Tuesday, October 31, 2023

კახა და ირმები, ინანიშვილის კონკურსზე გაგზავნილი

 

კახა და ირმები

პირველი თავი

 

    კახას დილაუთენია გაეღვიძა, დედა უკვე სამსახურში წასულიყო, მის ლოგინს გადახედა,  ცარიელი დაუხვდა, გული დაწყდა, ვერ მომეფერაო დედიკო, იქნებ მომეფერა კიდეც და ვერ გავიგეო, დაიმშვიდა გული. ირმებისკენ გადატრიალდა, მისი საწოლის კედელზე ჩამოკიდებულ ფარდაგზე რომ ლამაზობდნენ. დედა სულ ეუბნება, მე როცა არ ვარ სახლში, მაგათ ელაპარაკე ხოლმეო. ესეც ელაპარაკება, ზღაპრებსაც უყვება, დედა ძილის წინ რომ უამბობს, თვლასაც ასწავლის ირმებს, ახლაც დაიწყო:

- ერთი, ორი.. - ირემიც ხომ ორია, დედა და მამა.

     ჩაფიქრდა, ნეტავ შვილები თუ ჰყავთო. სად არიან, ამ ფარდაგზე არა ჩანანო. თითქოს სიღრმეში შეიხედა, აგერ ბუჩქებიც შეამჩნია, შორს - ტყეც, ტბაც, ნელ-ნელა თვალები მილულა  და ჰოი, საოცრებავ, იმ ირმების გვერდზე აღმოჩნდა, ფარდაგზე რომ ეხატა. გაეხარდა, მეგობრებთან რომ ამოყო თავი. ხელი მოუთათუნა დედა ირემს, ფერდზე თავი მიადო, 

- დედაჩემი იყავი, - უთხრა, -  როცა ჩემი დედიკო არ არის სახლში. - თავი დაუქნია ირემმა, 

- ეგრე იყოს, - გაუღიმა კიდეც და ადამიანივით ალაპარაკდა:

- შენნაირი ბიჭის დედობა საამაყოა, მოდი, მოგეფერო – უთხრა და დრუნჩი თავზე დაადო ბიჭს, თმები აულოკა.

გაეღვიძა, დედა ეფერებოდა თავზე. გაეხარდა დედის დანახვა, ტიტინით ამცნო:

- სიზმარში ირმები ვნახე, დედა ირემი ადამიანივით მელაპარაკებოდა და თმებიც ამილოკა. - გაეღიმა დედას,

- კარგია, ასეთი მეგობრები რომ გაიჩინე. მაგრამ გახსოვდეს, ეს მხოლოდ სიზმარია, ირმები ხომ არ ლაპარაკობენ სინამდვილეში?!

 - კი, ასეა, - თავი დაუქნია კახამ.

   ბიჭი ადგა, ხელ-პირის დასაბანად შევიდა სააბაზანოში. სარკეში ჩაიხედა, თმებზე ალოკილი შეამჩნია, აი, ის, ირემმა რომ აულოკა, ჩაიღიმა, არც მთლად სიზმარი ყოფილაო და სამზარეულოკენ გაეშურა. დედას თეფშზე ბლითები უკვე დაეწყო, აქაფქაფებული ცხელი რძეც ოხშივარს უშვებდა ჭიქიდან. ბიჭი გემრიელად შეექცეოდა საუზმეს და ირმებზე ფიქრობდა, ნეტავ შვილი თუ ჰყავთ და იმასაც კახა ხომ არ ჰქვიაო?! ოცნებობდა ისევ მოხვედრილიყო ირმების სამეფოში და ბევრი ახალი ამბავი გაეგო მათ შესახებ.

 

თავი მეორე

    საღამოს, სახლში ახალმოსულ მამას ჩაეკრო კახა. ფეხებზე შემოჰხვია ხელები. მამამ ხელში აიყვანა. დაუკოცნა შუბლი.

- დღეს ორი ირემი ვნახე, - გაახარა შვილი. თითქოს შვილის გულისწადილსა და სურვილს კითხულობდა.

    კახას მამა მეტყევეა. ძალიან ამაყობს კახა მამით. ის ხომ ბუნების დამცველია. ის რომ არა, რამდენ ხეს მოჭრიდნენ, რამდენი მუხა ვეღარ მოისხამდა რკოს, მერე გარეული ტახები რაღას შეჭამენ?! მამას რკო სახლის ღორებისთვისაც მოაქვს. ისე გემრიელად ახრამუნებენ. დგას და უყურებს ხოლმე კახა, როგორ იტკბარუნებენ პირს გოჭები: ნაფი და ნუფი.  ასე დაარქვა, თავის გოჭებს, მოსავლელად და სამწყემსავად დედამ რომ ანდო.

 - დიდი ბიჭი ხარ უკვე, მოუარე! - უთხრა მარიამმა.

   მას მერე კახა ეზოს გადაღმა გაიყვანს ხოლმე თავის გოჭებს, ძაღლი ყურშაც თან მიჰყვბა, შენ მარტო ამ საქმეს რას გაუმკლავდებიო. ყურშა ხომ კახას დიდი მეგობარია. მამამ რომ მოუყვანა, სულ ერთი ციდა იყო. ყეფაც კი არ იცოდა, ხანდახან დაიწკმუტინებდა ხოლმე:

-  მშია! - იტყოდა.

დედა ძროხის რძეს უსხამდა ბოთლში და იმას აწოვებდა. ბუჩქებში გადაგდებული იპოვა მამამ, წამოიყვანა, იქნებ გადარჩესო. ახლა კახას სიმაღლეა ყურშა. ისე ყეფს, გარეშემო ტყე-ველს აყრუებს, მთებიც ბანს აძლევენ. ყველამ იცის, რომ ამ სახლში ძაღლია, სახელად ყურშა. აბა, რომელი მგელი და ტურა-მელია გაეკარება იქაურობას. სახლში ერთი კატაც ჰყავთ. ისიც კახას მეგობარია, თუმცა კახას დედა, მარიამი უფრო უყვარს, კუდაბზეკილი სულ მას დაჰყვება. ხანდახან კახასაც გადახედავს ხოლმე მოწყალების თვალით. ,,მიაუ", ცალი ყბით დაუკნავლებს, თუ კარგ საქმეზე მიდიხარ, მეც წამიყვანეო. ვეფხვივით ზოლებიანს, ვეფხვია დაარქვეს. ვეფხვიაც უკან გაჰყვება ხოლმე სამწყემსურში წასულ მეგობრებს. მოსწონს ველზე ყოფნა, ხან ბუზს გაეკიდება, ხან პეპელას. ერთხელ ფუტკარიც კი გადაყლაპა, რა იცოდა, თუ ფუტკრის შეჭმა არ შეიძლებოდა. ენა დაუსივდა და ერთი კვირა საჭმელს ვეღარ ჭამდა. ახლა იცის, რომ ფუტკართან თამაში არ შეიძლება. ყოველ დღე მეგობრები ველზე გადიან ხოლმე. ფათერაკებით სავსე გზა რომ გაიარონ.

     დილიდანვე  შეჰპირდა მამა ბიჭს, ხვალ ირმების სანახავად წაგიყვანო, ადრე დაწვა კახა დასაძინებლად. წარმოიდგინა, მამას როგორ მიჰყავს  ტყეში, იქ კი, ტყის სიღრმეში, ლამაზი ირმები მოჩანან. გული წინასწარ სიხარულით უფანქცალებდა.

 

მესამე თავი

 

     იმ ღამეს სიზმარში ისევ ირმებთან ამოყო თავი. დედა ირემს ჩაეხუტა დიდი ხნის უნახავი შვილივით, ისიც მოეალერსა. თმა აულოკა. კახამ თვალებში ჩახედა. სევდიანი ეჩვენა დედა ირემი. ახლა ქორბუდას გადახედა. მის თვალებშიც ნაღველი წაიკითხა. ნეტავ რაზე სწუხანო, გაიფიქრა. დედა ირემი თითქოს თვალებით რაღაცას ემუდარებოდა. კახამ მორჩილად მოჰკიდა ქედზე ხელი, სადამდეც მისწვდა და წავიდეთო, უთხრა. ირმები დაიძრნენ. კახა გვერდიდან არ სცილდებოდა. გადაიარეს ტყე ირმებმა. კიდევ კარგი, ხშირი არ იყო. ბიჭი სულ იმას ფიქრობდა, სადმე ტოტებში არ გაიხლართოსო მამა ირემი, როგორც ერთ იგავში იყო. მაგრამ ასეთი არაფერი მომხდარა. ტყისპირას გასულმა კახამ ქვევით სოფელი დაინახა. სოფლის ძაღლებმა, თითქოს ირმების სუნი იკრესო, ყეფა დაიწყეს. ბიჭი მიხვდა, ირმების სოფელში ჩასვლა არ შეიძლებოდა, იმასაც მიხვდა, იქ რაღაცა ხდებოდა და უნდა გაერკვია რა. თავდაღმართში დაეშვა. საღამოვდებოდა, მაგრამ ფუტკრებს ჯერ კიდევ არ აეკრიფათ გუდა-ნაბადი, ისევ ყვავილებს დასტრიალებდნენ. ესიამოვნა ბიჭუნას ყვავილებიან ველზე ხეტიალი. იარა, აგერ პირველი სახლიც გამოჩნდა. სახლთან ახლოს მოთამაშე ბიჭუნები შეამჩნია, ერთმანეთს წითელ ბურთს უგორებდნენ.

- ბიჭებო, – დაუძახა, - ეს რა სოფელია?!

- ორომტრიალას ეძახიან. - უპასუხეს.  გაუკვირდა კახას,

 

- რატომ ეძახიან ასე?! –ისევ ჰკითხა.

 - იმიტომ რომ წელიწადში რამდენიმე დღეს ჩვენს სოფელში დიდი ორომტრიალი იწყება. მიწა აღმა-დაღმა დადის, შეიძლება ტყე აქ ჩამოვიდეს და ჩვენი სოფელი მთაში ავიდეს. წყაროც მიდი-მოდის, მდინარეც, გზებიც, ამის გამო სოფელში აღარავინ ჩერდება. დაცლილია აქაურობა, - წამოეშველა ბიჭებს სიტყვით სახლის წინ მჯდომი ქალი.

– მე და ბავშვები აქ ვცხოვრობთ. სოფელში რამდენიმე მოხუციღა დარჩა, დანარჩენი სახლები ცარიელია. გაბოროტებულია მშიერი ძაღლებიც. ამას წინათ, ორომტრიალი რომ ატყდა, ორი ნუკრი ჩამოიყვანა მიწამ მაღლა ტყიდან, აქ ვოლიერში მყავს ჩაკეტილი, რამე ცხოველმა არ შეჭამოს, ტყეშიც ვერ ვუშვებთ, ირმებმა თუ არ მოაკითხეს, – დაასრულა მოხუცმა საუბარი.

   აი, რაში ყოფილა საქმეო. გაიფიქრა ბიჭმა. დაემშვიდობა მოხუცს, ბავშვებს და ისევ ტყისკენ დაადგა გზას. სირბილით აიარა აღმართი. იქ ირმები ელოდებოდნენ. ორივეს ხელები მოუთათუნა, დაამშვიდა, დააწყნარა,

 - თქვენი შვილები ვიპოვე, მამას ვეტყვი და გვიშველის - უთხრა ირმებს.

ქორბუდა ირემმა დაღლილი კახა ზურგზე შემოისვა და ტყეს შეერია.

 

მეოთხე თავი

 

         დილით ახალგაღვიძებულმა ბიჭმა თვალები მოიფშვნიტა. საწოლიდან წამოხტა, ირმებს შველა სჭირდებათო და მამას საწოლისკენ გაემართა. კვირა დღე იყო და  მამასაც დასვენებამ მოუწია, ჯერ კიდევ ლოგინში იწვა, მთელი კვირის ნაჯაფს წამოდგომა უჭირდა. გაუკვირდა მშობელს, ბიჭი რომ დილაუთენია ამდგარიყო და საწოლში მიაკითხა. ღამით ნანახი სიზმარი მოუყვა ბავშვმა. სერიოზულად მიუდგა კაცი ირმების გაჭირვებას.

 – შვილები დაუკარგავთ და აბა არ უნდა დავეხმაროთ?! – უთხრა ბიჭს. 

ადგა, ისაუზმა მამა-შვილმა და გზას გაუდგნენ. ყურშა აბა, რა ბიჭი იქნებოდა, კახას რომ არ გაჰყოლოდა, კატა ვეფხვიამ ძილს ძლივს გამოგლიჯა თავი, ცნობისმოყვარეობამ სძლია, ნეტავ, სად მიდიან ესენიო და მეგობრებს უკან გაჰყვა. წინ მამა მიდიოდა, უკან კახა მიჰყვებოდა, მერე ძაღლი ყურშა და ბოლოს კუდაპრეხილი კატა. გარშემო ყველაფერს ათვალიერებდნენ, მაგრამ სოფელი არსად ჩანდა. ის იყო, ფარხმალი უნდა დაეყარათ და უკან დაბრუნებულიყვნენ, რომ მათ წინ ხე წამოიმართა, არც ცაცხვს ჰგავდა, არც მუხას, არც ნეკერჩხალს, არც ალვას. შემოუარეს მამამ და კახამ ირგვლივ.

– ეს რა საოცარი ხეა, - იძახოდა მამა,

- ასეთი ჯიშის ხე არასოდეს მინახავს, ნეტავ რა ჰქვია? - აგრძელებდა საუბარს.

უცებ ყველასდა გასაოცრად, ხემ ხმა ამოიღო, თითქოს ფოთლები აშრიალდა ქარში, წაიჩურჩულა:

- ამ წუთში ამომაგდო მიწიდან რაღაც ძალამ, თორემ სოფელ ორომტრიალაში ვიდექი! - თვალისდახამხამება ვერ მოასწრეს მეგობრებმა, მიწა იძრა და უცებ სოფლის შუაგულში ამოყვეს თავი. მოჭრიალე სახლები იდგა გარშემო. სულიერის ჭაჭანება არ იყო ირგვლივ. სოფელი თითქმის დაცლილიყო და იდუმალებაში გარინდულიყო. რამდენიმე მოხუცმა გამოყო თავი ფანჯრებიდან. მზერა მოატარეს გარშემო. მამა, კახა და მისი მეგობრები რომ დაინახეს, გაეხარდათ, იქნებ რამე უშველონ ამ სოფელსო. მამამ მოხუცები დაამშვიდა.

 - იქნებ გამოსავალიც ვიპოვოთ, მაგრამ ჯერ ორი ნუკრი გვყავს სანახავი, დაგვეხმარეთ, გზა მიგვასწავლეთ! – სთხოვა მამამ მოხუცებს. მასპინძლებმა სოფლის განაპირა სახლისკენ გაიშვირეს ხელი.

- იქ არიან. - ერთხმად შესძახეს. 

   წავიდნენ სოფლის სტუმრები იმ სახლისკენ. ბიჭები, რომლებიც კახამ სიზმარში ნახა,  ისევ ეზოში თამაშობდნენ. არ აშინებდათ მიწის რყევა. ეტყობა, მიჩვეულები იყვნენ ამ ამბავს. ამათაც გაეხარდათ ადამიანების დანახვა.

 – რამდენი ხანია, ამ სოფელში აღარავინ მოდის, მარტო გარბიან აქედან. — თქვეს ბავშვემა. კახაც იცნეს,

- აქ ხომ უკვე იყავი. - უთხრეს. გაუკვირდა კახას,  მეგონა, მეძინაო. ბებიაც გამოვიდა ეზოში, ჩამოართვა ხელი კახას და მამამისს, ძაღლს და კატასაც მიეალერსა. ვოლიერთან მივიდა და პატარა ირმები გარეთ გამოიყვანა,

- ვგრძნობ, ამათ წასაყვანად ხართ მოსული. – გაუღიმა სტუმრებს. მამამ მადლობა გადაუხადა ქალს, შეჰპირდა, დასახმარებლად მოვალთ. არაფერი ვიცოდით ამ სოფლის არსებობის შესახებო.

 სოფლის სტუმრები გაუდგნენ გზას, კახას ახსოვდა, საით უნდა წასულიყო, სად ელოდებოდნენ ირმები. აუყვნენ აღმართს. გზა და გზა კატა და ძაღლი ჩხუბობდნენ,

– მე ვასწავლე კახას გზა, თორემ თვითონ როგორ მოაგნებდა. – იძახდა ძაღლი. ვეფხვია ბრაზდებოდა,

 – შენ როგორ ასწავლიდი, დაგესიზმრა? -  ეუბნებოდა კნავილით,  ყურშა იხტიბარს არ იტეხდა და ყეფით აყრუებდა იქაურობას. იქაური ძაღლებიც ჰყვებოდნენ ყეფით, მაგრამ ბრაზით კი არა, სიხარულით, ახალი მეგობარი გავიჩინეთო. ასე მიაღწიეს ტყის ნაპირს. ირმები მართლაც იქ იდგნენ, პატარებს ელოდებოდნენ. მადლობის ნიშნად თავი დაუქნიეს მშველელთ. კახამ იგრძნო, რამხელა სითბო ჩაეღვარა გულში. ირმებმა თვალი თვალში გაუყარეს მადლობის ნიშნად. ცოტა ხანში თვალსაც მიეფარნენ. გადახედეს მამამ და კახამ ორომტრიალას.

- ნამდვილად დახმარება სჭირდება სოფელს! – თქვა მამამ. მეგობრები  სახლის გზას  დაადგნენ.

მეხუთე თავი

 

     სახლში რომ მივიდნენ, კახამ, პირველ რიგში, ფარდაგთან მიირბინა. შეხედა, ირმებს პატარა ნუკრები ამოსდგომოდნენ გვერდში. ბიჭუნას საულვაშეზე ჩაეღიმა. ბედნიერი იყო, ირმებს რომ დაეხმარა მამასთან ერთად. გაუცინა პატარა ნუკრებს, ხელიც დაუქნია. მოეჩვენა, რომ ირმებიც თავს უქნევდნენ მადლიერების ნიშნად. იმ დღის მერე ორომტრიალასკენ მამამ გზაც გაიყვანა თანასოფლელების დახმარებით. ხელდაკაპიწებული მუშაობდა კახაც. დედა საჭმელს ამზადებდა. ბევრი სახლი აღადგინეს სოფელში. ნელ-ნელა მოსახლეობამ სოფელში დაბრუნება დაიწყო. საკვამურებიდან ბოლი ამოვიდა, თხების და ცხვარ-ძროხის ზმუილ-კიკინი კახას სოფლამდეც აღწევდა. ის უცნაური ხე, რომელიც კახამ და მამისმა იპოვეს, სოფელში დააბრუნეს. ხემ თვითონ მოინდომა სოფლის შუაგულში დგომა. მასზე საღამოობით მასავით უცნაური ფრინველები მოფრინავდნენ და სხდებოდნენ: წითელი, ყვითელი, იისფერი, ლურჯი, ისინი მგალობლები იყვნენ, ღმერთს უმღეროდნენ სიყვარულზე, სიკეთეზე, ბედნიერებაზე. ხესთან ახლოს ორომტრიალელებმა პატარა მონასტერიც ააშენეს. ისე გულწრფელად სთხოვდნენ ღმერთს სოფლის გადარჩენას, ღმერთმაც მოინდომა მათი დახმარება. მიწა აღარ იძვროდა, ორომტრიალიც აღარ ატყდებოდა ხოლმე, მაგრამ იმ სოფელს ეს სახელი მაინც შერჩა. თუ ვინმე ცუდ საქმეს მოინდომებს, ორომტრიალიც იქაა ჩასაფრებული.

