დღეს ერთი ამბავი მინდა მოვყვე: ჩემი ბიჭის - ლევანის ნათლიმამა ბატონი ალიოშა გახლდათ. ძველი ქუთაისლები იყვნენ ის და მისი მეუღლე. არაჩვეულებრივი ადამიანები, თბილი, ტკბილი. ქუთაისიდან თბილისში რომ გადმოსახლდნენ, მაშინდელ პლეხანოვზე (ახლა აღმაშენებლის გამზირზე) დაიდეს ბინა. მათი სახლის კარი მუდამ ღია იყო ყველასთვის, ქუთაისელი იქნებოდა თუ თბილისელი. გახსოვთ, საბჭოთა დროს დეპეშები იყო მოდაში, ჭირი იყო თუ ლხინი, ყველაფერში გამოსადეგი გახლდათ.
ერთხელ ერთმა ქუთაისელმა ნაცნობმა ბატონ ალიოშას საყვედური უთხრა, სიდედრი რომ გარდამეცვალა, სად იყავი, რატომ არ მომისამძიმრეო. შეშფოთდა ძალიან. გამოიწერა გაზეთი ,,ქუთაისი". გაზეთი რომ მოვიდოდა, ჩაუჯდებოდა, ათვალიერებდა იმ გვერდს, სადაც სიკვდილის ცნობა იყო ამა თუ იმ ადამიანის და სამძიმარს უცხადებდნენ განსვენებულის ოჯახს. ნაცნობს თუ აღმოაჩენდა ამ სიაში, დაჯდებოდა და იწყებდა დეპეშების წერას. ეს აუცილებელი რიტუალი გახდა მის ცხოვრებაში. ხშირად დაგვხვდებოდა ხოლმე ბატონი ალიოშა გაზეთ ,,ქუთაისით" ხელში, თავზე ცხვირსახოცწაკრული, ან თავზე ცივი ტილოთი, უკვე ასაკში იყო. დეპეშებს რომ დაწერდა, ამოისუნთქავდა, სავარძელში ჩამჯდარი ფეხს ფეხზე გადაიდებდა, ალბათ წარმოიდგენდა, საფლავთან დასვენებულ კუბოსთან როგორ კითხულობდნენ მის დეპეშას. გახსოვთ, ალბათ, ჩემს ტოლებს და უფროსებს, ეს ამბავიც. სანამ მიწაში ჩაასვენებდნენ მიცვალებულს, მანამდე დეპეშების კითხვა იწყებოდა. საიდან არ მოდიოდა დეპეშები, უკრაინიდან, რუსეთიდან, ყაზახეთიდან, ბალტიისპირეთიდან, საქართველოს კუთხეებზე აღარ ვლაპარაკობ. ღმერთმა ნათელში ამყოფოს ყველა წასული, მათ შორის, ბატონი ალიოშა და მისი მეუღლე, დიდებული ადამიანები იყვნენ..
ახლა აღარვინ კითხულობს დეპეშებს დასაფლავებაზე, მესიჯები მოდის ტელეფონით. ამოწურა დეპეშებმა თავისი თავი, თუმცა მე არასროს მავიწყდება ის დრო და სიკეთით სავსე ხალხი, რომლებმაც სიყვარულიც იცოდა და თავდადებაც, გვერდში დგომაც ჭირსა და ლხინში.
ინტერნეტში ერთი დეპეშა ვერ ვნახე ქართულად დაწერილი, იქნებ არც იწერებოდა ქართული შრიფტით, აღარც მახსოვს, ვინმეს თუ აქვს შემონახული, გამომიგზავნეთ
No comments:
Post a Comment