Friday, January 12, 2024

მაია დიაკონიძის პოეტური კრებულის „ რა იცის ქარმა?!“ გაცნობის შემდეგ, ავტ. ნონა მაქაცარია

  მაია დიაკონიძის პოეტური კრებულის „ რა იცის ქარმა?!“ გაცნობის შემდეგ

მაია დიაკონიძე მრავალმხრივი ნიჭისა და უნარის მქონე ქალბატონია. მისი შემოქმედება გამოირჩევა სხვადასხვა თემატიკით, რომელშიც გამოსჭვივის გულწრფელობა და უდიდესი სიყვარული. მშვენიერი პოეტი წერს ლექსებს, მოთხრობებს, ნოველებს, ჩანახატებს, როგორც დიდების, ასევე პატარებისათვის. იგი ხატავს გამორჩეული ხელწერით. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ მას შეუძლია მეგობრობის გრძნობა აიყვანოს უმაღლეს საფეხურზე, ამიტომაც ეს ქალბატონი ყველასათვის საყვარელი პიროვნებაა. მართალია, მე ის არც ისე დიდი ხნის წინ გავიცანი, მაგრამ ამ მოკლე დროში, მან ჩემში უდიდესი სიყვარული და მოწონება დაიმსახურა, როგორც ღირსეულმა ქალბატონმა. მას ვერ დაასწრებ სალამს, სითბოსა და სიკეთის გამოვლენას. მას ზოგადად უყვარს ადამიანი, უდიდეს პატივს სცემს მის ღირსებას, ეს ჩანს ყოველ მის ქმედებაში. არის კარგი დედა, კარგი მეუღლე, კარგი მეგობარი, ამავე დროს, პასუხისმგებლობით ეკიდება ყოველგვარ საქმეს. ჩემ წინ არსებული მისი ეს პოეტური კრებულიც ხომ ამის ნათელი დასტურია. იგი სათაურით „ რა იცის ქარმა?!“ გამოსცა გამომცემლობა „მწიგნობარმა“. კრებულის მთავარი რედაქტორია ჩვენთვის ყველასთვის საყვარელი პოეტი - ჯუბა ღებელი. მხატვრობა ეკუთვნის სოფიო ჭელიძეს, მაიას ქალიშვილს, ხოლო გარეკანის ყდას ამშვენებს ამჟამად საზღვარგარეთ მცხოვრები პოეტის დის - ია დიაკონიძის ნახატი-ფოტო, სადაც კარგად ჩანს ქალბატონ მაიას კდემამოსილება, მშვენიერება.
კრებული იხსნება სათაურად გამოტანილი ლექსით “რა იცის ქარმა?!“, რომელშიც ადამიანის მწველი, ფაქიზი გრძნობები შედარებულია ყვითელ ფოთლებთან, რომლებსაც უეცრად მოვარდნილი ქარი წაიღებს, ტანზე მიწას მოგვაყრის, წრფელი ცრემლებით თვალებს აგვივსებს და შემდეგ, პოეტის თქმით:
„რა იცის ქარმა, რომ ნახავს სიზმარს,
მოვა და იქნებ, ჩვენც აღარ დავხვდეთ!“
კრებულში მაიას პოეტური მუზა უპირველესად საუბრობს: სიკეთეზე, ადამიანურ ურთიეთობებზე, მამულისა და ჩვენი ქვეყნის ისტორიის სიყვარულზე, მაიამ კარგად იცის, რომ ღმერთი „თავად სიყვარულია“, ამიტომაც პოეტი ქალი თავის ლექსებში გარკვეულ წილად დიდ ადგილს უთმობს შემოქმედს. ლექსში „იმედი“ იგი აღიარებს უფლის უპირველეს ნებას და წერს:
,,მაგ თვალებში ვარსკვლავიან ზეცას,
დამანახებს შემოქმედი ღმერთი,
მანამ ქარი ჩემს ოცნებებს წეწავს,
ჩემთან მოდი, ჩემი ერთადერთი.“
პოეტი უფლისგან მოელის ხსნას, დახმარებას, რადგან თვლის თავს ცოდვილად. ლექსში „უფალო“ პოეტი წერს:
„როგორც ყველა სხვას,
ჩემი თავი მეგონა ბრძენი,
მაგრამ, უფალო,
ვერ ვიცხოვრე
ცოდვის გარეშე...
დამტუქსე, როგორც ურჩ შვილს
ტუქსავს მისი მშობელი,
მე ეს დატუქსვა
ქებასავით მესალბუნება“.
