Friday, January 12, 2024
მოგონებებიდან (გოზინაყი)
ჩემი დედამთილი - ქეთევან ტყეშელაშვილი, იმერელი ქალი გახლდათ, საუკეთესო გოზინაყს აკეთებდა, იშვიათად გამისინჯავს უკეთესი, მე ისეთს ვერ ვაკეთებ, მაგრამ არა უშავს, გამომდის. მახსოვს, საახალწლო სამზადისს რომ ვიწყებდით, ორი ქალი მეხმარებოდა, დედამთილი და ქმრის მამიდა იდა ჭელიძე, გაუთხოვარი ბრძანდებოდა. რძალ- მულს ერთმანეთი დიდად არ უყვარდათ, მაგრამ მაიას მოვეხმაროთო, ოც- ოცდაათკაციანი სუფრები ეწყობოდა ჩვენს ოჯახში, ისინიც შეკავშირდებოდნენ. ერთი კაკალს ამტვრევდა, მეორე ჭრიდა, მე თაფლს ვადუღებდი, გამოდიოდა მადლიანი გოზინაყი. ასე კეთდებოდა ყველა კერძი, სტუმრებიც სიკეთით სავსე გვყავდა, ძველი გურულები - ენაკვიმატები, მამამთილის მეგობრები - ძველი პლეხანოვლები და სხვანი და სხვანი. ნამდვილი ქართული სუფრა იმართებოდა. სადღეგრძელოები, პირველი, რა თქმა უნდა, გურულების ტრადიციული,მშვიდობა იყოს დედამიწაზეო, სიცილი, ხუმრობა, თუ რამე სითბო მაქვს, მათგანაც ბევრი, სადღა არიან ისეთი ადამიანები! დაგილოცავთ, მეგობრებო, ნათესავებო, ახლობლებო, ნაცნობებო და უცნობებო, დამდეგ ახალ წელს, სითბო და სიყვარული, ხვავი და ბარაქა არ მოგკლებოდეთ არასოდეს! მენატრება ის დრო, მეტი ერთიანობა და სიყვარული იყო თითქოს. დაბრუნებულიყოს ძველი ტრადიციები! ამას ვინატრებდი!
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment