,,ფერისცვალება!", ავტ. ელგუჯა ციგროშვილი
არა ვარ მეტი არაფრით სხვაზე,
თუმც არც უგრძნობი ცივი ლოდი ვარ ...
მორიელებით სავსე მიწაზე
კუსავით დინჯად მივდი–მოვდივარ.
შემართული აქვთ კუდები ავად,
თვლიან, მათია მთელი სამყარო;
რომ არ დავჭყლიტო, გზას ვუთმობ თავად,
ვცდილობ, უსაფრთხოდ რომ გავატარო.
არ დავუბრუნე არასდროს ,,ხურდა",
ვიღიმები და ვუცქერი მშვიდად,
მდინარის გაღმა გასვლა რომ სურდათ, –
ბევრს გამოვადექ ნავად და ხიდად.
მაინც მგესლავენ, ცდილობენ თავისს ,
ბოროტს არა აქვს კვირა–შაბათი...
ვერ მოვიხმარე სიბრძნე იგავის,
არ ვისარგებლე სულხან–საბათი.
,,ვიდრე არასდროს, – სჯობს თურმე გვიან,"
უნდა ჩავყვინთო და მერე, – ჰერიიიი...
,,ვინაც რას სთესავს, – მასვე იმკიან" ,
,,წინ წყალი ჰქონდეთ, – უკან მეწყერი!"
კვლავ ძველებურად მიწევს წვალება,
მეც ჩემს ფანდურზე ძველ ჰანგებს ვმღერი,
დილას გათენდა ,,ფერისცვალება, –
ღმერთო! სიკეთით გვიცვალე ფერი!
ელგუჯა ციგროშვილი
ქ. თესალონიკი, 19. 08.2017 წელი
No comments:
Post a Comment