Saturday, January 15, 2022

აღსარება (მოთხრობა)

   ეჰ, ნამეტანი მამთქნარებს, ალბათ, ჰაერი არ მყოფნის, ნეტავ, ექიმები სად გადაიკარგნენ, სანიტარიც რომ არ ჩანს, რა ხდება, ნეტავ?! უპატრონოდ ამომხდება სული, ვხედავ! ამ ავადმყოფებსაც რომ ვერ დაელაპარაკები, აზრზე არ  არიან (გადახედავს გვერდზე მწოლიარეებს)! ასეთ გიჟებს პირველად გადავაწყდი, გიჟები კი მინახავს... მახსოვს, ერთი ტიპი არავის ელაპარაკებოდა, დილიდან საღამომდე დადიოდა და დადიოდა, სანამ ქანცი არ გაუწყდებოდა, საჭმელსაც "ნახადუ" ჭამდა, დედა მიაწვდიდა ხოლმე, თავის სახლთან რომ ჩაივლიდა, ან კიდევ, ვახო, საცოდავი... ეტყოდი, ტვირთი წამომიღეო, წამოიღებდა, რამდენ კილოიან ტომრებს აზიდვინებდა მთელი უბანი, მაგის გარეშე რემონტი არ გაკეთდებოდა კორპუსში, არც ეცოდებოდათ!  მახსოვს, ერთხელ ქვაზე დამჯდარი ტიროდა, წელი მტკივაო, ნუ ზიდავ-მეთქი ამ ტვირთებს, ვუთხარი, აბა, რა ვაკეთოო?! გაანათლოს მისი სული ღმერთმა, უწყინარი კაცი იყო, მშრომელი... ჩემი დაწყებითის მასწავლებელი რა გიჟი არ იყო?! როგორ უმოწყალოდ მცემდა! ყური ლამის ამაგლიჯა ერთხელ, სისხლი მომდიოდა... მეც კარგი ჩიტი ვიყავი, სამაგიერო ჩემდაუნებურად რომ გადავუხადე... (ჩაიხითხითა თავისთვის), საცემრად გამოიწია, ჩემი შარვლის ზონარი სკამს წამოედო, რომ გავურბოდი, სკამი აყირავდა, კი წამოიპლაკა ეს ჩვენი მასწავლებელი, ნიფხავი გამოუჩნდა, მთელი კლასი ხარხარებდა, არავითარი თანაგრძნობა, ალბათ, სხვებიც ჰყავდა გამწარებული ჩემსავით, არა, ცელქი კი ნამდვილად ვიყავი, არ უარვყოფ, მოუსვენარი ბავშვი გახლდით, ახლა ჰიპერაქტიურს რომ ეძახიან, არავის ვუჯერებდი, სახლშიც ხშირად მხვდებოდა მამასგან, მაინც, მეც რა ჯიუტი ვიყავი, არ ჩახვიდეო მტკვრის ნაპირზე, მეუბნებოდა და მაინც ჩავდიოდი, არ იარო კლდეებზეო და მაინც ავდიოდი, იმას ეშინოდა, რამე არ მომსვლოდა, ხიფათს არ გადავყროდი! გოგია ჩემს თვალწინ არ დაიხრჩო?! ახლაც  მიყურებს, აგერა დგას, მგონია, ბიჭო გოგია, როგორა ხარ იმ ქვეყანას?! (სივრცეს მიმართავს, ორი თითი საფეთქელთან მიაქვს, თითქოს "ჩესტს" იღებს, თვითონვე ეცინება), მართლა გიჟი არ ვეგონო ვინმეს (აქეთ-იქით გაიხედ-გამოიხედავს, ყველას სძინავს), ჩვენ რას გიშველიდით, ძმაო, მორევმა ჩაგითრია, ვერ ამოგიყვანეთ, ჩვენი ჯოხები შენ ვერა გწვდებოდა, ბევრს ვეცადეთ, უფროსებსაც გვიან დავუძახეთ, გაგვიბრაზდებიანო, გვაპატიე! (სლუკუნით