზღვაც, ქარიც  და მზისა სხივიც სულ მეთანატოლება.

მაია დიაკონიძე

26.10.2022წელი

,








Tuesday, October 25, 2022

შაირ-კაფიობა, მაია დიაკონიძე, ირინოლა ტყეშაველი, მზია გუმბერიძე, ლელა პავლიაშვილი, ელგუჯა ციგროშვილი,

 ვისაც შაირ-კაფიობა გიყვართ, გთავაზობთ:

ერთმა კაცმა მომწერა: ქალბატონო, მაიკო, თქვენ ისეთი ხართ ფოტოებში, როგორც სინამდვილეში, თუ იტყუებით, როგორც სხვებიო. ეტყობა ბევრმა ქალმა გაუცრუა იმედი. ჩემს გულში გავიფიქრე: ,,შე ოჯახაშენებულო, ლექსი წაიკითხე, რა ჩემს სილამაზეს დაეძებ მეთქი". ამ ამბავს ჩემი და ირინოლა ტყეშაველის შაირობა მოჰყვა. შეგიძლიათ ჩაერთოთ კიდეც, ვისაც სურვილი გექნებათ
ირინოლა ტყეშაველი
ლამაზი ქალი ყოფილა
იმ საწყალისთვის ჰობია,
ის კი არ იცის ფეისზე,
ქალების ფოტოშოპია,
გადაბერილი ტუჩებით,
რამდენი დაუშოკიათ,
არ იცის, ჩითის კაბაშიც
ზღაპრული როა ,,კონკია?!
მაია დიაკონიძე:
კონკიას ქოშით ეძებენ
და არა ლამაზ ნიღბებით,
ისე არ მოხდეს, რომ შერჩეთ,
დედინაცვალის შვილები.
ირინოლა ტყეშაველი
რამდენი არის ნაღდ ქალში,
დაუნახავი ღირსების,
თვალებში ნაცრის შეყრისა,
კი იქნებიან ღირსები.
მაია დიაკონიძე;
ნაცარსაც კარგად აყრიან,
ჭვარტლით სავსე აქვთ თვალები,
უკვე სავსეა გალია
მაგ შაცდენილი კაცებით.
მკერდ-ფეხებგამოჩენილის
ქებას ერთურთს არ აცლიან,
შოკი კი არა, მაგათთვის
გალია მგონი მადლია.
გაგრძელება:
Mzia GumberiZe
♥️♥️😁🥰
რა ქნან კაცების სენია,
ლამაზი ქალით ხარება,
იმიტომ ყველა კვლავ ეძებს, -
არ ყოფნის თვალს გახარება...
ჭკუა აშინებთ ქალების,
შორიდან შემოგიარა,
არც გამოფენა იხილა,
და არც ლექსები წკრიალა.
მაია დიაკონიძე:
გული მე მწყდება იმაზე,
თვალი ჭამს, თვალი ხეირობს,
გასათხოვარი ქალების
დარდით ზოგ-ზოგი სეირობს.
იმდენ არიან უკვენა,
გაივსო მთელი ქვეყანა,
ერი როგორღა გამრავლდეს,
კაცნი ფეისში სხედანა.
Mzia GumberiZe
Maia Diakonidze
ოჯახის შექმნის შიში აქვთ,
რჩენა უნდაო ბაღანას,
სიზარმაცესა თავისას,
დააბრალებენ ქვეყანას...
კარზე, რომ მოუკაკუნებთ,
სიბერის ქარი დაჰბერავთ,
მერეღა დაფიქრდებიან,
და სინანული გაბერავთ...
სხვისი ქალების ძებნაში,
ამოევსებათ თვალები,
მართლაც და რამდენი
რჩება გაუთხოვარი ქალები...😌
ლელა პავლიაშვილი:
ძალიან ძნელად შეგხვდება
ქალი ჭკვიანიც, ლამაზიც,
მაგრამ თუ მაინც იცანი,
არ არის შენი სადარი..
ჰოდა ზოგ კაცმაც რაღა ქნას,
ეძებს, ძებნისთვის მზად არის,
ეგება გაუმართლდეს და
გაინამდვილოს ზღაპარი..
მაია დიაკონიძე:
დამილოცნია გზა-კვალი,
შემოუვლიათ ფეხადაც,
ჩემი ასაკის ქვაც უკვე
არ შერჩენია ქვეყანას.
ახალგაზრდებში ეძებონ
ჭკვიანი, ალალ-მართალი,
თორემ დრო წარმავალია,
რო გინდა, ისე სად არის..
ლელა პავლიშვილი:
ისე არ არის, მაიკო,
თვითონაც კარგად უწყიან,
რომ არ ერგებათ ნამცეციც,
სადაც მიწა არ ურწყიათ,
თავისი თავის არჩივი
ტყვია ხირიმში უწყვიათ.
ელგუჯა ციგროშვილი
რჩევა კაცებზე
გაბრაზებულ ქალებს .
( ფშაურ კილოზე .)
  1. საქმე ეგრე არა წყდება ,
აქ სხვა ცეცხლის ადის ალი...
კაცებს გვხიბლავს ტუჩის საცხი ,
მოხატული კოხტად თვალი ;
2 . გაჩენიდან მუდამ სხვისთვის
იპრანჭება ყველა ქალი ,
მინდა ერთი რჩევა მოგცეთ
დავადგინოთ სამართალი :
3 . თუ რენდგენის სურათს დადებთ ,
იქნებ ვიცნოთ ჩვენი ძვალი ,
რომ ტყუილად არ გიცქიროთ ,
არ ვიხადოთ სხვისი ვალი .
ელგუჯა ციგროშვილი .
თესალონიკი . 22.10.2022 წელი .
Maia Diakonidze
ელგუჯა ციგროშვილი:
კაცებისგან არა გვწყინს რა,
ხარბი არის კაცის თვალი,
ყველას უნდა გვერდზე ჰყავდეს
ქალი ცეცხლი, ქალი ალი.
ახლა კიდევ რენდგენს გვთხოვენ,
მოგვისინჯონ უნდა ძვალი,
ამ მიზომვა-მოზოვაში,
ხომ დაგვრჩება მათი კვალი.
არა, ყაბულს ჩვენ არა ვართ,
ჩვეული ვართ ერთის ტრფიალს,
სინჯებისთვის მიაკითხეთ
მკერდდაბერილ კარდაშიანს.
მაია დიაკონიძე:
რა თქმა უნდა, გაჩენიდან
სხვას უბრმავებს თვალებს ქალი,
და ამაში ქალს კი არა,
ღმერთს მიუძღვის მგონი ბრალი,
რომ ლამაზი გააჩინა,
უზადოა მისი ფორმა,
ის არ მომწონს ღვთის შექმნილში
რომ შემოაქვთ სხვა რეფორმა.
დაუბერებს ქალებს ტუჩი,
მკერდი, ღაწვი, უკანალი,
მეშინია, ამ ოხრებმა
რომ არ გაჭრან სხვა ,,კანალი".