ახალი წელია და ოჯახს დიდად საპატიო სტუმარი ეწვია. სულ ბატონობით მიმართავენ. დალევა ზედმეტი მოსვლია. სახლში ვეღარ წასულა, გაუშლიათ ლოგინი, მოუსვენებიათ. დილით ადრიანად მოსასაქმებლად გასულა ეზოში, მერე ეტყობა სახლში შებრუნება მოერიდა, უწესოდ მოვიქეცი, ოჯახი შევაწუხეო და თავისი სახლისკენ აუღია გეზი. ხმაურზე ოჯახის დიასახლისი გამოვიდა, სტუმრის ოთახში შეიხედა, სადაა სტუმარი, იქვე ტუმბოზე მხოლოდ კბილების პროტეზი დევს, უტაცია ხელი და ყვირილით მისდევს სტუმარს: ,,კბილები დაგრჩათ, ბატონო ავქსენტი, კბილები...".
კარგა გვარიანად მაცინებდა ეს ამბავი, იქნება სადღაც 50 წლისა, მაგრამ ეს თემა დღესაც არ კარგავს აქტუალობას და ისევ მოდაშია, თან წლებიც რომ გვემატება მე და ჩემს ნაცნობ-მეგობრობას.
ვართ ამას წინ სუფრაზე ქალთა საზოგადოება. ჩაკბიჩა ერთმა ხაჭაპური, უცებ ატეხა ყვირილი: ,,კბილი, კბილიო", ვიფიქრე ხაჭაპურში ქვა ხომ არ იდო-მეთქი, რესტორანში ვართ. ყრის პირიდან მუჭში საჭმელს და გარბის საპირფარეშოსკენ. ცოტა ხანში ხელზე დაწყობილი სამი კბილით მოგვევლინა, ინპლანტს მოძრაობია, დედა, ამდენი ფული რაში გადავიხადეო. რას ვიზამდით, ვუთანაგრძნეთ, დავამშვიდეთ, არაფერია, დააწებებენო. გავიდა სადღაც ნახევარი საათი, გვესმის:, ,,ისევ წაიღეს ჩემი კბილები!", გარეგნულად მშვიდად შევხვდი ამ ამბავს, მაგრამ გულში უკვე ცოტა მიკლია ისტერიკას. ოფიციანტს წაუღია სალფეტკის ქაღალდში გახვეული პროტეზი. არიქა, გავეკიდეთ ოფიციანტს, რაღა გვექნა. დააბრუნეს პროტეზი.
აი, ასე გავატარე ის დღე. სახლში რომ მოვედი, იქ ხომ არაფერს შევიმჩნევდი, სიცილით გადავბრუნდი. ძლივს დამაწყნარეს. ვისაც მოვუყევი, ყველა გადაბჟირდა. მეორე დღეს ჩემმა ქმარმა რომ მითხრა, კბილი მტკივა, წამომყევიო, მივხვდი, ისევ კბილების ყურება მომიწევდა. ისევ აქტიურ თემად რჩებოდა ჩემს ცხოვრებაში.
No comments:
Post a Comment