მოგონებებიდან
მდინარეს, რომელსაც მე და ჩემი პატარა მეგობრები ვსტუმრებოდით ხოლმე, ქვერუნა ერქვა. არ ვიცი, ვინ და რატომ მისცა ეს სახელი, მაგრამ კალაპოტი და ნაპირი ქვებით იყო სავსე. წყლის დონეც დაბალი იყო და ჩვენ, ბავშვები, უშიშრად ვჭყუმპალაობდით შიგ. მერე მდინარეში განლაგებულ დიდ თეთრ ქვებზე წამოვწვებოდით და მზეზე ვთბებოდით, მაშინ რუჯი რა იყო, არ ვიცოდით, თორემ ალბათ, კარგა გვარიან რუჯს ვიღებდით კიდეც. ეს დიდი თეთრი ქვები, უფრო სწორედ, ლოდები, მზის გულზე თბებოდა, ამ ცხელ ქვებს ჩავეკრობოდი ხოლმე, საღამოს ჩამავალ მზეს ვუყურებდი გულაღმა მწოლიარე, შუადღეზე კი წმინდა სუფთა წყალში თევზებს ვუთვალთვალებდი. დიდი თევზები იქ არ მინახავს, მაგრამ პატარა ლიფსიტები ბლომად იყო. სულ ოქროს თევზს ვეძებდი, იქნებ ნატვრები ამისრულოს მეთქი, ჩემი ნატვრა კი ის იყო, რომ დედ- მამა, და-ძმები კარგად მყოლოდა, ბებია- ბაბუა. ალბათ იმიტომ, რომ ბებია მეუბნებოდა, ჯანმრთელობა ინატრე, ბებია, სიმდიდრე არაფერია, თუ ცუდად ხარ. მას მერე ეტყობა, ფულის სიყვარულიც გამიქრა. ბუნება შემიყვარდა, ის თეთრი ქვის ლოდები, გულს რომ მითბობდა. ხანდახან მდინარეზე მარტოც მივდიოდი და ვოცნებობდი. რაზე, არ მახსოვს, მაგრამ ალბათ, ცისარტყელის ქვეშ გავლაზე, ნატვრის თვალზე, მფრინავ ხალიჩაზე.
ღმერთმა ყველას აგვისრულოს ბავშვობის ოცნებები, თუნდაც არარეალურად გვეჩვენებოდეს ისინი. ამინ!
No comments:
Post a Comment