ვითომ სახუმარო: გაქანებული საბჭოთა დროა. ნაცნობი მყავდა, კარგი ოჯახის შვილი. ზრდილობა და სიტყვა-პასუხი არ ეშლებოდა. მამამისს თბილისში სიტყვა ეთქმოდა, მაგრამ თუ გახსოვთ, ასეთი ოჯახის შვილები გათამამებულები იყვნენ და ცოტა ზედმეტის უფლებას აძლევდნენ თავს. მოეწონა ერთი ულამაზესი გოგონა, პრინცესა დიანას ჰგავდა რაღაცით და კიდევ უფრო ლამაზი, ზღვისფერი ლურჯი თვალებით. ორი დები იყვნენ, ერთმანეთზე უკეთესები. ბიჭის მამამ, ჩემს შვილს ვინმე მოეწონაო, სასწრაფოდ მაშვლები აფრინა ქალიშვილის ოჯახში. გოგონების დედას, მეუღლე არ ჰყავდა, გაეხარდა, ჩემს შვილს ბედი ეწია, ასეთ ოჯახში ჩავარდებაო და ნიშნობაც ჩატარდა დიდი ზარზეიმით.
ერთ დღესაც სასიძომ წაიყვანა მეგობრები და საპატარძლოს ოჯახს მიადგა. გამართა სასიდედრომ დიდი პურ-მარილი, მაგრამ ახალგაზრდების ამბავი იცით, თან მეგობრებიც ისევე გათამამებულ-თავზეხელაღებულები ჰყავდა, როგორიც თვითონ იყო.,იმდენი იხმაურეს, რომ სახლიდან რომ გამოვიდნენ, სასიდედრო ფიქრობდა, ნეტავ უკან არ შემობრუნდნენო. გავიდნენ ეზოში, ნეტავ არ გასულიყვნენო. სასიძომ დაინახა პოლიციის, უფრო სწორედ მილიციის, მაშინ ასე ეძახდნენ, პოლკოვნიკი კაცი დგას ზურგით, ვიღაცა ქალს ესაუბრება. მივიდა ეს ჩვენი თავზეხელაღებული, მოხადა ქუდი და გადაუგდო. წარმოიდგინეთ, იქ რა ამბავი ატყდებოდა. ნამდვილი ბურხალი. ეს პოლიციის პოლკოვნიკი გადაირია, გაიქაჩა სასიძოსკენ საცემრად, სასიდედრო და საცოლე კივილით გამოცვივდნენ სახლიდან, პირველ სართულზე ცხოვრობდნენ. მოკლედ ეს ბიჭი ძლივს გამოგლიჯეს კაცს ხელიდან. თურმე დაზარალებული სასიდედროს მეზობელი ყოფილა. ჩაუვარდა მუხლებში ქალი, არ დამღუპო, არ დააჭერინოო. მერე ჩაერია სასიძოს მამა და მისი ნათესაობა, კონფლიქტი ძლივს ამოწურეს. მაგრამ ბოლოს პოლიციის პოლკოვნიკმა უთხრა ჩვენს გმირს: ყველანაირი მუხლით შეგვიძლია დაგიჭიროთ: ერთი, ნარკომანი ხარ, მეორე –, ლოთი, მესამე, უწესო, ამრევ-დამრევი და ხულიგანი, ამ ორ მუხლს კი ვერ მოგიყენებთ, მამათმავალი არ ხარ, ოჯახის დამსახურებაა და მესამე, პოლიტიკურზე ვერ დაგიჭერთ - ჭკუა არ გყოფნისო.
No comments:
Post a Comment