დღეს რამდენიმე საჭირბოროტო თემას მინდა შევეხო. ვინაიდან დისერტაციას ქალთა საკითხებზე ვიცავდი, არ დამცალდა, ამიტომ ქალების მდგომარეობა დღესაც ძალიან მაინტერესებს და დიდი ინტერესით ვაკვირდები. გუშინწინ ავტობუსში ჩემ წინ ხანშიშესული ქალბატონი დაჯდა. მოვლილი, ღია სარაფანი ეცვა, თვალები შეღებილი. სახეზე ნაიარევი აჩნდა, თვალი ჩამოვაყოლე მის ყელ-კისერს, კიდევ რამდენიმე ნაიარევი აღმოვაჩინე, თუმცა დიდი ხნის. გაოცებული დავრჩი, დანით მიყენებულ ჭრილობებს ჰგავდა, ახლა პირშეკრულებს და გაცრეცილებს. უსიამოვნო გრძნობა დამეუფლა. ეს ქალი ოდესღაც ძალადობის მსხვერპლი იყო. ვინ მიაყენა ჭრილობები და რაზე, არ ვიცი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, კაცის გაკეთებული იყო ეს საქმე. არა მგონია, ქალი დასხმოდა თავს და სახეზე და ყელ - კისერზე ჭრილობები მიეყენებინა. შეიძლება ეჭვიანობის ნიადაგზე, აფექტის მდგომარეობაში იქნა ჩადენილი დანაშაული, შეიძლება საყოფაცხოვრებო ოჯახური კონფლიქტის დროსაც, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს?! ხომ როდესღაც ბოლო უნდა მოეღოს ამ ამაზრზენ საქციელს?! ჩემთვის მიუღებელია ძალადობა ყველა ასპექტში, ქალისგან თუ კაცისგან, ფიზიკური თუ მორალური. რატომღაც მამაკაცების დიდი ნაწილი თვლის, რომ მათ მეტის უფლება აქვთ ვიდრე ქალებს, შეუძლიათ ფიზიკურად გაუსწორდნენ ცოლს, შვილებს, რადგან მეტი ძალა აქვთ. გამორიცხულად არც ის მიმაჩნია, რომ ბევრი ქალი ემიგრაციაში სწორედ ამიტომ გარბის, რომ შეურაცმყოფელ მდგომარეობას დააღწიოს თავი. მახსოვს, ჩემი ახლობელი უცხოეთიდან ჩამოვიდა, ვაჟებს ცოლები ჰყავდათ, თავიანთი ოჯახები, შევხედე, ქმარსაც არ ვჭირდებოდიო, თავისი ნაყიდი სახლ-კარი დატოვა და ისევ უცხოეთისკენ მოჰკურცხლა. ოჯახების დიდი ნაწილი მხოლოდ ფიქტიურად არსებობს. გუშინ მეტროში მამაკაცების საუბარს მოვკარი ყური. ჩემი რძალი ამერიკაში წავიდა შვილებით მშობლებთან, ჩემი ცოლი და ვაჟი ესპანეთში სამუშაოდო. მარტოღა დავრჩი სახლშიო. მოკლედ არეულია მონასტერი. ვინ სად გარბის, ვინ სად რჩება, იქცევა ჩვენი ქვეყანა და ესაა. მარტო ქვეყნიდან წასვლაში როდია საქმე. აქ დარჩენილი ოჯახებიც მორყეულია. ჩვენი თაობა კიდევ ცდილობდა ოჯახების შენარჩუნებას, გაყრა იშვიათი იყო, სირცხვილად ითვლებოდა. ამიტომ ყველა გზით და ყველა საშუალებით ოჯახი არ უნდა დანგრეულიყო. დღეს, როცა ვეცნობი სხვადასხვა მასალას, წერია, რომ ბავშვები, რომლებიც აყალმაყალსა და ჩხუბში იზრდებიან, ფსიქოლოგიურად დაზარალებულები არიანო, მაგრამ მიტოვებული ბავშვები უკეთესები არიან?! განა მათ არ აქვთ არასრულფასოვნების კომპლექსი, რომ მამამ ან დედამ დატოვა?! მოკლედ, მედალს ორი მხარე აქვს, რა ჯობია, მეც ვერ გაიგია. სულიერ და ფიზიკურ გამძლეობას ვუსურვებ ჩვენს ერს!ყველა ადამიანი თვითონაა თავის ბედის მჭედელი, მთავარია, ბავშვები არ დარჩნენ დაზარალებულნი, ჩემი მთავარი მოთხოვნა ესაა. ისე კი, ძალიან ბევრი ქალი საქართველოში ან არაა გათხოვილი, ან მეორე ნახევრები არ ჰყავთ, გაყრილები არიან, ან ქვრივები.
No comments:
Post a Comment