რაჭაში დატრიალებულმა უბედურებამ შემძრა, გვაკლდება ქართველები, ხან რა მიზეზით, ხან რა... დაუცველობის შეგრძნება აღარ გვტოვებს. ნათელში იყვნენ გარდაცვლილთა სულები, იმედია ბევრს გადაარჩენენ, ადამიანის სიცოცხლე ხომ ყველაზე დიდი ღირებულებაა ამქვეყნად. სამშობლოს და შენი ხალხის ღალატზე დიდი სასჯელი ჩემთვის არ არსებობს, ამიტომ ვიყოთ ყურადღებიანები სხვათა გაჭირვების მიმართ!
ერთხელ!
ერთხელ, როდესაც ჩამოწყდება სიცოცხლის მძივი,
სულ დაიცლება თითო-თითოდ, წუთად, საათად,
ვერავინ იტყვის, ეს სიცოცხლე მიაშაბათა.
არ მყვარებია არასოდეს ოქრო და ვერცხლი,
არ მიძებნია არასოდეს ქონება დიდი,
გულზე სათუთად მედებოდა ჭიკჭიკი მერცხლის,
შვილებსაც ქვეყნის სიყვარულით ვარდებად ვზრდიდი.
ვბაძავდი ზღაპრის კეთილსა და უშურველ გმირებს,
უნაწილებდნენ გზააბნეულს და მშიერს ლუკმას,
ვიცი, წინაპართ გამოთლილებს და შეკრულ ისრებს,
ვერ გადატეხავს ვერა ძალა, ეცადოს თუნდა.
ნუღარ გამოსცდი მამა-პაპათ დატოვილ სიტყვას,
კონას ნუ გახსნი, ნუ დაგვტოვებ თითო კაცებად,
ვისაც სამშობლოს ჭრილობები არასდროს სტკივა,
დიდ წინაპართა გვერდზე როგორ დაიმარხება.
ადიდდი მტკვარო, ჩამოგვძახე გაღმით ენგურო,
არაგვო, შენაც აიშალე ლომის ფაფარი,
ჩემო სამშობლოვ, მსურს ბოლომდე რომ გიერთგულო,
ორგულებს, ღმერთო, არ აღირსო მიწა ნაშალი.
მაია დიაკონიძე
04.07.2023 წელი
No comments:
Post a Comment