მეორე ლექსში, იგივე სათაურით, პოეტი წერს, რომ უფალი თავის ხელს აფარებს, უღიმის, ატკბობს აქაური ცხოვრებით, სამყაროს მზერით და
„მერე კი ამ სხეულს დავტოვებ მიწაზე,
იქ მომეგებება და -ძმა და მშობლები,
მე შენი უფალო, ოდითგან ვიწამე,
აქ თუ არ, იქ ცხვება კვერები ობლების.“
ლექსში „ღმერთო“ პოეტი მიმართავს შემოქმედს, რომ გული განუმტკიცოს, სიკეთის კვალი არ მოაკლოს მის კერას, რათა არ ჩაქრეს, მარად იგუზგუზოს, უფალიც უსმენს პოეტის ხმას და ამიტომაც არის, ალბათ, რომ ქალბატონს შეუძლია მრავალფეროვნება შესძინოს თავის შემოქმედებას.
„ვტირი, არ მკითხოთ: – რატომ?
ვტირი, არ მკითხოთ: – ვისთვის?
ჩემი სამშობლო მტკივა,
ერთი დვრიტა ვარ მისი.“
ამ სიტყვების პატრონმა როგორ შეიძლება არ განიცადოს თავისი ქვეყნის მდგომარეობა, ქვეყნისა, რომელსაც ოდითგანვე გარს ეხვეოდა გარეშე მტერი, ახლაც მძიმე ვითარებაშია დედა-სამშობლო: აფხაზეთი და სამაჩაბლო დროებით დაკარგულია, მისი შვილები უცხოეთში გადახვეწილან თავის სარჩენად, ახლობლების, თავისიანების, მეგობრების, დასახმარებლად;
„აიწონე საქართველოვ,
რამდენი ხარ დარჩენილი?!...
„როგორც დედა, ვერ ივარგე,
გადამკარგე ცხრა მთას იქით.“
მიუხედავად ასეთი ტკივილნარევი საყვედურისა, პოეტს არ ავიწყდება თავისი ქვეყანა:
„მე კი მუდამ შენ მახსოვხარ,
შენა მყავხარ მუდამ თვალწინ,
თუ ოდესმე დაგივიწყო,
ლოდი მომხვდეს კლდისა მაშინ.“
( „აიწონე, საქართველოვ!“)
აფხაზეთის გახსენება წვავს, გულს უკლავს პოეტს, ცრემლმორეული ჰკითხავს საკუთარ თავს, თუ როგორ შეუძლია ადამიანმა გაუძლოს ამ მიწის კვნესას და სასოწარკვეთით წარმოსთქვამს:
,,და ლურჯ სისხლძარღვებს
მიბურღავს ეჭვი,
თუ დაიბრუნებს
დედა შვილს უძღებს?!“
ყოველგვარი ეჭვის განქარვებას და იმედს იმისას, რომ საქართველო კვლავ გაბრწყინდება, ვკითხულობთ ლექსის „საქართველო ძველებურად გაიხარებს“ სტრიქონებში:
„მზის ტახტრევანს დაამშვენებს ოქროს შველი,
გაზაფხული შემოამტვრევს ვნებით კარებს,
კარ-მიდამოს დაგვილოცავს ფუძის გველი,
საქართველოც ძველებურად გაიხარებს“.
ლექსებში: „ჩემო კახეთო“, „ჩემს იმერეთს“ გადმოცემულია საქართველოს ამ კუთხეებისთვის დამახასიათებელი თვისებები: გაუტეხლობა, სტუმართმოყვარეობა, მშვენიერება:
,,მამაპაპური შრომა და გარჯა
ვაზთან ღიღინი, არ მოგეშალოს“
( „ჩემო კახეთო“)
„იმერეთის ქედებო, ცად აწვდილო ტყეებო,
ბავშვობა გამახსენეთ, მომენატრეთ ძალიან,
ჩემი სულის ჩრდილებო, ჩემი სულის ტყვეებო,
თქვენთან სიახლოვე და სიყვარული მწადია.“
(„ჩემს იმერეთს!“)
არა ერთი ლექსი გვხვდება კრებულში მიძღვნილი მშობლებისდმი, უდიდესი სიყვარულით, მონატრების გრძნობითა და სითბოთი არის პოეტის სული გამთბარი, როდესაც დედ-მამაზე საუბრობს, ეს ლექსებია: „დედის ლოცვა“, ,,დედას“, „დედის საფლავზე“, „ნუ ტირი მამა!“, ,,გიყვარდეს მამა!“, „მამას“:
„მახსოვს თეთრ თოვლში მათი ფეხის ნაფეხურები,
ერთურთს მისდევდა, აირია, მერე კი გაქრა
და მიღიმიან მე ჯერეთ ბავშვს დამდგარს პირმაღზე
ხელს მიქნევენ და მეძახიან დედა და მამა.“
( „დედა და მამა“)
ლექსში „დედაჩემს!“ პოეტი წერს, რომ დედას ვარდის სურნელი სდიოდა ხელებზე, ჰქონდა ლურჯი თვალები და მარჯნის ტუჩები, ამიტომაც იგი სულმნათი დედის ძიებაშია მუდამ და ყველგან და ერთგვარი სევდით აღნიშნავს, რომ მას სული ბავშვივით უმანკო ჰქონდა, ასეთი ადამიანების პოვნა კი დღეს ერთობ რთულია.
