Friday, January 7, 2022

მე თვითონ ვირჩევ! ავტ. ელგუჯა ციგროშვილი

 

მე თვითონ ვირჩევ!

 

1. იქნებ ისეთი სულაც არა ვარ,

შენს ოცნებებში როგორიც ვიშვი,

მე მაინც შევყეფ გრძნობის ქარავანს

და... გულით დამაქვს ფინიას შიში.

 

2. წუთისოფელი თავის გზით მიდის,

ჩემი ხმა იქნებ არც ესმის არვის...

არ ვარ ამგები კოშკების დიდის,

არც ბროლისა და არც კიდევ ქარვის.

 

3. დიოგენივით კასრის წინ მჯდომი,

თავს არვის ვახვევ ჩემს აპათიებს...

მაგრამ ჩადგომას, მზეს და ჩემს შორის,

იმპერატორსაც არ ვაპატიებ.

 

4. ცხოვრება უფლის განაჩენია

და არა მინდა მე საზიარო...

რადგან ჩემი გზა მხოლოდ ჩემია,

მე თვითონ ვირჩევ, ვისთან ვიარო!

 

ელგუჯა ციგროშვილი

ქ. თესალონიკი, 06.06 2016 წელი

No comments:

Post a Comment