ვინაიდან ისტორიების მოყოლა ძალიან მიყვარს, ამ ახალ წელსაც ერთს მოვყვები: აგარაკზე ჩვენს მოპირდაპირედ ერთ ქალს ჰქონდა სახლი. ადრიდანვე, ბავშვობიდან ვიცნობდი ამ ადამიანს, სადღაც ჩემი ტოლა გახლდათ. 90-იანებში თურქეთშიც ემუშავა, იქიდან გერმანიაშიც გადასულიყო, მაგრამ ბოლოს მაინც სამშობლოში დაბრუნებულიყო. არც ქმარი ჰყავდა და არც შვილები, თუმცა ულამაზესი ქალი იყო, ამიტომ ძალიან გამიკვირდა, როდესაც მის ეზოში პატარა ბავშვები დავინახე, თანაც გერმანულად მოსაუბრენი, მერე გერმანელი კაციც შევამჩნიე. აღმოჩნდა, რომ დიშვილი, რომელიც გერმანიაში ემიგრანტობის დროს თვითონ წაეყვანა, იქ გათხოვილიყო და ახლა მასთან სტუმრად ჩამოსულიყო ქმრით და სამი შვილით. ძალიან მომეწონა ეს გერმანულად მოტიტინე პატარები, სიხარულით რომ დასდევდნენ ქათმებს, კატას, ძაღლს, იქ ქალაქში ცხოვრობდნენ თურმე და შინაური ფრინველები და ცხოველები ასე სინამდვილეში ნანახი არ ჰყავდათ. რამდენჯერმე გზაზე მარშითაც ჩაგვიარეს მამამ შვილებით. მოკლედ, აღფრთოვანებული დავრჩი ამ ოჯახით, თუმცა გული დამწყდა, ქართული რომ არ იცოდნენ ბავშვებმა, ეტყობა, დედა არც ცდილობდა ესწავლებინა. არ ვიცი, რამდენი ხანი დაჰყვეს საქართველოში, დაბრუნდნენ გერმანიაში. რაღაც პერიოდის შემდეგ ამ ჩემი ნაცნობის დიშვილი ნათესავის ქორწილში ჩამოვიდა საქართველოში მარტო. ქორწილში გაუცვნია იმერელი ბიჭი და უგონოდ შეყვარებია. მეუღლე მასთან შედარებით ასაკით ცოტა დიდი გახლდათ. არ ვიცი, ამის ბრალი თუ იყო ეს ყოველივე, თუ ქართველისკენ, მშობლიური სისხლისკენ, გაუწია გულმა, თუმცა ასეთ საქციელს ვერ გავამართლებ, მეუღლეს გაეყარა და ამ ახალგაზრდა კაცზე დაქორწინდა. წაიყვანა გერმანიაში. ეყოლათ პატარა ვაჟკაცი. ქალი ბედნიერად გრძნობდა თავს, მაგრამ ერთ დღეს გაიღვიძა, ქართველი მეუღლე სახლში არ დახვდა, წაღებული იყო ოქრო, ფული, რაც ჰქონდა ქალს დანაზოგი, ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ, ვეღარავინ იპოვა. დარჩა ეს ჩვენი ქართველი ქალი მარტო, ოთხი შვილით. ისევ ამ გერმანელმა კაცმა მიიღო გულატირებული ქალი, დაამშვიდა, დააწყნარა, შეურიგდა, ბავშვს თავისი გვარი მისცა. არ ვიცი, რა ქნა ამ ქალმა მას მერე, შეიფერა თუ არა მასთან შერიგებული პირველი ქმრის ეს კეთილშობილური საქციელი, ეს ჩემი მეზობელი ქალბატონი თურქეთში წავიდა სამუშაოდ და იქ გათხოვდა, ასე იფანტებიან ქართველი ქალები მთელ მსოფლიოში. არ ვიცი, ქართველი კაცები აპატიებდნენ თუ არა ასეთ საქციელს ქალს, არა მგონია, თვითონ კი ხშირად ღალატობენ, რაც ძალიან მტკივნეულია ქალისთვის. ზოგი არ იმჩნევს, ზოგი თავს იკლავს, ზოგი ეყრება, ზოგიც არ ეყრება, მაგრამ რის ფასად უჯდება ამ კაცთან ცხოვრება?! კაცებო, მოუფრთხილდით მეუღლეებს, ნუ ატკენთ გულს. ქართველი ქალი უნიკალური ფენომენია მთელ მსოფლიოში, უცხოელები ხვდებიან მის ფასს, იმედია თქვენც! იმ ქალის საქციელს ნამდვილად არ ვამართლებ, ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია ღალატი ქალისგანაც და კაცისგანაც.
No comments:
Post a Comment