-  ბოროტს არასდროს სძინავს, ჩვენც მუდამ ფხიზლად უნდა ვიყოთ, - ამბობს კახას დედა - მარიამი.

მინიმა

 მე შენი გული ხელში მეჭირა,

ახლოდან ვგრძნობდი შენს მაჯისცემას,
სამშობლოვ, შენთვის უნდა მეტირა,
გულში გრძნობების არ იყო ტევა.

თრობა ვინ ინატროს?!

 თრობა ვინ ინატროს, თუ გრძნობა მაფხიზლებს,

იჭვების სხმულებით თუ კი ვარ  სნეული,

ჩამჭიდე ხელი და ნურასდროს გამიშვებ,

რომ მუდამ ერთ ხორც,და სულ იყოს სხეული.

აღდგომა დამდგარა, ცა წითლად ანათებს,

და შენს თვალებშიაც ვნებები ოხრავენ,

არ მინდა, ოდესმე ისინი გაიხმო,

სანამდე გრძნობები ამ ღამეს მოხნავენ.

ტრფობის ნაზ ყვავილებს რაღა  შეედარება,

ვარდებით სავსეა  ყოველი კუნჭული,

შეხედე, მზე როცა ამ თვალში ჩადგება,

რა ტურფად ყვავილობს ზეცაში სუმბული..

თრობა ვინ ინატროს, თუ გრძნობა მაფხიზლებს,

იჭვების სხმულებით თუ კი ვარ  სნეული,

ჩამჭიდე ხელი და ნურასდროს გამიშვებ,

რომ მუდამ ერთ ხორც და სულ იყოს სხეული.


,

,



Monday, October 30, 2023

ჯონათან!

 შენ მადარებდი ნაზ მონა ლიზას,

და ღიმილს ჩემსას იმწყვდევდი მუჭში,

თან ატარებდი ვით ტყვიის გილზას,

მესროდი, როცა ვხდებოდი ურჩი.

ვარსკვლავებიან ციურ მოსასხამს

ზედ მაფარებდი, ისე ვით საბანს,

მაინც გვიმტყუნა ბედმა, ჯონათან,

მაინც დაგვცადა იმან თუ ამან.

გაცვდა ღიმილიც, გრძნობებიც გაცვდა,

ახლა წვიმების ვიხურავ საბანს,

და ჩემი ყოფა შენსას თუ ასცდა,

რას მიელოდი ჯონათან, აბა.





Sunday, October 29, 2023

აიწონე, საქართველოვ!

 აიწონე საქართველოვ, 

რამდენი ხარ დარჩენილი?!

როგორ უნდა გასახელო,

მტერი თუ გყავს გაჩენილი.

როგორც მახრა, ფესვს გიხრავენ,

თუკი გტკივა, დედავ, მითხარ,

შეეპარა ერს სიმთვრალე,

ვეღარა გცნობს: - ნეტავ, ვინ ხარ?! –

- შენს ქარაფებს ვენაცვალე, -

სიმთვრალეში გაიძახის,

მერე გიყრის გულში დანებს,

ფიქრობს, შენზე არის ახი!

როგორც დედამ, ვერ ივარგე,

გადამკარგე ცხრა მთას იქით,

ვერაფერი შენ ვერ მარგე! –

ზოგიერთი ასე იტყვის.

მე კი მუდმ შენ მახსოვხარ,

შენა მყავხარ მუდამ თვალწინ,

თუ ოდესმე დაგივიწყო,

ლოდი მომხვდეს კლდისა მაშინ.






Saturday, October 28, 2023

,,ხორნაბუჯში" გავგზავნე, ავტ. მაია დიაკონიძე

 

ზმანება

(ხალხურ მოტივებზე)

 

მთებს შემოუცვამთ ნაბდები,

თავს ადგათ თოვლის ვარაყი...

ერთმანეთს გადასძახიან:

,,გადმო, დავლიოთ არაყი;

გავთბეთ, სისხლი რომ აჩქროლდეს,

მედგრად დავუხვდეთ ყინვასა,

პირზე ღიმილით ვუსმინოთ

მაგის კვნესას და გმინვასა!"

ქარს მოაქვს ღიღინ~ღიღინით,

არყით პირსავსე ხელადა,

მთათ მაიმარჯვეს ყანწები

სასმელის შესასმელადა.

,,ალავერდს" არის ყველასთან

მთების თამადა,–  მყინვარი,

გოჩასა ჰგავის,  ხევისბერს,, –

მარადჟამს გაუცინარი.

ალალად ლოცავს  მთა-გორებს,

ბარში, – გაფენილ  ხავერდებს

და საქართველოს  მომავალს,

სამყაროს შემქმნელს  ავედრებს!

 

სიჩუმე!

 

ერთხელ სიჩუმე მოვიდა ტყეში,

შეწყდა - ,,გუ, გუ, გუ", მერცხლების ,,ტია",

და ქარსაც გიჟმაჟს, ხანდახან შეშლილს,

შიშისგან კრინტიც  ვერ გაუღია.

არ გაინძრესო ერთი ფოთოლიც,

პირქუშად მდგარმა სიჩუმემ ბრძანა,

ცამდე აწვდილი იდგა გოდოლი,

სიჩუმის, შიშის დამდგარა ხანა.

უეცრად სადღაც იმ ტყესთან ახლოს,

გაიწკრიალა პატარა ზარმა,

თეთრი ბეკეკა მიადგა ახოს,

ამ ზარმა დუმილს გამოჰკრა სარმა.

სიჩუმის წესრიგს მოეღო ბოლო,

ატყდა სტვენა და ქარის რიალი,

ნუ დავიძინებთ ბოლომდე ოღონდ,

სადღაც ისმოდეს ზარის წკრიალი.

 

ხმა  დიდგორიდან!

 

ეს  გაბმული  ხმა  ზარებისა, საიდან  არის?

ზარების  ხმა  ხომ  სიმბოლოა  უფლის  შველისო...

ალბათ  მოგველის  დაჯახება  ხმალის  და  ფარის 

და ... აუწყებენ დავით  მეფეს:  , ომი  გველისო!"

