Friday, January 7, 2022

სადაც თქვენა ხართ... ავტ. ელგუჯა ციგროშვილი

 

სადაც თქვენა ხართ...

 

1. გამოგვიმეტა უფალმა ძებნად,

მარადიული სიყვარულისთვის...

განა არსებობს საქმე ამქვეყნად,

რომ ვერ გადასდო ქალის გულისთვის?

2. თქვენ ხართ საწყისი და დასაბამი,

უთქვენოდ ყოფნა ყველგან ძნელია...

ევას გულისთვის, პაპა ადამი,

ედემის ბაღსაც კი შეელია.

3. თუმც არსად ჰქონდათ ღამის სათევი,

არც დაუტუქსავს თავისი ცოლი,

არ იცოტავა მისი მზითევი,

ტანზე აკრული ლეღვის ფოთოლი.

4. სადაც თქვენა ხართ, სულ სამოთხეა,

ყოველ თქვენთაგანს ვიღაცა გჩემობთ,

თქვენს გვერდით თითო ცნობადის ხეა",

ჩვენც სულ მზადა ვართ ხილი ვიგემოთ.

5. ვის მობეზრდება, აბა, ცქერა მზის,

ან ვინ შეგხედავთ თქვენ დაწუნებით?

ყოველ ქალში ხომ თავად ევა ზის,

თავის ეშხით და თავის ცდუნებით.

 

ელგუჯა ციგროშვილი

ქ. თესალონიკი, 16.06.2016 წელი

 

No comments:

Post a Comment