ვითომ სახუმარო?!
თბილისის ერთ პრესტიჟულ უბანში პრესტიჟულ სახლში ერთი ბიჭი ცხოვრობდა, კარგი შესახედავი, კარგი ტიპი, გოგოებს რომ მოსწონთ, სწორედ ისეთი. ალბათ, გახსოვთ, კომუნისტები კარგ კორპუსში დიდ ხალხს რომ შეასახლებდნენ, ერთი მუშის ოჯახიც უნდა ყოფილიყო სამეზობლოში. ამ კორპუსში ცხოვრობდნენ ცნობილი მომღერლები, პარტმუშაკები, ექიმები, მსახიობები და ჩვენი ახალგაზრდა ყმაწვილის ოჯახიც, მოწინავე მუშები იყვნენ მისი მშობლები. ამ კოპრუსში ცხოვრება, თავის გარეგნობასთან ერთად, ბიჭს ფორას აძლევდა და ერთი კარგი გოგოც გაყვა ცოლად. მაგრამ ყმაწვილს სმა და ქეიფი უყვარდა. დღე არ იყო, სახლში მთვრალი არ მოსულიყო. შეშფოთდა გოგონა. ერთი თვე გაუძლო და ერთხელაც ტირილით დახვდა სახლში ქმარს. შერცხვა ყმაწვილს, ცოლი რომ ტიროდა და მიზეზი ჰკითხა. იმან ასე და ისეო, ერთი დღე არ მოსულხარ სახლში ფხიზელი, არადა თაფლობის თვეც არ გასულა ჯერ, ან თეტრში წავიდეთ, ან კინოშიო. ვაჟმა პირობა მისცა, აიღე თეატრის ბილეთები, ხვალ აუცილებლად ფხიზელი მოვალო.
გაეხარდა ქალს ეს ამბავი. ოპერის და ბალეტის თეატრის ბილეთები აიღო და ქმარს დაელოდა. ისიც ყველა სამეგობროს გამოაკლდა და სახლში ფხიზელი მოვიდა. გამოიპრანჭა ახალი პატარძალი, უნდა მეუღლით თავი მოიწონოს. ხელკავი გაუყარა და თეატრის გზას დაადგნენ. მარჯანიშვილის მოედნიდან მაშინ N2 ტროლეიბუსი დადიოდა ლენინის (ახლანდელი თავისუფლების) მოედნისკენ. ქალი წინა კარებიდან ავიდა ტრანსპორტში, მაშინ ასე იყო მიღებული, ქალები წინა კარიდან ადიოდნენ, ვაჟი უკანა კარიდან ავიდა. ხედავს, მეგობარი ქურთი ბიჭები სხედან უკანა სკამებზე. ჰკითხეს, ასეთი დაღვრემილი სახე რაზე გაქვსო, ამანაც აუხსნა სიტუაცია, ოპერის და ბალეტის თეატრში მივყვები ცოლსო. ბიჭებმა თანაგრძნობის ნიშნად თავები გადააქნიეს, ჩვენ სახინკლეში მივდივართ, არყებიც მიგვაქვს ბოთლებით, ცოტა გადაჰკარი, ხასიათზე მოხვალო. გამოართვა სიძემ, ერთიანად მოიყუდა არაყი შესატანებლის გარეშე. დაცლილი ბოთლი პატრონებს დაუბრუნა. გაჩერებაზე ქალი ჩავიდა. ელოდება ქმარს. როგორც იქნა, ჩამოვიდა, გალეშილი მთვრალი. აქ კი ვეღარ მოითმინა და აკივლდა, რამდენიმე გაჩერებაში დათრობა სადღა მოასწარი, შენგან არაფერი გამოვაო. მიხვდა, ქმრის გამოსასწორებლად, ეს გეგმა აღარ გამოადგებოდა.
No comments:
Post a Comment