 

დროშას  შეუშვერს  ჭყონდიდელი, გიჟმაჟ  ქარს , ოჩანს ,

კარგის  მაცნეა ხმა  ზეციდან  არწივის  ყეფის;

წმინდა  გიორგის  თეთრი  რაშიც  იმედად  მოჩანს,

ეშმაკსაც  კი  სძლევს  დღეს  ლაშქარი  ერთგული  მეფის!

 

,,უფლის  იმედად  ვიბრძოლოთო", დავითმა  ბრძანა,

სხვა  დროსაც  ბევრი  გვინახავსო  დღეები  ცხელი...

დღეს  გამოჩნდება, როგორ  გვიყვარს  ჩვენი  ქვეყანა,

მტრის  სასაფლაოდ  ვაქციოთო  დიდგორის  ველი!

 

რა იცის ქარმა?!

 

ქარი მოვა და მწველ ფაქიზ გრძნობებს

წაიღებს, დაყრის ვით ყვითელ ფოთლებს,

რა იცის ქარმა, რომ ჩვენს ნაზ ტოტებს,

უსახურებს და სულ შიშვლებს ტოვებს.

 

მოვა და ტანზე მოგვაყრის მიწას,

წრფელი ცრემლებით აგვივსებს თვალებს,

რა იცის ქარმა, რომ ნახავს სიზმარს,

მოვა და იქნებ, ჩვენ აღარც დავხვდეთ!

 

აფხაზეთს!

 

შიშველი ტერფით ვეხები მიწას,

რომლის მარცვლები მჭრიან და მწვავენ,

შორს დარჩა მწვანეათვალება რიწა,

ცრემლები დამდის ცხელი და მწვავე.

 

აღარ მთავრდება წამება ჩვენი,

იმ მიწის კვნესას ნეტავ ვით ვუძლებთ

და ლურჯ სისხლძარღვებს მიბურღავს ეჭვი,

თუ დაიბრუნებს დედა  შვილს უძღებს?!

 

ხნე მოგვცეს ღმერთმა!

 

მზე დაჰფენია ალაზნის მინდვრებს,

ხორბლის ყანები მზის გულზე წვანან,

თითქოს ვიღებდე ჯადოსნურ სითხეს,

ხნე ჰქონდეთ ამ ზვრებს, ხნე მათუსალას.

არ მოეშალოთ ფესვი და ძირი,

კვლავ ინახავდნენ ცეცხლსა და ღადარს,

კიდევ გაზარდოს ქართველმა გმირი,

ხნე მოეყაროს, ხნე მათუსალას.

ცა მოგვცეს ღმერთმა უფრორე ლურჯი,

სიოზე გვეთქვას, ,,მასუნთქა" ამას,

ზაფხული გვქონდეს, - სიმწვანე სულში,

ხნე მოგვცეს ღმერთმა, ხნე მათუსალას.

გადაძახილი რიონის, თერგის,

ალაზნის, ივრის... -  რას ვისმენ ამას!

გმირულ სულს კახის, იმერლის, მესხის,

ხნე მიეც, ღმერთო, ხნე მათუსალას!

    ------------

ხნე – წლოვანება

მათუსალა - ყველაზე მხცოვანი ბიბლიური პერსონჟი

 

შენ, კახეთო!

 

წვიმდა, წვიმდა, უცნაურად წვიმდა,

დასდიოდა ცრემლი მხოლოდ ვაზებს,

და კახეთის ამ საოცარ მიწას

მზე აფენდა ციდან ფიანდაზებს.

ღობე, ღობე, გავსებული ეზო

ყვავილებით  ქვევრებით და ჭურით,

შენ კახეთო, თეთრ ღრუბელთა  მწყემსო,

სიტკბოებით გამომივსე გული.

დაფენილი რუხნისლები ცაზე,

მოვედი და მყისვე შევიყვარე,

გვერდზე გადექ, საქართველოს მტერო,

მზე დაადგათ ხირბლის ნაფერ ყანებს!

 

შოთას წიგნის გადამრჩენი!

 

ისრიმისფრს იხდენს ზეცა

ვენახების, ბაღების,

ნეტავ თუა ვინმე ქვეყნად

ცისკიდურის გამღები,

ჩიტი ნაზი, ჩიტი ჭრელი

სადიდებელს მიგალობს,

ამ ქვეყნის და ამ ბარისას,

ტკბილ ძველ ზღაპარს მიამბობს:

როგორ ედო წიგნი დიდი

პატარა ბიჭს აბგაში,

გაიტანა თბილისიდან,

როცა იყო ალყაში,

ამით იმან უკვდავების

ალაყაფი შეაღო,

შოთას წიგნის გადამრჩენი,

როგორ აღარ შევაქო!

ბედმა როგორ აღარ გვწკეპლა,

აგვიჭრელა ღაწვები,

თუ გვყავს ბიჭი ამისთანა,

მაშინ როგორ გავქრებით,

ჩვენი ნესტან-დარეჯანი

ხელში არის ქაჯების,

ყველა ერთად გავისარჯოთ,

ავიკეცოთ მაჯები!

ისრიმისფერს იხდენს ზეცა

ვენახების, ბაღების,

ნეტავ თუა ქვეყნად ვინმე

ცისკიდურის გამღები,

მზეჭაბუკმა უკვდავების

ალაყაფი შეაღო,

შოთას წიგნის გადამრჩენი,

როგორ აღარ შევაქო!

 

შენ ხომ იცოდი!

 

შენ ხომ იცოდი, ჩემო თავო, რა არის ცრემლი,

მაშ, ბოროტებას რატომ ვეღარ წაართვი თავი,

მტკივნეულია, ვიცი, შენთვის ნაკბენი გველის,

მაგრამ სამყარო მხოლოდ დიდი ღალატი არის.

 

მეფერმკრთალები!

 

მეფერმკრთალები, დაგდებია თვალქვეშ ჩრდილები,

და ეფარები ავადმყოფი მოხატულ ფარდაგს,

უკან მოგდევენ გარდასულის ყრუ აჩრდილები,

ვინ ააკვნესებს ბებერ მტკვარზე დუდუკს და არღანს.

 

ხორხოცებს, ფრთხება შეძახილზე გამცემთა კასტა,

და რამდენია აქ შეკრული ღალატის ფიცით...

ქართვლის დედაო, შენს შვილებზე რა გითხრა გარნა,

მგელმა შეჭამოს, თუ შენ წინარ იხტუნებს კვიცი...

 

ჩამოსევდილა!

