Wednesday, August 30, 2023

ავტ. თინა კობაური

 ***

მეჩვენებოდა _ გიყვარდი,
თვალს ვუსწორებდი მკათათვეს
და ფრესკის მშვენიერება
ღრუბლის ტილოზე დაგხატე.
შეგამკე თვალ-მარგალიტით,
ძოწით, აქატით,
ლალებით...
შემოგყურებდა ქვეყანა
ცად აპყრობილი თვალებით...
სადამდეც შუქი გადასწვდა,
ღვთიური სიდარბაისლის,
ყველგან ყაყაჩო აყვავდა
და აბიბინდა მაისი..
თითქოს პირველად გიხილე
ნატვრა-ოცნების თვალითა,
ათასჯერ მაინც დავიწვი
შენი სურვილის ალითა!
ასი ათასჯერ მესიმზმრე
(სიზმარშიც ფერებს ვეძებდი),
რომ მოჰფენოდა სინათლე
ნახატს, დაბურულს ძეწნებით,
და მიხაროდა
ლაჟვარდში
შენი უსიტყვოდ ფერება...
დღისა და ღამის სავალი
მოგირთეს ცისარტყელებმა...
მეჩვენებოდა _ გიყვარდი...
და ვინც დავხატე შენა ხარ...
ერთხელაც არ აიხედე _
ცაში ნახატი გენახა!
***
მამლის ყივილი
ათენებს ღამეს,
იღვიძებს შაშვი
შვინდზე მძინარი...
ღრუბლის მორევში
მიცურავს მთვარე
თავფარავნელის თვალით მზირალი..
მერე შროშანი იცვამს უნაზეს
კაბას და ქრება შორი ზმანება...
წუხელ იმღერეს ,,დაიგვიანეს"
ბაღში დობილმა იასამნებმა...
კიდევ რას იტყვის
ჩემზე აპრილი,
ჭიამაია ამბავს მომიტანს..
და დაიღვრება ბადაგის სიტკბო
დედის სახსოვარ თიხის კოკიდან...
და მაინც რჩება კითხვა უთქმელი,
დასაბამიდან პასუხს ნატრული _
ვინ ამოტვიფრა შენი სახელი
სულის თავხეზე ასომთავრულით?!
***
მზემ მოსვენება ინება,
სექტემბრის მწუხრით ვივსები,
დანაღვლილ მთებმა თვალებზე
ჩამოიფხატეს ნისლები.
ცაზე ღრუბელი გამოჩნდა
შენზე ფიქრივით ქათქათა...
გაიცრიცება საბრალო,
ჩამოიღვრება თანდათან...
ორივეს ცრემლი გვერქმევა
მტრისგან დალეწილ გალავნის,
აღარ მოგიხმობთ საშველად
არც შენ და არც სხვას არავის.!
...და შემოდგომის სიჩუმე
ქარებმა მოთქმით დაღალეს;
ღრუბელო, ნეტავ მე და შენ
თუ გავათენებთ ამ ღამეს...
მზემ მოსვენება ინება,
წვიმით და ჟინჟღლით ვივსები..
დანაღვლილ მთებმა თვალებზე
ჩამოიფხატეს ნისლები...
თოვლის სიზმარი.
დეკემბერია,
მზე ადრე ჩადის
შორს სადღაც,
ზეცის დასალიერთან,
დღეს შეაცივდა
პირზე ღიმილი
თითქოს სამყარო
დაცარიელდა..
თითქოს აცხადდა
თოვლის სიზმარი
უბრალო, როგორც მინდვრის ბალახი,
და იწერება ღია ბარათი
ჩემი კი არა
ზამთრის კარნახით...
შენ სად მოისმენ
ამ საყვედურებს,
ქარი დააბნევს, ალბათ, ფიფქებად..
გზა ციცაბოზე
ერთბაშად უხვევს
და უფსკრულების
შიში მიქრება...
ახლა ერთია:
ამ სიმარტოვის
განცდა მომკლავს თუ
მაფრენს ღრუბლებთან...
მადლობა უფალს,
ხომ მიწყალობა
ხანდახან შენი ნახვის უფლება!
გზა ციცაბოზე ერთბაშად უხვევს..
ღამენი ყინვით
გვირგვინს მიწნავენ...
მიწიდან
ცამდე
ძნელია,
თორემ
რა ადვილია
ციდან მიწამდე...
სიკვდილ-სიცოცხლის წაშლილა ზღვარი,
მივაყურადებ სუნთქვას ჩრდილების...
ვინ დაგვატარებს
თვალახვეულებს,
ნეტავ ვის ნებას ვემორჩილებით...
ვისი ცრემლია
შენს ნატერფალზე
ნატვრისთვალივით
თვალებციმციმა??
ქარს ვეკითხები, არას მპასუხობს...
იქნებ ამ ქარმაც არა იცის რა...
დეკემბერია,
მზე ადრე ჩადის,
ქარში ირწევა
ალვა მაღალი,..
დაბერებულა ის ერთი წელიც,
შარშან ამ დროს რომ ერქვა ახალი.
***
რა შეიცვალა?
ტკივილად იქცა
ის ფოთოლცვენა
ცრემლით,
მოწყენით..
რას ვიფიქრებდი,
მზიან ამინდში
თოვლის ფანტელით გამაოცებდი...
შეფარებული სიჩუმის წყვდიადს
ვქარგავ ოცნების ფერად სამოსელს..
და ისევ ვდუმვარ
შენთვის სათქმელი
საყვედურები რომ არ წამომცდეს.
ვიღაც მეძახის,
გარეთ ქარია,
ალბათ, სიზმრიდან მესმის გოდება..
ზეცამდე ისევ
შორზე შორია
მიწაზეც აღარ დამედგომება...
მიწაზეც აღარ დამედგომება,
ეს ტკივილები
უდღეღამოა..
თენდება უკვე,
ღამიდან ცისკარს
სინათლის თეთრი ფერი გამოაქვს...
და ჩემს მოწყენილ
სარკმელთან ჰკიდებს
დუმილის, მზის და
ყინვის სამოსელს...
მე დუმილს ვირჩევ,
შენთვის სათქმელი
საყვედურები რომ არ წამომცდეს...
თინა კობაური

No comments:

Post a Comment