წარმოთქვა ბოლო სიტყვა და ისევ გვერდზე გაიხედ-გამოიხედა, ხომ არავინ მისმენსო,... სიჩუმე იდგა, ფსიქიატრიული საავადმყოფოს პაციენტებს ეძინათ, მხოლოდ ხანდახან გაისმოდა რომელიმე პალატიდან გმინვა ან შეძახილი, ისიც უცებ წყდებოდა), არა, მართლა, მეც კარგი გიჟი ვიყავი... ბოთლი რომ ვისროლე და ჩემს ძმას მოხვდა, გადაატყდა ზედ, მთელი ზურგი დასერილი ჰქონდა, სისხლი თქრიალით მოსდიოდა, ძალიან კი ვინერვიულე მაშინ, ეგ ხომ მაინც არ მინდოდა, ჩემს უფროს დას დაუძახეს მეზობლებმა, დედ-მამა სახლში არ იყო, იმანაც არ იცოდა რა ექნა, ცივი ტილოს ნაცვლად ცხელს ადებდა ჭრილობაზე, ისიც პატარა იყო მაშინ, ჭკვიანი კი გვეგონა, სულ ხუთებზე სწავლობდა, მაგრამ რა იცოდა, რა გაეკეთებინა, მართალია, ჩემზე უფროსი კი იყო სამი წლით.... ახლაც მახსოვს სისხლის სუნი, კიდევ კარგი, ჩვენი კორპუსის ქვევით პოლიკლინიკა იყო, ექიმებმა იქ გადაიყვანეს და ჭრილობა გაუკერეს, მაგრად გადავრჩი მაშინ, არავინ გამჯავრებია, მიხვდნენ, რომ ძალით არ მინდოდა.... ეგ პოლიკლინიკა რომ არა, რამდენი უბედურება დაგვატყდებოდა თავს ჩვენს ოჯახსაც და მეზობლებსაც, რამდენჯერ გადავურჩენივართ ექიმებს, დედაჩემს ჩვენ, მე და ჩემი და, მაგათმა გააზრდევინეს, სულ ჩვენს სახლში იყვნენ, ტყუპი გაჩნდა, გოგო და ბიჭიო და დიდ დახმარებას უწევდნენ, ექთანი ამოდიოდა და ეხმარებოდა, როგორც დედა ყვებოდა, რძე რომ არ გვყოფნიდა, მაწონს გვიმზადებდნენ და ამოჰქონდათ, აძაგე ახლა შენ კომუნისტები... ახლა ვინ მოვა და მოგემსახურება, ბავშვის საჭმელში იმდენი ფული უნდა დახარჯო, სული გაგძვრება შენ და ოჯახსაც... ცუდი დრო დადგა, ცუდი.... (თავი გადაქნ-გადმოაქნია). მაშინაც, სახლში ტყვია რომ მომხვდა, ფანჯრიდან შემოფრენილი, მაგ ექიმებმა არ გადამარჩინეს?! ჩემმა დამ დაუძახა, დედა არტერიაზე ხელს მაჭერდა, შადრევანივით ასხამდა სისხლი, როგორც დედა და ჩემი და ყვებოდნენ, თორემ მე კარგად არც მახსოვს, რა ხდებოდა. არა, ის ახალგაზრდა ბიჭიც გიჟი იყო უსათუოდ, თორემ რა გრჯის, შე უპატრონო, გორაზე იდგე და წინ კორპუსებისკენ ისროლო იარაღი?! გეკოს ტყვია იყოო, ასე თქვეს ექსპერტებმა, როცა შეამოწმეს, ისიც ნახევარი ამოიღეს,შუაზე იყო გატეხილი, ერთი ნაწილი კუნთში დამრჩა, რომ გავჭრათ და ამოვიღოთ, კუნთი დაზიანდებაო, თქვეს ექიმებმა, შეიძლება მოეღრიცოს კისერიო, ჩემს მტერს მოეღრიცოს ასე ცხოვრება, მე რომ მომეღრიცა, მას მერე კი დავდივარ კისერში ჩარჩენილი გეკოს ტყვიით (კისერზე , ნაჭრილობევზე, მოისვა ხელი), ალბათ, როგორ მწამლავდა ბავშვობიდან, მაშინდელმა ნარკოზმაც იმოქმედა, წესიერად ვეღარ ვსწავლობდი, მამაც მათამამებდა, შენიშვნას აღარ მაძლევდა, რა გადაიტანა ჩემმა ბიჭმაო, ვეცოდებოდი, მას მერე კი გავთამამდი და გადავირიე, მას მერე დაიწყო ჩემი უბედურობები, ხან სად გავყოფდი თავს და ხან სად... ეჰ, მამა, მამა! შენი შემოხედვა მახსოვს, საოპერაციოში რომ შევყავდი, გვერდზე მომყვებოდი, თვალებში ცრემლი გედგა, არასოდეს დამავიწყდება შენი გამოხედვა, მაშინ მივხვდი რომ გიყვარდი, მანამდე კი ეჭვი მეპარებოდა, სულ რომ მიბრაზდებოდი... (თვალებზე ცრემლები მოადგა, ერთ წერტილს მიაშტერდა), ახლაც ვიცი აქ ხარ, ჩემთან, ნერვიულობ, ისევ ხლაფორთში გაეხვაო, სმას თავს არ ანებებს, ფიქრობ, რა უხეირო გავზარდეო, არაფერი არ გამოვიდაო ამისგან, არა და რა იმედი გქონდა, რამდენს გვამეცადინებდი მე და ჩემს და-ძმებს, რა ენერგია გქონდა, რა სიყვარული მეცნიერების მიმართ, მე ნამდვილად ვერ დაგემსგავსე, მარტო ნინოა შენნაირი სწავლის მოყვარული, მაგრამ მაგასაც არ აეწყო ცხოვრება, გათხოვდა და დაიქცა ქვეყანა, დაიშალა საბჭოთა კავშირი, ვიღას  უნდა მეცნიერები, ჭკვიანი და განათლებული ხალხი, კი ჩაჯდა სახლში, ბავშვები გაზარდა, მაგრამ ქვეყანას ხომ მოაკლდა ერთი ჭკვიანი ქალი, რომ მოენდომებინა, პრემიერ-მინისტრიც გახდებოდა და პარლამენტის თავმჯდომარეც, ეჰ, არ უფრთხილდება ქვეყანა ჭკვიან ადამიანებს, რამდენი საზღვაგარეთ წავიდა, რამდენი ნერვიულობისგან, ცუდი ცხოვრებისგან, შიმშილისგან დაიღუპა, გარშემო ვინღა შემორჩა? ვიხსენებ ახლა და (თითებზე ითვლის) თაზო გერმანიაშია, ლილი - საფრანგეთში, იურა - რუსეთში, ლუარა მთელი ოჯახით ამერიკაში გადასახლდა, ღმერთო, სამხატვროში ვისთანაც ვსწავლობდი, უმრავლესობა უცხოეთში ცხოვრობს, ლილიმ, ამას წინათ რომ იყო ჩამოსული, პასტელის ფანქრები ჩამომიტანა, რა ხარისხია! ასეთს აქ ვერ ნახავ, ნახავ და, ისეთი ფასი ადევს, მაგის ყიდვა სად შემიძლია...(შუბლი მოიფხანა, ისევ გვერდზე გაიხედ-გამოიხედა, მიაყურადა, ხომ სიმშვიდეაო). ისე, ექიმებს ძალიან უყვართ მხატვრები, რომ გაიგეს მხატვარი ვარ, ძალიან გაეხარდათ, ფანქრებს და ფურცლებს მოგიტანთო, კი შეასრულეს, ლალი ექიმის პორტრეტი ხომ დავხატე, მგონი, კარგი გამომივიდა, ახლა ნიკო ექიმისას დავხატავ, კარგი ადამიანები არიან, აქაურ პაციენტებსაც როგორ უხარიათ! თვალებში შემომციცინებენ, ჩვენც გვინდა ხატვაო, მეშინია, ფანქარი რომ მივცე, ვინმე არ დააზიანონ, მაგათ რას გაუგებ, მაგრამ ისე კარგი იქნებოდა, კერამიკული საამქრო გაგვეხსნა აქ, თიხაზე იმუშავებდნენ, რა იციან ზოგიერთებმა, რა სასიამოვნოა თიხაზე მუშაობა, ქართველ კაცს თიხა უყვარს, ტრადიციულია, მიყვარს თიხის დოქები, ქვევრები, გულს უხარია მათი დანახვა, ეს საწყლებიც ( გადახედა გვერდზე მწოლიარეებს) გაერთობოდნენ, ცხოვრება შეუმსუბუქდებოდათ, კი შევთავაზე ექიმებს, ხელმძღვანელობას ვეტყვითო, ვნახოთ, რა იქნება.... ეს დალოცვილი, სულ არ მეძინება, ამეშალა ფიქრები. (პალატის კარი გაიღო, ექიმი შემოვიდა, მწოლიარეებს გადახედა, მღვიძარემ თავი მოიმძინარა, არ უნდოდა ლაპარაკი, ბავშვობის სამყაროსთან განშორება ეძნელებოდა, ფეხაკრეფით გავიდა დიტო ექიმი, არავინ გავაღვიძოო), იშვიათი ადამიანი იყო, პაციენტების მდგომარეობას ძალიან განიცდიდა, თვითოეულისთვის მამაც იყო, დედაც, დაც და ძმაც. ბევრს ახლობლები აღარ აკითხავდნენ, ურეკავდა, მოდით ნახეთ, უთქვენობა უჭირთო. აიძულებდა ეზრუნათ ავადმყოფებზე. ასეც უნდა იყოს, ექიმი ყურადღებიანი მესმის, აბა ისაა, მარტო ფულს რომ გადაიხდი და როდის გამოხვალ კაბინეტიდან, როდის გათავისუფლდებიან შენგან, იმას ფიქრობენ. ჩემი და ნინო, გაოცებული დარჩა, ენდოკრინოლოგთან მივედი, ისეთი ყურადღებით მექცეოდა, ისე მეფერებოდა, გაგიჟებული გამოვედიო, რუსეთში, ლენინგრადში, ახლანდელ სანკტ-პეტერბურგში ნაცხოვრები და ნამუშევარი ქალი იყო, გაკვირვებული გახლდათ, აქ, საქართველოში,  რა ცუდად ექცევიან დიაბეტით დაავადებულ პაციენტებსო, ეს დიაბეტიც ნეტავ საიდან აიკიდა, საკვირველია, ჩვენს ნათესაობაში არავის ჰქონია,მაგრამ ეტყობა, ნერვიულობისგან თუ დაემართა, ძალიან მგრძნობიარე ადამიანია, ამას წინათ მომიყვა, ერთმა ენდოკრინოლოგმა კაბინეტიდან გამომაგდო, შენ ურჩი პაციენტი  ყოფილხარ, შენთან ლაპარაკის თავი არა მაქვსო, და გარეთ დაჯექი, დერეფანში, მანდ მოიფიქრე კითხვები, რაც გაინტერესებს, მერე შემოდი, პასუხს გაგცემო, ამდგარა, წამოსულა, შეურაცხყოფილად იგრძნო თავი, გაგიჟდება ადამიანი, კაცი ექიმი და ასეთი უტაქტო ვერ წარმომიდგენია, ქალთან მოქცევა რომ არ იცის, კი დარჩა ჩემს დას კონსულტაციის ფული ტყუილად გადახდილი, თანაც ვითომ სამაგალითო კლინიკაში კი მივიდა, ეჰ, ძველი ხალხი ამბობდა, ექიმმა ავადმყოფი