 

ჩამოსევდილა ჩემი ბაღი, ცრემლებს ღვრის ბია,

მგელთა ყმუილი შემომესმა, იქ სადღაც, გაღმით,

ამ ხმათა ექოს მუდამ ჩემი სამშობლო ჰქვია,

შემომსევია გულზე სევდა, ათასი დარდი.

 

მუსიკას რომ წერს, განმგებელი, მე ვინ ვარ?! ნოტი,

შევცვალო მინდა, მაჟორული მომესმას გამა,

მაგრამ ვინ მოგვცა ამის ნება, ოდით და ოდით,

ჯვარცმის ტკივილი .დასაბამით ტვირთია ქალთა.

 

უცნობი იყო არადა... (ლევან ალავერდაშვილს)

 

,,თქვენ მშვენიერი ხართ ქალბატონო!",

მითხრა და ჩემ წინ გაჩერდა,

მზერა ზეცას უნდა დაატოლოს,

თვალთა ზღვა ჰორიზონტს ავსებდა.

შავი მოეხურა მოსასხამი,

მოსასხამი თუ ლაბადა,

თითქოს ნაცნობის მონახაზი,

უცნობი იყო, არადა.

 

ვარდი მომაწოდა სიყვარულით

(ვისაც ყვარებია, გაიგებს),

მას მერე არ მწყინდება სიარული,

ჩემს ღიმილს ვარდებად ვარიგებ.

სიყვარულს გაჩუქებთ, მეგობრებო,

ღიმილსაც გაგატანთ ნამატად,

სიხარულს მოვფანტავ ეზო-ეზო,

დარდების არა მაქვს ატანა.

 ---------------------------------

შავი მოეხურა მოსასხამი,

მოსასხამი თუ ლაბადა,

თითქოს ნაცნობის მონახაზი,

უცნობი იყო, არადა.

 

ჩემო კახეთო!

 

ქამარ-ხანჯალით შეგმოსეს ვერცხლის,

და მზის გვირგვინი გიმშვენებს თავსაც,

ჩემო კახეთო, გიტევდა ბევრი,

გაუტეხელო ციხეო, დგახარ!

დგახარ და ერის ბურჯადა გსახავთ,

მამაპაპურო ჩვენო ვენახო,

არ მოგეშალოს შრომა და გარჯა,

ვაზთან ღიღინი, არ მოგეშალოს!

 

მეგონა, გიყვარდი!

(სატრფიალო)

 

ღრუბლებად ვიცურე ზეცაში,

ვიწვიმე, ცრემლები დავღვარე

მეგონა, გიყვარდი მზესავით,

მეგონა ვეწიე საწადელს.

დავწანი ყვავილებსტრიქონი,

იებად დაგკდე კისერზე,

მეგონა მოვიგე დიდგორი,

განა ვთანხმდებოდი მცირედზე.

ოღონდაც მომხედე, მითხარი,

თუნდ ერთი სიტყვა სულ წასვლამდის,

თავი რომ მეგონა მდიდარი,

სისხლ მაწვიმს ტკივილად მარაბდის..

 

რომ არ ამმღვრეოდი გუგებში!

მე შენთვის ვუკრავდი როიალზე,

და უცებ ეზოში აცივდა,

შენ რომ გადარებდი მოდილიანს,

პლედიც შემომასხი არც კი და.

თვალებს გაშეშებულს ვატარებდი,

რომ არ ამმღვრეოდი გუგებში,

მხოლოდ სწორუპოვართ გადარებდი,

შენ იყავ ერთადერთი ნუგეში.

მე შენთვის ვუკრავდი როიალზე,

უცებ და, ზეცაც მესხვაფერა,

თუ ვიყავ ნეტავ მგლოვიარე

და შენ  კი ლურჯი ეფემერა.

 

ვაჰმე...

 

ვაჰმე, ასე უცაბედად

რად მიმუხთლე, ავო ბედო,

სხვას თუ ოქრო-ვერცხლი მიეც,

მე სულ ია -ვარდი მერგო,

არც მინდოდა, ვამხელ, მეტი,

სულში სიყვარული ენთო,

გავცქეროდი დაბლა მინდვრებს,

მერცხლებს ამოევსოთ ერდო.

განა გთხოვდი მე კიდევ მეტს,

დავფრინავდი ნიავ-ქარად,

ქნარზე ლაღად დავმღეროდი

ურმულსა და იავნანას,

სად წავიდა სიჩაუქე,

ვეღარ ვებრძვი იმ ავსულებს,

ის რომ მივცე ჩემს სამშობლოს,

ასრე რიგ რომ იმსახურებს.

ზურმუხტი მტერს წაუღია,

ძოწეული, ქარვაც მიაქვს,

გაძარცვულა ქართლის ტევრი,

კვნესა მოაქვს მხოლოდ ნიავს,

დაქცეულა ეზო-კარი,

ვერ იწონებს თავსაც ოდა,

თავს ვიმშვიდებთ და ვიძახით,

,,წინაპარი ჩვენი ცხონდა",

რა ცხონება, ქართველთაგან

დაცლლია ჩვენი მიწა,

შემოგვცქერის თვალზე ცრემლით

ათონი და მწვანე რიწა,

შენ ქართველო, მაგ სხეულით

შენი სამშობლო რომ მიგაქვს,

ნეტავ, როგორ გინდა შეხვდე

ზენაართან ღვთიურ მირქმას.

 

შენ მითხარი!

(სატრფიალო)

 

შენ მითხარი, რომ  დედოფალს ვგავარ,

ვბრწყინავ ისე, როგორც ცვარი ვარდზე,

ლამაზებშიც გამორჩევით სხვა  ვარ,

თუმც დუმილით დარდს გიმატებ დარდზე.

 

შენ ამბობ, რომ  ავაზა ვარ ჭრელი,

წინწკლებს მითვლი, ქათიბს ეფერები...

მატყვევებენ  ეგ თვალები მწველი

და მათ მიღმა გულის ნადებს  ვხვდები.

 

აშკარაა, ცელქი ვნება გვიტევს,

ჩვენს ნაზ ჩურჩულს შორს წაიღებს ქარი,

სიყვარული მთელ  სამყაროს იტევს

და ცხოვრების დასაწყისიც  არი!

 

ესეც პოეზიაა!

 

გარეთ ქარი რომ თამაშობს,

ბავშვებს ჩაეზიარა,

ატრიალებს ბურთს და ანცობს,

ესეც პოეზიაა.

 

ფურისულა გაშლის ფურცლებს,

ზედ პეპელამ იარა,

სკაში დათვი თათებს ურევს,

ესეც პოეზიაა.

