პატარაობიდან ფანატიკურად ვიყავი შეყვარებული ჩვენს სამშობლოზე, ვერც წარმომედგინა, სხვაგან მეცხოვრა. მახსოვს, როგორც წითელდიპლომიანს, შემომთავაზეს ასპირანტურის სამწლიანი კურსი ლენინგრადში გამევლო, ისე შევშინდი, საქართველოში წელიწადში ორჯერ თუ ჩამოვიდოდი, უარი ვთქვი. სტუდენტობისას ერთი გერმანელი გავიცანი, საკმაოდ შეძლებული, სახლი არა მარტო გერმანიაში, შვეიცარიაშიც ჰქონდა. დასავლეთ გერმანიიდან იყო. ხელი მთხოვა, მაგრამ იმ წუთშივე ,,სამშობლო ხევსურისა" გამახსენდა და უარი ვტკიცე. დღეს მგონი პირიქითაა, ბევრი მშობელი ბედნიერია, , შვილი თუ საზღვარგარეთ გათხოვდება. ყველას ავიწყდება ,,უცხოობაში რაა სიამე", მაგრამ დრო შეიცვალა, ღირებულებები გადაფასდა, ვერავის ცხოვრებაში ვერ ჩაერევი. დათხოვდნენ ქართველი ქალები საზღვარგარეთ, ზოგი - გერმანიაში, ზოგი - ამერიკაში, ზოგი - საბერძნეთში, ზოგი - კანადაში. იკარგება გენოფონდი. რაც ძალიან სამწუხაროა, იყვირე, წერე, იკითხე, ნეტავ თუ აქვს რამეს აზრი? მარტო ჩემს სამეზობლოში სამი ქალი გათხოვდა უცხოეთში, ორი - ამერიკაში, ერთი - საფრანგეთში. კიდევ კარგი, ჩემს სოფიკოს ამის სურვილი არ აქვს, ის კი არა და, კატეგორიული წინააღმდეგია ამ პროცესის. ,,რუსთაველის პროსპექტზე სიარული ნუ მოგვიშალოს ღმერთმა", სულ ამას ვლოცულობ.
No comments:
Post a Comment