სიტყვით უნდა მოარჩინოსო... გართულდა, ძმაო, ცხოვრება, აღარავის ვჭირდებით, გიჟები კი არა, ნორმალური ადამიანიც ამათთვის მარტო საარჩევნო ბიულეტინია, ყველა მთავრობა ხომ თავისთვის იღწვის, ემჩნევა კიდეც ამ ქვეყანას, რამდენი გიჟი უპატრონოდ დაიარება, უწამლოდ დარჩენილები კი რას არ სჩადიან, კაციც ბევრი მოუკლავთ, არ იციან დანდობა, ტვინი რომ გადაეკეტებათ, ზევითაც (მთავრობაში) ბევრი იყო გიჟი და არანორმალური, მაგრამ ვინ ამოწმებს და ვინ სჯის?! ჩემმა ახლობელმა, გიჟია, პოლიციელებმა ისე სცემეს, კომუნისტებისდროინდელ ამბავს ვყვები, წინწკილაზე აღმოჩნდა, ახლა შიოდა და რაღაცა მოიპარა ბაზრობაზე, ციხეში ამოაყოფინეს თავი, შე, დალოცვილო, შენ, მილიონებს რომ იპრავ და საშვილიშვილო ქონებას აგროვებ, ცოტა გაჭირვებულებსაც მიეცი, კაცს პურის ფული რომ არ აქვს და ბავშვი უკვდება შიმშილით, მოიპარავს, აბა, რას იზამს?! თითქოს ვიღაცას მიმართა კაცმა, ისევ გაიხედ-გამოიხედა, არავინ მისმენდესო, ბალიშზე დადო თავი, - ახლა დავიძინებ, თორემ დილით არაფრის თავი აღარ მექნება, ხვალ ჩემიანები მოვლენ სანახავად, - წაიჩურჩულა და ფიქრებით და განსჯით დაღლილმა  ძილს მისცა თავი. ბავშვობის სურათები დაეხატა სიზმარში.

  ვანიკოს და ნიას გოგი პაპა ძალიან უყვართ, ის სოფლის ბოლოში ცხოვრობს, თვითონ მეორე პაპასთან ჩადიან სტუმრად, სოფლის დასაწყისში ცხოვრობს ბებიასთან ერთად, მარტოობა რომ არ აგრძნობინონ გოგი პაპას ( ლილი ბებია ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა), ხშირად მიდიან ხოლმე მასთან და ეზოში ჯერარშესულები შორიდან ყვირიან: - პაპა მოვედით! - იქვე მდგარი მთა ექოს გამოსცემს და ისიც იძახის: -  პაპა, მოვედით, მოვედით! - ხმა უგრძელდება და დიდხანს გუგუნებს ერთსა და იმავეს, მერე გოგი პაპას სახლთან რომ ნაკადული ჩამოდის, ისიც ამღერდება ხოლმე, - მოვედით, მოვედითო, ახლა ჩიტები აჭიკჭიკდებიან: - მოვედითო, - მოკლედ შეიქმნება ბუნების ზეიმი. პაპაც, სადაც არ უნდა იყოს, გაიგონებს შვილიშვილების ძახილს, ულვაშებს გადაიწკიპავს, წვერზე ხელს ჩამოისვამს და ეგებება ბავშვებს ღიმილით, მაგრამ იმ დღეს კაცი არა და არ გამოჩნდა, იძახეს ბავშვებმა, იძახეს, ეზოშიც ყველაფერი მოათვალიერეს, ჩამიჩუმი არსაიდან ისმოდა. გულდაწყვეტილები სახლში გაბრუნებას აპირებდნენ, რომ მოულოდნელად პაპას ხმადაბალი საუბარი გაიგონეს, - ჩემო ჭრელა, ცოტაც მოითმინე, ცოტაც მოითმინე  და პატარაც გეყოლება, - გაოცებული ბავშვები იქით გაეშურნენ, საიდანაც ხმა მოდიოდა და ბოსლის კარს მიადგნენ, ჩუმად შეაღეს, პაპას ძროხისთვის შემოეხვია ცალი ხელი, მეორეთი სახეზე ეფერებოდა და ცრემლებს უწმენდდა, ახალგამოჩენილებს დაუძახა, სახლში შედით, თბილი წყალი მომიტანეთ, სადაცაა პატარა ხბო დაიბადებაო. ბავშვებმა არ დააყოვნეს, ვედრო წყლით აავსეს, ცალ-ცალი ხელი მოკიდეს სახელურზე სხვადასხვა მხრიდან,  მარტოები ვერ ზიდავდნენ და ბოსელში შეიტანეს, ახლა ჩვრებზე გაგზავნა პაპამ ბავშვები, დაგვჭირდება, ახალდაბადებული ხბო სისუფთავეში ხომ უნდა იყოსო, ისინიც მონდომებით ასრულებდნენ მის დავალებებს, ბოლოს კი მხიარული შეძახილებით ამხნევებდნენ ძროხას და მალე საოცრებაც მოხდა, პატარა ხალებიანი ხბო  გაჩნდა, ახალდაბადებული ფეხზე ძლივს დგებოდა, მაგრამ ბავშვებს თვალს არ აცილებდა და ცნობისმოყვარეობით უმზერდა, - ამათ ვის ვხედავო?! - ალბათ, ფიქრობდა კიდეც. რამდენიმე საათში კი პატარა ბაინდურა, ასე დაარქვა ვანიკომ, უკვე ეზოში დადიოდა ბავშვების გასახარად, თუმცა დედას გვერდიდან არ სცილდებოდა, შორს წასვლის თავი არც ჰქონდა, სუსტი ფეხებით ძლივს დაბანცალებდა. დედა ჭრელაც სიყვარულით ულოკავდა ქოჩორს, ესიყვარულებოდა თავის ერთას.

   რამდენიმე დღეში ისე გაყოჩაღდა პატარა დეკეული, გოგი პაპამ აუხსნათ, რომ დეკეული დედალ ძროხას ჰქვია, ორ-სამ წლამდე, სანამ თვითონაც ხბოს არ გააჩენს, რომ ბავშვებთან თამაშიც გააჩაღა, გამოქანდებოდა და პატარა რქებით ხან ნიას დაეჯახებოდა, ხან ვანიკოს. ბავშვებსაც მეტი რა უნდოდათ, სიხარულით ეთამაშებოდნენ, თუმცა ნია ხანდახან ზღართანსაც მოადენდა ხოლმე მიწაზე, მაგრამ ბალახიანი მოლი იფარავდა, არაფერი სტკენოდა.  მუცელზე ღუტუნივით გრძნობდნენ ბაინდურას პატარა რქების მირტყმას, იცინოდნენ გულიანად ბავშვები. - ბაინდურა ჩემკენ! - დაიძახებდა ვანიკო, - არა, ჩემკენ! - აყვირდებოდა ნია, - ჩემკენ, ჩემკენ! - ექოს მისცემდა და გააგრძელებდა მთა, მერე ნაკადული არატრატდებოდა - ჩემკენ, ჩემკენო, - მერე ჩიტები აყვებოდნენ - ჩემკენ! - და იდგა ბუნების ზეიმი. 
    დილით ნასიამოვნებმა გაიღვიძა, თავისი ტყუპისცალი და რომ ნახა სიზმარში. მზე ელამუნებოდა სახეზე, ეფინებოდა პალატის კედლებს,გაეღიმა, დღეს მისიანები უნდა მოვიდნენ, ალბათ, აქედანაც მალე გაწერენ, სხვა ცხოვრებას დაიწყებს... ყველაფერი გამოუვა.

   

No comments:

Post a Comment