 

ვეღარ იტევს ყვავილს ველი,

წინ გაგვიშლის ფიანდაზს,

ყანას მკიან პაპას ცელით,

ესეც პოეზიაა.

 

ვაჟი ქალს აპურებს რწმენით,

ცხვარი მისდევს იალაღს,

რასაც ვერ გამოთქვამ ენით,

ესეც პოეზიაა.

 

ვწევარ ნაპირზე...

 

ვაი თუ ტალღამ გადამრეცხოს, ვწევარ ნაპირზე,

ქაფი აჟურულ მაქმანებად  მედება ტანზე,

ნეტავი ეს ზღვა რომ მღელვარებს, რაღას აპირებს,

ამ ჩემი ხორცის ნაფლეთების დაუყრის საკენკს

თევზებს ოქროსფერთ, ზოგი რუხი არის ან შავი,

არც მენანება, სიმართლე ვთქვა, მე ჩემი თავი,

ოღონდ ამ სულის მღელვარებას ვრცელი გზა მივცე...

ვაი, თუ ტალღამ გადამრეცხოს, ვწევარ ნაპირზე.

 

 

 

 ანასტასია საზანოვა 1886 წელს დაიბადა თბილისში. ცხოვრობდა ნახალოვკაში. დედა პატარა ასაკში გარდაეცვალა და დედინაცვალმა გაზარდა. ანასტასია ძალიან მორწმუნე გოგონა იყო და სახლთან ახლოს მდებარე ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში გალობდა. 

მჯდომარე ანასტასიასლავური გარეგნობის ანასტასიას ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა, მაგრამ მას ერთი უბრალო ღარიბი ოფიცერი შეუყვარდა და მასზე დაინიშნა კიდეც. დედინაცვალს გერის ეკლესიური ცხოვრება ძალიან აღიზიანებდა და არც მისი საქმრო მოსწონდა. 1905 წელს პირველი მსოფლიო ომის ფრონტზე ანასტასიას საქმროც გაიწვიეს. ოფიცერი მასთან სახლში გამოსამშვიდობებლად მივიდა, მაგრამ დედინაცვალმა უთხრა: ანა ჭკუიდან შეიშალა, გაკოჭეს და ფსიქიატრიულ საავადმყოფოში წაიყვანესო. სასოწარკვეთილმა ოფიცერმა იარაღი ამოიღო და ადგილზევე მოიკლა თავი.

არადა ანასტასია წირვაზე იმყოფებოდა, სახლში რომ დაბრუნდა და საქმრო მკვდარი იხილა, მუხლებზე დაეშვა და ამ დღიდან დაიწყო მისი მოწამეობრივი მოღვაწეობა. სურდა, თვითმკვლელის სულისათვის ელოცა. ხალხმა მას “მჯდომარე ანასტასია” შეარქვა. ანასტასია ათეული წლების მანძილზე, 1905 წლიდან 1970 წლამდე, სიცოცხლის ბოლომდე უძრავად, ქარსა და წვიმაში, მზესა თუ თოვლში საკუთარ ქუსლებზე იჯდა და განუწყვეტლივ ლოცულობდა.

მიუხედავად ამისა, ანასტასიას დედინაცვალი მაინც სასტიკად ექცეოდა, ყინვაში გამოდიოდა და ცივ წყალს ასხამდა. ერთხელ გამოუცხადა, შუა ეზოში რომ ზიხარ, გზაზე სიარულში ხელს მიშლიო და პატარა ქოხში შეუშვა, რომელიც ძაღლის სადგომს უფრო გავდა. მან ჩათვალა, რომ რადგან ჭერი ჰქონდა, ამით ღვაწლი შეუმსუბუქდა, ამიტომ დამსხვრეული შუშის ბოთლებზე დაჯდა. ბასრი ნამტვრევები ხანდახან ძვლამდე ატანდა.

მიუხედავად ასეთი გაუსაძლისი პირობებისა, ანასტასია უძრავად იჯდა და ლოცულობდა, მაგრამ ავად არასდროს გამხდარა და არც ერთი ჭრილობა არ გართულებია.

მასთან უამრავი ადამიანი მოდიოდა და ლოცულობდა, მაგრამ ხშირად დევნიდა პოლიცია მომლოცველებს. თუმცა ერთხელ პოლიციის ერთ–ერთი მაღალი ჩინოვნიკის შვილს პრობლემები შეექმნა. მჯდომარე ანასტასიაის მივიდა ანასტასიასთან და რჩევა ჰკითხა. პასუხად შეწევნა მიიღო და მას შემდეგ ისე სასტიკად აღარ დევნიდნენ.

ერთხელ მასთან საქართველოს კომპარტიის მაშინდელი ცეკას პირველი მდივანი ვასილ მჟავანაძეც იყო. ანასტასიას მისთვის უთქვამს: “ერთ წელიწადში წყალდიდობა იქნება თბილისში, მთელი მარჯვენა სანაპირო ჩაირეცხება, ამიტომ დამცავი ჯებირები გააკეთეთო”. მართლაც, მჟავანაძემ რუსეთიდან ფინანსები გამოითხოვა და ჯებირები გააკეთა. სწორედ იმ წელს, ანასტასიამ როგორც იწინასწარმეტყველა, მართლაც მოხდა წყალდიდობა, მაგრამ თბილისი გადარჩა.

ანასტასიასთან უამრავი სნეული მოდიოდა. მოჰყავდათ ბავშვები და მისგან შეწევნას იღებდნენ. იგი აიღებდა ვაშლს, ილოცებდა და ჯვარს გადასახავდა. გადმოცემით, ამ ვაშლის ჭამით ბევრი ადამიანი იკურნებოდა.

ღრმადმორწმუნე ანასტასია 1970 წელს გარდაიცვალა. ის 65 წელი ქუსლებზე იდგა და ფეხები შეხორცებული ჰქონდა. დაკრძალულია კუკიას სასაფლაოზე. ადამიანები დღემდე მიდიან მის საფლავზე, ვაშლებს აწყობენ, სანთლებს ანთებენ და ანასტასიას შემწეობას, ჯანმრთელობასა და გაჭირვების ჟამს დახმარებას სთხოვენ.

დავით დანელია




კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონ

სიჩუმე

 ერთხელ სიჩუმე მოვიდა ტყეში,

შეწყდა - გუ, გუ, გუ, მერცხლების ტია,

და ქარსაც გიჟმაჟს, ხანდახან შეშლილს,

შიშისგან კრინტიც  ვერ გაუღია.

