ვისი ხატია სამშობლო
ანკი რა არის სახატე,
სხვისი სულ ღმერთმა მაშოროს
ვხედავ ჩემიც ვერ დავხატე
ვაჟამ არწივი აფრინა
ტატომ მერანი დაღალა,
მერცხალი შემოაფრინა
სულში წერეთლის ,,ბაღანამ‘‘
მუხრანი იდგა-დაეცა
იჯდა, წამოდგა ქართველი,
იაშვილს ტყვია გაექცა
მიდამოებში საფეთქლის
და პროცესიაც დაიძრა
იქ დარდი, სევდა, სანთელი,
აღმაფრენების ქარიშხალს
ვერ დაემალა გრანელი.
მთვარეს არ უნდა არავინ
ესაუბრება ტაბიძეს,
ტრფობა აქვს დაუფარავი
და ეს რას ნიშნავს გაფიცებთ?!
აი ნამდვილი ეპოქა
აქ მამას შვილი უზრდია,
მთელს გალაკტიკას ეყოფა
ორივე გამსახურდია!
აქ რუსთაველი მოვიდა
ასარჩევია? ავირჩევ
ნებისმიერი ორიდან
ვეფხისტყაოსნის კარიბჭეს.
ლადომაც ბევრი იცოდა
ბიჭებსაც წლები დააკლდათ,
მირზა იქ სადღაც ისროდა
გურამი ზღვაში გადახტა.
წვიმს, მისველდება აურა
დღეებით მზეზე გამომშრალ,
სიმშვიდე მოშინაურდა
სიმშვიდე- ღმერთის გამოცდა...
ვხედავ ხელიდან წავედი
თავზე მენგრევა ჩემი ცა,
მახრჩობს ვერ თქმული წამები
მინდა დუმილი შევიხსნა
,,ჩემი ხატია სამშობლო’’
სამშობლო ჩემი გულია,
მე უშენობა მაშოროს
ღმერთმა, უშენოდ რთულია...
ვიხსენებ ტატოს, ილიას,
რუსთაველს, ვაჟას, აკაკის...
გალას, ტერენტის, ტიციანს
და ღმერთის ყველა ჩანაფიქრს..
ვიხსენებ აღმაშენებელს,
ვიხსენებ ყველა წამებულს,
ეპოქის ყველა მშენებელს
სპორტსმენებს, გმირებს, რამეთუ...
ქვეყანას ჭირი მოედო
ისინიც აღარ არიან,
ხმა ამოიღე პოეტო
შენ იცი ერთი წამია
სიცოცხლე, როგორც ასახვა
როგორც სხვაგვარი მომენტი,
მიზნად სამშობლოს დავსახავ
ასე იზამდა პოეტი.
დათო
No comments:
Post a Comment