დამისიზმრეო, მეუბნები ჩემო კეთილო,
განა სიზმარი, ჩვენ მოკვდავებს, გვემორჩილება,
ან ოქროს ყანამ ქარში როგორ გაიჯეჯილოს,
თუ ქარი თავად არ დააწვენს ყანას ზვირთებად.
დამისიზმრეო, ადვილია ალბათ სათქმელად,
და უსასრულოდ ნეტარია შენზე ფიქრები,
და ოცნებანი, ვეჭვობ, ჩემო, სიზმრად დარჩება,
და მხოლოდ სადღაც, მიღმიერში, ერთად ვიქნებით.
მაგრამ იქნებ და, გამიღიმოს ღმერთმა ზეციდან,
და ახდეს ჩემი სიზმარი და ნაოცნებარი,
თვით გაზაფხული რომ გვასმევდეს ნექტარს პეშვიდან
და ერთად ვრთავდეთ ყვავილებით რქებს ნისლა ხარის.
(და სიყვარულს მოსანათლად გვედგას ემბაზი).
No comments:
Post a Comment