Tuesday, August 29, 2023

საქართველო დღეს და გუშინ, ესსე

 


მოგესალმებით, მეგობრებო, მშვიდობიან კვირას გისურვებთ, ბედნიერ ცხოვრებას! სამწუხაროა, რომ საქართველოში ვერა და ვერ გამოსწორდა მდგომარეობა და ადამიანური ნორმალური ცხოვრებისთვის ძალიან მცირე პირობებია შექმნილი. ბევრი ემიგრანტი ჩამოდის, მიიხედ-მოიხედავს, საარსებო წყაროს რომ ვერ დაინახავს, ჩამოტანილი ფული თოვლივით შემოადნება ხელში, უკან გარბის. თუმცა ბევრმა შესძლო თბილისში ეყიდა შვილებისთვის ბინა, თანაც არაერთი. დამატებით აქ არაერთ ოჯახს ეხმარებიან და არჩენენ. ზოგიერთ ოჯახში, საქართველოში, არავინ მუშაობს, შესცქერიან იმ ფულს, რასაც მშობლები უგზავნიან. და რა ქნან ახალგაზრდებმა?! მართლაც ვერ იშოვი ვერანაირ სამუშაოს, ცოტას კი უმართლებს, ისიც ბევრის სამსახური ოპერატორობაა. ეს თაობაც უკვე ნელ-ნელა უცხოეთისკენ დაიძრა. მარტო ჩემი ოჯახის ისტორიაც საკმარისია, რომ რეალური მდგომარეობა დავინახოთ. 90-იანებში შიმშილობა იდგა, სწორედ მაშინ წავიდა საქართველოდან ემიგრანტების პირველი ნაკადი. ჩემი ძმა, რომელიც აფხაზეთის ომის ერთ-ერთი მონაწილე იყო, მოწინავე ბატალიონში იბრძოდა, რომელიც გუდაუთაში პირველი შევიდა და უკან გამოაბრუნეს, გაგრის დაცვისას მძიმედ დაიჭრა, ყუმბარის ნამსხვრევმა ყური დაუზიანა, დაყრუვდა. ანთება მეორე ყურზეც გადადიოდა, არავინ იყო მიმხედავი და პატრონი, სამკურნალო დაწესებულებები ფულს ითხოვდნენ, რომელიც ჩვენ არ გვქონდა. უკრაინაში წავიდა, დედულეთში, იქ დააყენეს ფეხზე,უფასოდ უმკურნალეს, იქნებ, აქ მაინც ვიშოვო სამუშაოო, დარჩა, დედაც წაიყვანა. ასე აღმოჩნდნენ ემიგრაციაში ჩემი ძმა და დედა, რომლებთანაც კონტაქტი გაწყდა წლების მანძილზე და მოგვიანებით აღვადგინეთ. ჩემი მეორე ძმა უსახსრობის გამო, აქ სამუშაოს შოვნა თითქმის შეუძლებელი იყო, ბევრს ეცადა, უშედეგოდ, მხატვრის ადგილი არ იყო აქ, ბევრმა მხატვარმა მაშინ დატოვა სამშობლო და დღეს წარმატებულები არიან საზღვარგარეთ, ოდესაში წავიდა, ისიც უკრაინაში. იყო ყირიმშიც, ხარკოვშიც, მაგრამ დიდხანს ვერ გაძლო და უკან დაბრუნდა. იცით, რომ ხელოვნების სფეროში წინ წახვიდე და რამეს მიაღწიო, ძალიან რთულია. ადრე თუ ადამიანები ყველა მხატვრის ნახატს ყიდულობდნენ, რომელიც მოეწონებოდათ, ახლა ასე აღარაა, ყიდულობენ და ეძებენ ცნობილი მხატვრებისას, რომ მერე, თუ გაუჭირდათ, სარფიანად გაყიდონ. სამწუხაროდ, ხელოვნებაც ვაჭრობის საგანი გახდა. ხელოვანი ადამიანების ბედი, უმრავლესობის, მძიმეა. ძლივძლივობით გააქვთ თავი თვიდან თვემდე. რეკლამას, გამოფენებს ფული ჭირდება. ჩემი და, რომელმაც ორი უმაღლესი დაამთავრა, ფინანსების განხრით ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი და თბილისის სამხატვრო აკადემია, ისიც უცხოეთში აღმოჩნდა. ჯერ თვითონ წავიდა მოსკოვში, წერეთლის სახელოსნოში მუშაობდა, მერე ქმარ-შვილიც მიჰყვა. ბავშვები რუსულ სკოლაში შეიყვანეს. ასე აღმოჩნდნენ ათწლეულების მანძილზე უცხო მიწაზე ქართველები. ჩემმა დიშვილმა, დაამთავრა ბაუმანის ინსტიტუტი ფიზიკა-მათემატიკის განხრით, საქართველოში გვინდოდა გვეშოვა სამუშაო, ვერაფერი მოვიძიეთ, დარჩა იქ საცხოვრებლად. მეორე ვაჟი - საუკეთესო მხატვარი, გრაფიკოსი, ამჟამად საბერძნეთში ცხოვრობს, სარეკლამო ფირმაში მუშაობს, ჩემი და - უნიჭიერესი მხატვარი, საქართველოში რამდენჯერმე სცადა ფეხი მოეკიდებინა, მაგრამ მისი ნახატებით აქ არავინ დაინტერესდა, როცა უცხოეთიდან, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან უკვეთავენ პორტრეტებს. ამჟამად ცხოვრობს ავსტრიაში. დედა და ძმა უკრაინაში გარდაიცვალნენ, ვერც ჩამოვიდნენ, დედას ხერხემალი ჰქონდა დაზიანებული. მე და მედეა აქ ვცხოვრობდით, არსად წავსულვართ. მძიმე ცხოვრება გვქონდა, გაჭირვება, ვალები. ეტყობა არ იყო ბედი, უცხოეთში აღმოვჩენილიყავით. ნეტავ წასულიყო, დღეს ცოცხალი იქნებოდა, მძიმე ცხოვრებამ წელში გაწყვიტა. ერთმანეთს ვეხმარებოდით, რომ ეს ცხოვრება გაგვეტანა. საყვედური არ მინდა დამცდეს, მაგრამ სამწუხაროა, რომ ჩვენთან არც ადამიანობა ფასობს, არც ნიჭიერება, ,,მთავარია გქონდეს ფული, რომ არ იყო დაჩაგრული". ეს სიმღერა გამახსენდა. წარმატებებს გისურვებთ, ადამიანებო, ვისაც ხელეწიფება, გაუფრთხილდით თქვენს მოქალაქეებს, აქ ვინცაა, იმათ მაინც. წასულებს თუ დააბრუნებთ, მთლად უკეთესი, თორემ დაიცალა საქართველო. ჯერჯერობით უკეთესობისკენ არაფერი იცვლება. ჩემ გარშემო რკინაბეტონის კასკადია, ამწე კრანებით, მტვერით, ჩვენს ჯანმრთელობაზეც არავინ ზრუნავს, ალბათ ექსპერიმენტს ატარებენ, რამდენ ხანს გავძლებთ კიდევ დარჩენილები.

No comments:

Post a Comment