მზისა, მთვარისა და ჯადოსნური ნემსი
(ზღაპარი)
პატარა გოგონას მზისა ერქვა. მზის ამოსვლისას დაიბადა, შეხედეს თუ არა მშობლებმა, ქერათმიანს და თეთრს, მზესავით რომ ბრწყინავდა, სახელიც შესაფერისი შეურჩიეს. ზევით მზე და ქვევით ჩვენი მზისაო. ხასიათიც კარგი დაჰყვა გოგონას, დამჯერი და თვინიერი. მის დანახვაზე მზეც ხარობდა, მინდორში ყვავილები. თქვენ წარმოიდგინეთ, მწერებსაც ძალიან უყვარდათ. განსაკუთრებით ჭიამაიაები და პეპლები ეტანებოდნენ. შემოასხდებოდნენ კაბაზე და ასე დადიოდა მზისა ქალაქში მინდვრიდან წამოყოლილი მწერებით დაპენტილი სამოსით. საოცარი სანახავი იყო, ქერა ოქროსფერი კულულებით, მწვანე დიდი თვალებით და მწვანე კაბით, ბებია სულ მწვანე კაბას უკერავდა, შენს თვალებს უხდებაო.
მთელი ქალაქი ხარობდა მზისას გამოჩენისას, მაგრამ ხომ იცით, ბოროტი და შურიანი ადამიანიც ბევრია. ერთ გოგონას შეშურდა მზისას სილამაზისა და გადაწყვიტა გეგმა შეედგინა, როგორ გადაეყვარებინათ გოგონა ქალაქელებს. მზისას ბებია კეთილი ფერია იყო, გოგონას კაბებს ჯადოსნური ნემსით უკერავდა და ამბობდა:,,მზისა, მზისა, ცაო ცისა,
დღეო ნათელ მომავლისა,
გაზარდე და ოქროდ მორთე,
ჩემი გოგო კოკროჭინა".
პატარა შურიან გოგონას მთვარისა ერქვა. ლამაზი იყო მთვარისა, ისიც პირბადრ მთვარეს ჰგავდა. სახელიც მიტომ დაარქვეს ასეთი, მაგრამ შური ხომ იცით, პატარა უხილავი ჭიაა, შეუძვრება ადამიანს და გულს და გონებას აურევს. ღამით, როცა ყველას ეძინა, შეიპარა მთვარისა მზისას სახლში და ბებიას ჯადოსნური ნემსი მოპარა. დილით, როცა ბებია მზისასთვის კაბის კერვას უნდა შესდგომოდა, ძველი კაბა ცოტა გაცვეთილიყო, ნემსი ვეღარ იპოვა და ატირდა. და იცით რატომ, იცოდა ვინც მოიპარა, ის ხომ ყველაფერს ხედავდა. მთვარისა კი მზისას მეგობარი იყო. ეწყინა შვილიშვილის მეგობრის ღალატი. მზისას არაფერი უთხრა და სთხოვა, მთვარისა სახლში მოეყვანა სტუმრად.
მოირბინეს გოგოებმა ნაშუადღევს. როგორც ყოველთვის, მზისას პეპლები და ჭიამაიები მოჰყვნენ, შეეცოდა ბებიას მთვარისა, ისიც ხომ მთვარის შვილიაო, იქნებ მასაც შევუკერო შესაფერისი კაბაო. გოგოებს განუცხადა, თქვენთვის ორივესთვის კაბის შეკერვა მინდოდა, მაგრამ ნემსი დავკარგეო. ვინც პირველი იპოვის, იმას პირველს შევუკერავო. მთვარისას ნემსი აივანზე ერთი კარის ღრიჭოში დაემალა. რა თქმა უნდა, მან უფრო სწრაფად იპოვა ნემსი და ბებიას მიურბენინა. დაიწყო ბებიამ კერვა, თან იმეორებდა:
ვარსკვლავასულნო ღამისავ,
მადლი მოჰფინეთ ნათლისა,
დაეხსენ, შურო, მთვარისას,
ძალი მიეცით წყალისა!
შუქთა სხივკონებს აფენდეს
დღისით მზის, ღამით - მთვარისას!
თეთრი ქათქათა კაბა შეუკერა ბებიამ მთვარისას, რომ ბნელში ენათებინა, როგორც მთვარეს. მანათობელ გოგონას ღამით ციცინათელები დაჰყვებოდნენ უკან და თეთრი პეპლები. დღისით მზისა ალამაზებდა ქალაქს, ღამით - მთვარისა. მთვარისა მიხვდა, რომ შური ადამიანის ცუდი მეგობარია. სიკეთე კი ყოველთვის იმარჯვებს ბოროტებაზე,
თეთრი ქათქათა კაბა შეუკერა ბებიამ მთვარისას, რომ ბნელში ენათებინა, როგორც მთვარეს. მანათობელ გოგონას ღამით ციცინათელები დაჰყვებოდნენ უკან და თეთრი პეპლები. დღისით მზისა ალამაზებდა ქალაქს, ღამით - მთვარისა. მთვარისა მიხვდა, რომ შური ადამიანის ცუდი მეგობარია. სიკეთე კი ყოველთვის იმარჯვებს ბოროტებაზე,
მაია დიაკონიძე
14.01.2024 წელი
No comments:
Post a Comment