დღეს ოჯახზე მინდა ვისაუბრო, საზოგადოების ამ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტზე, რომელიც დიდ როლს ასრულებს ერის გამრავლების საქმეში და რომელიც, ისევე როგორც სხვა ინსტიტუტები, ჩამოშლის პირასაა.
თუ წარსულში გადავინაცვლებთ და იუმორით შევხედავთ საქმეს, ოჯახის შექმნის ინიციატორები ქალები უნდა ყოფილიყვნენ. ევამ ალბათ გადაწყვიტა, არავისთვის დაეთმო ადამი, მისი შვილების მამა და პირველი ოჯახიც შეიქმნა. რა იცოდა ევამ, რომ ბევრი შემცილებელი გაუჩნდებოდა ადამის გულში, თორემ იმ გველს არ მოუსმენდა და იმ ავადსახსენებელი ვაშლითაც არ აცდუნებდა ადამს. იქნებოდნენ სამოთხეში თბილად და ტკბილად, მაგრამ ეს რომ არ მომხდარიყო, მათი სამოთხიდან გამოდევნა, არც ჩვენ ვიქნებოდით. როგორც მეცნიერები ამტკიცებენ, კაცი პოლიგამიური არსებაა, შეიძლება ათასი ქალიც ჰყავდეს და ათასი შვილი. არ ვეთანხმები იმ აზრს, რომ ისინი შვილების დედას საგანგებოდ არჩევენ. სასაცილოდაც კი მეჩვენება, რადგან ისინი სულაც არ არიან ორიენტირებული ოჯახის შექმნაზე, შვილის გაჩენაზე. ამას გაურბიან კიდეც. რომ არა ქალი, დღესაც გემებით იცურავებდნენ ზღვებისა და ოკეანეების უკიდეგანო სივრცეში. მაგრამ ქალს თავისი შვილებისთვის მამა სჭირდებოდაა. მოგეხსენებათ, ძნელი იყო ძველ დროში ოჯახის გამოკვება. ნადირობა, მესაქონლეობა, მიწათმოქმედება დიდ ფიზიკურ შრომას მოითხოვდა, რისი შესრულებაც მაშინ მხოლოდ კაცებს შეეძლოთ. ამის გამო, კაცს დიდი როლი და ფუნქციები ეკისრებოდა შვილების, ცოლის მოვლის საქმეში. და განა შეეძლოთ ქალებს ქმარზე უარი ეთქვათ?!
გუშინწინ საბჭოთა ფილმს ვუყურე, ,,Суета сует", ქართულად როგორ ითარგმნება, არ ვიცი, მგონი ,,ამაოებათა ამაოება", სწორედ ოჯახის თემაზე იყო. მამაკაცის მთავარ როლში ფრუნზიკ მკრტიშიანია, მიყვარს ეს მსახიობი. ის ოჯახს ტოვებს საყვარელი ქალის გამო, ჰგონია, რომ ბედნიერება იპოვა სხვა ქალის ალერსში, თუმცა მოგვიანებით აღმოაჩენს, რომ არაფერი აქვს სალაპარაკო იმ ქალთან. სიყვარული კარგია, მაგრამ ოჯახს სხვა დატვირთვა და მნიშვნელობაც აქვს. მრავალი თავგადასავლის შემდეგ ცოლ-ქმარი აღმოაჩენს, რომ ერთმანეთი უყვართ და რიგდებიან. ამ კომედიურ ფილმში აქცენტი სწორედ ოჯახის დიდ მნიშვნელობაზეა გაკეთებული.
და რა ხდება დღეს?! თუ ადრე ოჯახის გამოკვება, რჩენა კაცის საქმე იყო და დიდ ფიზიკურ შრომას მოითხოვდა, დღეს მუშაობა შესაძლებელია ოფისებიდან, სახლიდან, ამიტომ ქალებმა ხელში აიღეს ინიციატივა და ოჯახში ფულის შემომტანებიც გახდნენ, როცა მამაკაცების დიდ ნაწილს საქართველოში უჭირს სამუშაოს შოვნა სხვადასხვა მიზეზთა გამო. ადრე თუ მამაკაცები ტოვებდნენ ოჯახს, ხშირად მათ შვილთა სიმრავლეც არ აჩერებდათ, დღეს ოჯახის დანგრევის ინიციატორები ხშირად ქალები არიან. თანამედროვე თაობა აღარ ითმენს ბევრ რამეს, რასაც ძველი თაობის ქალები იტანდა. იშვიათი გახდა ქორწინებები, ორივე მხარე ერიდება პასუხისმგებლობის აღებას თავის თავზე, ხშირია განქორწინებები. არადა ერი ვეღარ მრავლდება. ამას ემატება დაქსაქსული ოჯახები, ცოლი ერთ ქვეყანაში მუშაობს, ქმარი - მეორეში, შვილები რომ არჩინონ, ბევრ შვილებს იშვიათად აჩენენ. ასე თუ გაგრძელდა, ადამ და ევასავით მარტო დავრჩებით ჩვენს სამოთხეში და უცხოტომელები აბორიგენებად მოგვნათლავენ.
ოჯახების შექმნისკენ რომ ვუბიძგოთ ჩვენს ახალგაზრდობას, სახელმწიფო აქტიურად უნდა იყოს ჩაბმული ამ საქმეში. მათი ბინებისთვის გაიცეს დაბალპროცენტიანი სესხი, ან საჩუქრად გადაეცეთ ბინები, რაც საუკეთესო გამოსავალი იქნება, ხელშეწყობა ბავშვებზე და მრავალი სხვა ინიციატივა. ამ სფეროში ბევრი რეფორმა უნდა განხორციელდეს, საზოგადოება ელოდება მათ...
No comments:
Post a Comment