Tuesday, August 29, 2023

ესსე, მომავალი ექიმი, მომავალი აკადემიკოსი, იმერეთი

 


დღეს მინდა ისევ ერთ საჭირბოროტო საკითხზე ჩამოვაგდო საუბარი და ერთი ამბავი გავიხსენო. იმერეთში ვიყავი შვილებიანად, ძალიან პატარები მყავდნენ, ვანის რაიონი, სოფელი ბზვანი. არაჩვეულებრივი ხალხი აღმოჩნდა იქაურები, ტკბილები, თბილები. გვერდზე მეზობლად ქალი ცხოვრობდა შვილითა და შვილიშვილებით. გაოცდებით, შვილიშვილებს სულ ასე ეფერებოდა: ჩემი მომავალი პრემიერმინისტრი, ჩემი მომავალი საგარეო საქმეთა მინისტრი, ჩემი მომავალი ექიმი, ჩემი მომავალი აკადემიკოსი, არასოდეს უნატრია და უთქვამს: ჩემი მომავალი მუშა, ან მძღოლი. განათლებული და ცნობილები უნდოდა ჰყოლოდა შვილიშვილები, . საბჭოთა დროს მუშაც შეძლება გამხდარიყო ცნობილი და გლეხიც, მაგრამ ეს თავისას არ იშლიდა. ერთ დღესაც ვკითხე, ასე რატომ იძახით მეთქი. რა იცი, მაიკო, იქნებ ,,ამინომ" ჩამოიაროს და ნანატრი კიდეც ამიხდესო. მაშინ 1991 წელი იყო, საბჭოთა კავშირი ჯერ არ დაშლილიყო, თუმცა მომავლის იმედი დიდი გვქონდა, რყევები იგრძნობოდა, ეს იმედს კიდევ უფრო გვიძლიერებდა, რომ თუ ოცნება აგვიხდებოდა, კიდევ უფრო ძლიერ საქართველოში უნდა გვეცხოვრა.
მას მერე 32 წელიწადი გავიდა. რას ნატრობს დღეს დედა ან ბებია?! შვილი ან შვილიშვილი საზღვარგარეთ წავიდეს, იქ დარჩეს საცხოვრებლად, კარგი ცხოვრება მოიწყოს, ეს ეგრეთ წოდებული ,,კარგი ცხოვრება" კი ვიცით რა არის! მძიმე ფიზიკური შრომა, ქალებისთვის გამოკეტილ ერთ ოთახში ყოფნა, მამაკაცები ალბათ მძღოლებად მუშაობენ ან მშენებლობებზე. ბევრი სამუშაოსაც ვერ შოულობს და ქურდობს. ამით ირჩენს თავს. ბევრი ლტოლვილადაა ჩაბარებული და სახელმწიფო დახმარებებზე ცხოვრობს ოჯახებიანად. ახალგაზრდების მიზანი მაინც ერთია: უკან აღარ დაბრუნდეს. ამას მოუწოდებენ მშობლებიც. არ ვიცი, ეს კარგია თუ ცუდი. ღმერთის ფიქრები ჩემთვის ამოუცნობია, მაგრამ საითაც არ გაიხედავ, ვისაც არ დაელაპარაკები, ყველა იმაზე საუბრობს, ჩემი შვილი საფრანგეთშია, ჩემი - ჰოლანდიაში, ჩემი - ამერიკაში, ჩემი შვილიშვილი გერმანიაში ისეთ წარმატებებს აღწევს! შარშან ქობულეთიდან მინივენით წამოვედი, ერთმა ქალბატონმა, სამი შვილიშვილით იყო ამოსული, არ მოგვასვენა, მესენჯერში რამდენიმე საათი ელაპარაკებოდა ვაჟიშვილს ამერიკაში, სთხოვდა შენი ძმა მძიმე სამუშაოზე არ გაუშვა, ხომ იცი, არ შეუძლია, შენ წადი ხოლმეო. გული დამეთუთქა. ღმერთმა ყველას მისცეს ბედნიერი ცხოვრება, სადაც არ უნდა იყოს, მით უმეტეს ქართველს. შვილიშვილები და შვილთაშვილები აქ თუ არა იქ გამხდარიყვნენ პრემიერმინისტრები და მინისტრები! წარმატებები ყველას! მე ის მადარდებს, სამშობლო თუ არ გაახსენდება ადამიანს და თავისი ახლობლები, დაკარგულია და წასულია მისი საქმე!

No comments:

Post a Comment