აღსანიშნავია ისიც, რომ ქალბატონ მაიას ჩანახატის სახით აქვს მიძღვნილი არა ერთი ლექსი დედისადმი, სადაც დამაჯერებლად და უდიდესი სათუთი გრძნობით არის გადმოცემული დედაშვილური დამოკიდებულება. პოეტი დედას ადარებს მარადმოყვავილე სურნელოვან იასამანს.
დედაშვილობის ფენომენი ხომ უძლიერესია. ეს, მით უფრო მაშინ, თუ გყავს მოსიყვარულე, თბილი, მიზანდასახული და ნიჭიერი შვილი, როგორიც მაიას ქალიშვილი, სოფოა. მისი ეს ნიჭიერება ჩანს იმ მხატვრობაში, რითაც შემკულია კრებული. ლექსები: ,,ჩემო შვილო“, „ჩემს სოფოს“ სწორედ მას ეძღვნება. ამ უკანასკნელში ვკითხულობთ შემდეგს:
„სადაფი და მარგალიტი,
მე ხომ შენში ვცანი,
მარმარილო, ფიქალია,
შენი თეთრი კანი,
შენს სახეზე მფინარ
ვარდებს გაუცინა მზემაც,
ჩემო ქალო, სილამაზით
უკვე მისწვდი ზეცას.“
მეგობარი უმთავრესია ქალბატონ მაიასათვის. კარგი მეგობრები ჰყავს გარშემო შემოკრებილი და თავადაც გამოირჩევა ამ გრნობით. კრებულში შეტანილია ლექსები მიძღვნილი თამარ შაიშმელაშვილის, მარინე თექთურმანიძის, ნანა მეფარიშვილის, ხათუნა შავგულიძის, ლალი ღაჭავასა და მარი ჟღენტისადმი, ეპითეტებით ამკობს თითოეულ მათგანს: სუფთა გულისა და ირმისთვალება თამარს პოეზიის თემიდას უწოდებს, მარინას – უძირო სიყვარულის ზღვას, ხათუნას – მზესა და ცეცხლს, მარის – ბადრ მთვარეს, ლალის – ქვეყნის ნატვრის თვალს, ხოლო ნანას – თვალებღვრია კოხტა ქალს.
ლექსები ეძღვნება ჩვენი ერის ღირსეულ შვილებს: ვაჟა ფშაველას, ტიციან ტაბიძეს, ქართველების მეგობარ ლესია უკრაინას, თენგიზ არჩვაძეს, ჩვენი თაობის უდიდეს გულისტკივილს – გოდერძი ჩოხელს და მივეცი თავს უფლება ამონარიდები ამ ლექსებიდან შემომეთავაზებინა თქვენთვის.
ვაჟა ფშაველას!
(მთის კილოზე)
„შენ შემაყვარე ბუნება,
ყვავილები და ლოდები,
მათი სიკეთით ვხარობ და
მათი წუხილით ვღონდები“
ტიციანს!
„შარვლის ჯიბეში პორტსიგარი,
გულის ჯიბეში მიხაკი“
ლესია უკრაინკას!
„ღრმა მონატრების ნათელში
ფურცლებს ფურცლავდა ქარი,
ვერ ივიწყებდა უკრაინას,
პოეტი ქალი“
თენგიზ არჩვაძეს!
„ყველა ფერები წაიშალა
ჩემს გულში გუშინ,
ვერ ამოვიღე, ვერ წავშალე,
ცა და ზღვა ლურჯი“
გოდერძი ჩოხელს!
„თქვენს სახელს გმირულს,
ვფიცავ და ვიცავ,
დიდო მწერალო
გუდამაყრიდან!“
ხალხურ მოტივებზეა დაწერილი არა ერთი ლექსი, გამოვყოფდი ზოგიერთ მათგანს: ,,თუკი მატირებ, მატირე!“, „სატრფიალო“, ,,ტიალო წუთისოფელო!“.
„თუკი მატირებ, მატირე,
გულსმოწოლილო ღრუბელო,
სათქმელი გამიადვილე,
ჭირში მყოფთ ლექსი ვუმღერო“.
ან
„სხვა რაი გითხრა, არ ვიცი,
,,მიყვარხარ“, განა ცოტაა,
შენგან სიშორეს განვიცდი,
ზეცა ამ გრძნობამ მოსარკა“,
ან კიდევ
„ტიალო წუთისოფელო,
ხან თაფლი გდის და ხან შხამი,
ვინც მოყვასს უგან-უყელოს,
გახდეს სიკვდილის ვახშამი.“
,,სალაღობო“ – ამ სათაურით კრებულში არა ერთი ლექსი გვხვდება. აქაც იკვეთება პოეტი ქალის ლირიკული განცდები. იგი ლაღად უმღერის ღვთაებრივ გრძნობას.