არ გაინძრესო ერთი ფოთოლიც,

პირქუშად მდგარმა სიჩუმემ ბრძანა,

ცამდე აწვდილი იდგა გოდოლი,

სიჩუმის, შიშის დამდგარა ხანა.

უეცრად სადღაც იმ ტყესთან ახლოს,

გაიწკრიალა პატარა ზარმა,

თეთრი ბეკეკა მიადგა ახოს, 

ზანზაკალს კიდევ ხმა მისცა ასმა.

სიჩუმის წესრიგს მოეღო ბოლო, 

ატყდა სტვენა და ქარის რიალი,

ნუ დავიძინებთ ბოლომდე ოღონდ,

სადღაც ისმოდეს ზარის წკრიალი.




Friday, October 27, 2023

ზმანება (ხალხურ მოტივებზე)

 

ზმანება
(ხალხურ მოტივებზე)

მთებს შემოუცვამთ ნაბდები,
თავს ადგათ თოვლის ვარაყი...
ერთმანეთს გადასძახიან:
,,გადმო, დავლიოთ არაყი;

გავთბეთ, სისხლი რომ აჩქროლდეს,
მედგრად დავუხვდეთ ყინვასა,
პირზე ღიმილით ვუსმინოთ
მაგის კვნესას და გმინვასა!"

ქარს მოაქვს ღიღინ~ღიღინით,
არყით პირსავსე ხელადა,
მთათ მაიმარჯვეს ყანწები
სასმელის შესასმელადა.

,, ალავერდს" არის ყველასთან
მთების თამადა ,– მყინვარი,
გოჩასა ჰგავის, ხევისბერს,, –
მარადჟამს გაუცინარი.
ალალად ლოცავს მთა~გორებს,
ბარში, – გაფენილ ხავერდებს
და საქართველოს მომავალს,
სამყაროს შემქმნელს ავედრებს!
მაია დიაკონიძე
27. 10. 2023 წელი

 სიტყვაა ერთი, ქალიც და კაციც,

არ უნდა იყოს სიტყვა არც ფარსი,

რადგან ის არის  ფიქრიც და სახეც,

გატეხილ სიტყვას არა აქვს ფასი,

რა დავიჯერო მერე იმ კაცის?!


და გახსნილა ყველა ბჭენი სამყაროს ცნობის,

გამარჯვებებიც ამ მიწაზე ტყუილად არ მოდის,

მოვისხათ მხრებზე მოსასხამი რწმენის და ცოდნის,

რაიც გვშვენოდა ჩვენ ქართველებს, ოდით და ოდით!






 ყველა ჩემს ლექსებს დაწერის თავისი ისტორია აქვთ, გუშინ შუაღამეზე გამეღვიძა და ეს პატარა ლექსი ჩავწერე, დავდე ერთ გვერდზე, კომენტარი კაფიაც მივიღე ელგუჯა ციგროშვილისგან, გემრიელად ვიცინე::

სალაღობო
ამაღამ, შენ რომ გეძინა,
სანთლის გამოვყევ ნათელსა,
მინდოდა მოგფერებოდი,
ღვინოს გასმევდი ,,ატენსა",
ვნახე, გვერდს სხვა გიმშვენებდა,
თმებ მავჭერ იმ ჩვენ გამყრელსა,
მიკვირს, როგორ ვარ ცოცხალი
ან როგორ ვითმენ ამდენსა.
მაია დიაკონიძე
27.10.2023 წელი
--------------------
ლექსის კომენტარად
მე მუდამ მარტო ვიძინებ,
ტყუილადა გღრღნის ეჭვია,
ჩემ გვერდზე კატა წოლილა,
ბნელში ის გაგიკრეჭია.
დილით ატეხა კნავილი,
ვამშვიდებ წვალებ~წვალებით,
კატები დამცინებენო, —
სახეს იხოკავს ბრჭყალებით.
ეჭვმა ანგრია კოშკები,
რაც სიყვარულით აიგო,
ეჭვი რომ მავნებელია, –
ოტელომაც კი გაიგო
ელგუჯა ციგროშვილი
ქ. თესალონიკი, 27. 10. 2023 წელი

Thursday, October 26, 2023

მინიმა (სატრფიალო)

 მზეს რომ ლოყა შეეფაკლა, მზეს რომ ლოყა შეეფაკლა,

მე კი გულში მოვიწყინე,მე კი გულში მოვიწყინე,

ჩემი ის ხომ ვეღარ გახდა,ჩემი ის ხომ ვეღარ გახდა,

გულში რაზედ ჩამივარდა, განზე რად არ გავიწიე?!

შემოდგომაა!

შემოდგომაა!
შემოდგომაა და როგორც ბავშვი,
ზეცისკენ ავწევ მე სურვილტოტებს,
ლურჯი გემივით იალქნებს გავშლი,
იქნებ, ღრუბლებთან ლხინიცა მქონდეს.
ჩაიწევიან ღრუბლები გვერდზე,
რომ შემოსწრებულს ,,ლილე" მიმღერონ,
მეც მომადგება ამ ენის წვერზე,
,,არ დაგვიბნელდე, ცაო ცისფერო!"
მაია დიაკონიძე
26.10.2023 წელი



Wednesday, October 25, 2023

ექსპრომტად მაიკოს! ავტ. თამარ ნადირაშვილი

 მიტომ მიყვარხარ, რომ არა გაქვს აზრები ამო

და რასაც ფიქრობ, რომ ყოველთვის პირდაპირ ამბობ.
გიხარის თუ გწყინს, არა მალავ, არა გაქვს გარსი
--აი, რა არის კარგო შენი მთავარი ფასი.
(რასაც ვფიქრობ მაიკო შენზე ბოლოს)
თამარ ნადირაშვილი

ეს მერამდენე

 ეს მერამდენე

ეს მერამდენე შემოდგომა ჩამოცლის ფერებს
და დაახვავებს მთებზე, ხევში ფოთლების გროვას,
მთელი ცხოვრება სულ ვეძებდი ბავშვობის ედემს,
რომ დავლანდავდი დედას თვალის სარკეთა ოვალს.
ააშრიალებს ხეებს ქარი, წამოვა წვიმა,
გავშლი მე ხელებს და ვიცეკვებ ქარებთან ფოქსტროტს,
უკანასკნელი იმედები ქარიშხალს მიაქვს,
ახლა კი მალე, ჩემს გულშიაც საცაა მოთოვს.
მაია დიაკონიძე
25.10.2023 წელი