Tuesday, January 30, 2024

გულგაყინულთა ქალაქი (საბავშვო ზღაპარი)

 გულგაყინულთა ქალაქი
(ზღაპარი)
ერთ ქალაქში გულგაყინული ადამიანები ცხოვრობდნენ. სამსახურში დადიოდნენ, ჭამდნენ კიდეც, სვამდნენ, მაგრამ ყველაფერს უხალისოდ აკეთებდნენ. არავინ იღიმებოდა, სიცილზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ალბათ, ეს ყველაფერი იმის ბრალი იყო, რომ ქალაქში სულ თოვდა, ირგვლივ ყველაფერი თეთრი თოვლით და ყინულით იყო დაფარული, ციოდა. მზის სხივი იშვიათად თუ გამოჩნდებოდა ცის კაბადონზე, რომ ქალაქის მაცხოვრებელთა გულები გაეთბო. მუქი ტყვიისფერი ღრუბლებით იყო შებურული ზეცა.
ახალ წელს ამ ქალაქის მაცხოვრებლები ქალაქის შუაგულში დიდ მოედანზე დიდ თოვლის პაპას დგამდნენ, ნაძვსაც ყინულისგან ჭრიდნენ, ირმებსაც, ბაჭიებსაც. გაყინულგულიან მშობლებს ბავშვები მოჰყავდათ აქ თოვლის პაპის სანახავად, მაგრამ არავინ იღიმებოდა, ბავშვებიც გაყინულგულიანები იყვნენ.
მთვარე ამ ქალაქში მთავარი კერპი იყო. მას შესტრფოდნენ, ის უყვარდათ. ისიც ამაყობდა, რომ მზე დაჩაგრული ჰყავდა. ღრუბლებიდან ცხვირს არ აყოფინებდა. მზემ დიდხანს ითმინა ეს ამბავი, მაგრამ მთვარის დაცინვებმა ძალიან გააბრაზა.
ერთ დილას ღრუბლები ძალით გადასწია, თავი გამოყო და დიდ მოედანზე მდგარ თოვლის პაპას ცხვირში შეუღიტინა. თოვლის პაპა ყინულისა იყო, მაგრამ მაინც გაეცინა და დააცემინა, შეშინებულმა ყინულის ბაჭიამ ქალაქგარეთ მინდვრისკენ აიღო გეზი. ირმებმა ტყისკენ დაიწყეს ყურება. მოედანზე მოსულ ბავშვებს ბაჭია რომ არ დახვდათ, ეწყინათ და მის საძებნელად წასვლა გადაწყვიტეს.
ჩაჰკიდეს ერთმანეთს ხელი. იარეს, იარეს და ქალაქიდან გავიდნენ. მათ წინ მწვანე მინდორი გადაიშალა. ის ბაჭიაც აქ დარბოდა, მაგრამ ყინულისა აღარ იყო უკვე. ეძახეს, ეძახეს, ყურადღებაც არ მიაქცია, ჩაიცუცქა, ყურები გადაიწყო და მწვანე ბალახს დაუწყო წიწკნა. ბავშვებმა ზევით აიხედეს, საოცარი ყვითელი ბურთი მიდი-მოდიოდა ცაში. ეამათ მისი დანახვა, რა ლამაზიაო. თითქოს გულები გაუთბათ. გადაწყვიტეს მშობლებისთვისაც ენახებინათ მზე, გაშალეს ხელისგულები და რაც დაეტიათ მზის სხივები, მუჭებში მოიმწყვდიეს. ასე მუჭებშეკრულნი მივიდნენ ქალაქის დიდ მოედანზე, გაშალეს ხელისგულები და მზის სხივები გამოუშვეს. ყინულმა დნობა დაიწყო. მალე ატალახდა ეზოები. ჩამოდნა ყინულის ლოლოები. ქალაქი ჩვეულებრივ ქალაქს დაემსგავსა. მზემაც მოიკრიბა ძალა და ღრუბლები მიყარ-მოყარა, თავის ოქროს ტახტზე დაჯდა და ბავშვებს ცხვირებში შეუღიტინა, რამდენსაც დააცემინებდნენ, იმდენი ყვავილი იშლებოდა ქალაქელების ბაღებსა და აივნებზე. მზემ და ლამაზმა ყვავილებმა დიდების გულიც გაათბო. მალე იმ ქალაქს სახელიც შეეცვალა, აღარ ჰქვია გულგაყინულთა ქალაქი, მზის ქალაქი დაერქვა. მაგრამ იქაურები არ ივიწყებენ თავიანთ ისტორიას, ყოველ ახალ წელს დიდ მოედანზე ისევ დგას ყინულის ნაძვის ხე, თოვლის პაპა, ირმები და ბაჭია, რომელიც დიდხანს ვერ ძლებს თავის ადგილას და ქალაქგარეთ გარბის მინდორში სათამაშოდ.
მაია დიაკონიძე
30.01. 2024 წელი
შეიძლება იყოს შემდეგის ილუსტრაცია: ტექსტი
მოწონება
კომენტარის დატოვება
გაზიარება

No comments:

Post a Comment