„რომ ჩაგხედო მაგ თვალებში – ცა ვიხილო,
მზე ბრწყინავდეს, ცისარტყელა დიოდეს,
როგორც ბავშვმა, ისევ გულით მოვილხინო,
დარჩეს მთვარე ზეცის სანაპიროზე.“
(„სახუმარო-სალაღობო“)
თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ დროდადრო პოეტს გულგატეხილობის მწვავე სევდა იპყრობს, გამოწვეული დაუნდობელი წუთისოფლის სიავ-კარგით.
„გოგმანებდა ჩემი სული
ქარიშხალთან, ქარებთან,
მერე ამ დროს – უსიცოცხლოს,
ვაჭარივით დანებდა“.
(„სალაღობო“)
ქალბატონ მაიას შოვში დაღუპული ადამიანებიც არ ავიწყდება, უდიდეს გულისტკივილს გამოხატავს ასეთი უმძიმესი ტრაგედიის მიმართ ლექსებში: “ეჰ, დედამიწავ!“, „წყალს უთხარიო სიზმრი!“ ,,მე გიმღერებთ იავნანას,“ „მხრებჩამოყრილი დგანან მთები! “; ამ უკანასკნელში ვკითხულობთ:
„მხრებჩამოყრილი დგანან მთები, მთები ალმასის,
ტირიან სიტყვით, ძველქართულით, სულხან-საბასი,
კიდევ რამდენი ჩაიმარხოს უნდა ქართველი,
ნუთუ არ გყოფნის, ჩემო მიწავ, მსხვერპლი ამდენი?!.“
არ მინდა ამ განწყობით დავამთავრო ამ შესანიშნავი კრებულის განხილვა, უნდა აღვნიშნო და აუცილებლადაც მიმაჩნია ის, რომ ქალბატონი პოეტის ლექსების უმრავლესობა სასიმღერო ხასიათისაა, ამიტომაც ბევრ სიმღერას დაედო სათავე მის პოეზაში, განსაკუთრებით გამოვყოფ ლექსს „ჩემი სახლი“
„სადღაც დარჩა ჩემი სახლი,
ჩემი ტკბილი კერა,
მომენატრა, მომენატრა
ვარსკვლავების ცვენა,
დავბრუნდები მე ჩემს სახლში,
გამითბება მზერა,
ვერც ქარი ვერ შემაჩერებს,
ვერც გრიგალი, მჯერა!“
ამ ლექსის სტრიქონებზე შესანიშნავი სიმღერა დაწერა კომპოზიტორმა ირმა კვაშილავამ, რომელიც მალე საქვეყნოდ ამღერდება მომღერალი მარიამ რომელაშვილის მიერ.
კიდევ არ შემიძლია არ აღვნიშნო სახუმარო ლექსი სათაურით „დიეტა“, რომელიც მეტად აქტუალურია იმ ადამიანებისთვის, ვინც ებრძვის გასუქების პრობლემას:
„მომენატრა შოკოლადი, ტორტი, ბლითი, ნამცხვარი,
ამიკრძალეს ყველაფერი, – უნდა იყო გამხდარი, .....
ჭამე მხოლოდ ბოსტნეული და სულ ცოტა ხილია.....
სუფრას მეფურს ისე ვუმზერ, როგორც
დათვი პირღია,“
დასასრულს მინდა აღვნიშნო ის, რომ ამ კრებულის გამოცემით კარგი საქმე გაკეთდა, მადლობის ღირსია ყველა ის ადამიანი, რომელმაც მიიღო მონაწილეობა მის შექმნაში. განსაკუთრებული მადლობა გამომცემლობა ,,მწიგნობარს“.
ქალბატონმა მაიამ ამ კრებულით, მართლაც, მოძებნა და გააერთიანა ყველა ის ადამიანი, რომლისთვისაც უპირველესია მამული, მეგობარი, მოყვასი და განსაკუთრებით, უფალი. ამ განხილვას ვამთავრებ ისევ და ისევ პოეტის სიტყვებით:
„და დედამიწის პარალელებზე,
სადმე თუ კიდევ შუქი კიაფობს,
მინდა, რომ გითხრა თბილი სიტყვები:
,,მიყვარხარ, ჩემო ადამიანო!“
აქაც ჩანს, თუ როგორი კაცთმოყვარეა ეს მშვენიერი ქალბატონი. წარმატებები და დღეგრძელობა მას!
პატივისცემით, ნონა მაქაცარია

No comments:

Post a Comment