დღეს ძალიან საინტერესო თემაზე უნდა ვისაუბრო. რა არის ჩვენი ცხოვრება და რას ვემსახურებით ყველა ჩვენგანი?! რისთვის მოვედით და რატომ მივდივართ ამ ქვეყნიდან?! პატარაობიდან მაწუხებდა ეს კითხვები. ვაკვირდები ჩემს ცხოვრებას და მინდა გითხრათ, ყოველთვის შემდგარი პიროვნება ვიყავი, ყველა ასაკში. ვცდილობდი ჩემი ადამიანური მოვალობები პირნათლად შემესრულებინა. ოთხი წლის ვიყავი, რომ ოჯახში მეხუთე დედმამიშვილი შეგვეძინა, იმას ვუვლიდი, აკვანს ვურწევდი, რომ წამოვიზარდე, სარეცხსაც კი ვურეცხავდი და-ძმებს, ძილის წინ ზღაპრებს ვუკითხავდი, კარგად ვსწავლობდი, სოფელში ბიძაშვილებს ვეხმარებოდი, პატარა ხელებით ვთოხნიდი, ვმარგლავდი, სამწყემსურშიც მივყვებოდი, ვკითხულობდი, ვაზროვნებდი, და ერთ მომენტში სადღაც რომც გაწყვეტილიყო ჩემი ცხოვრება, ამ გადმოსახედიდან ჩავთვლიდი, რომ იმ ასაკისთვის რაც მეკისრა, შევასრულე. დიახ, იმ დროისთვის შემდგარი ადამიანი ვიყავი. განა არ მოგისმენიათ ახალდაბადებულების ბაასი ღმერთთან, ანგელოზებთან?! ისინი ღუღუნით ლაპარაკობენ, არავინ იფიქროს, წასვლის დრო არ იყოო, უფალს იმ დროს მივყავართ, როცა საჭიროდ თვლის, როცა ჩვენი მისია უკვე ამოწურულია. ასე ვფიქრობ დღეს. იქნებ ჩემმა ამ დასკვნამ ზოგს ტკივილი შეუმსუბუქოს, რომელიც ჩამოწოლილი მთის სიმძიმეა. ყველას ჩვენი დრო გვაქვს დედამიწაზე ყოფნის. ნათელში იყვნენ მიცვალებულნი, სამოთხის კარი მათთვის ღიაა...
No comments:
Post a Comment