დღე მშვიდობისა, ჩემო მეგობრებო, გუშინ ღამე ფერისცვალება დადგა, წვიმა წამოვიდა, გავგრილდით, გვესიამოვნა, მერე კი ღამით სიზმრებმა და ფიქრებმა არ მომასვენა. შოვში დატრიალებული უბედურება გამახსენდა და ფარ-ხმალი დავყარე, მივხვდი, რომ სანდო არც ადამიანია და არც ბუნება. მახსოვს, თბილისში მომხდარი წყალდიდობის მერეც ადამიანი ვერ გრძნობს თავის პასუხისმგებლობას ქვეყნიერების წინაშე. დაიღუპნენ ადამიანები, დაიღუპნენ ცხოველები, ის დანაკლისი აუნაზღაურებადია. ღმერთმა მაპატიოს, რასაც ვამბობ, მაგრამ არ შეიძლება ვეფხვს წინ დავუდგეთ და ფოტოაპარატი ვაჩხაკუნოთ, რას იზამს ის?! შეგვჭამს, მერე კი ამის გულისთვის, სხვა ვერაფერი მოვიფიქროთ და მოვკლათ. ვეფხვია ჩვენი ბუნება, მოუხელთებელი, ზოგჯერ კატასავით ნაზი, გაგვიგორდება წინ, თავს მოგვაფერებინებს, მაგრამ მეორე წუთში ის გაშმაგებული ცხოველია, რომელსაც შეუძლია დაგგვლიჯოს, დაგვფლითოს, ნაკუწებად გვაქციოს. ადამიანი ვერა და ვერ აცნობიერებს მის ძალას. შოვის ტრაგედიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ წუთია წუთისოფელი, წამებში, წუთებში გაქრა ბევრი ადამიანის სიცოცხლე. ეს ფერისცვალება ჩვენი სულიერი კათარზისის დღე უნდა გახდეს, ჩვენი გარდაქმნის, ჩვენი სულიერი ამაღლების.
No comments:
Post a Comment