დღეს ქართული მწერლობის საჭირბოროტო საკითხებზე მინდა ვისაუბრო. ამის მიზეზი კი ის გახლავთ, რომ სია ვნახე თანამდროვე ქართველი მწერლებისა, ჩამოვუყევი, ჩამოვუყევი და აღმოვაჩინე, ნახევარზე მეტს არ ვიცნობ,ის კი არა და, საერთოდ არ გამიიგია მათ შესახებ. მავანი იტყვის, შე, გაუნათლებელო, შენი პრობლემაა ეგ და თუ არ იცნობ, არ იცი მათ შესახებ, შენი ბრალიაო. მე კი იმის ბრალი მგონია, რომ ქართული მწერლობა კლანებად, დაჯგუფებებადაა დაყოფილი, დაქსაქსული და ერთმა მეორის შესახებ არ იცის, მეორემ - პირველის შესახებ. მე თუ ვინმე არ მიცნობს, არაფერია, არც ვარ საცნობი, მაგრამ არიან ნიჭიერი ავტორები, რომელთაც ყველა უნდა იცნობდეს, რომელ კლანშიც არ უნდა იყვნენ. საინტერესოა, ვინ უნდა გააკონტროლოს ლიტერატურული პროცესები? ვინ უნდა ფლობდეს სრულყოფილ ინფორმაციას მათ შესახებ?! არა მგონია, ამჟამად არსებობდეს ვინმე ან რაიმე ორგანო, ვინც მოგვაწვდის ამის შესახებ საკმარის ცნობებს. თუმცა ზოგიერთები ცდილობენ, ასე თუ ისე, საქმის კურსში იყვნენ. საქართველოს ბუნებას მაგონებს ქართული მწერლობაც, მთა-გორიანი რელიეფით. გორები, მთები, ველები, მინდვრები, ჭალები, უფსკრულები, შეცნობილი და შეუცნობადი, ცნობილი და არაცნობადი. თუ ჩვენ ვერ ვხედავთ რომელიმე მთას, არ ნიშნავს, რომ ის არ არსებობს. მთელ ამ მთაგორიან საქართველოს თავზე დაჰყურებს მყინვარები, ესენი არიან ჩვენი კლასიკოსები: ილია, აკაკი, ვაჟა, გალაკტიონი, რუსთაველი, გურამიშვილი, ბარათაშვილი, კიდევ რამდენიმე, იმედია, მათ გადანაცვლებას არავინ შეეცდება, თორემ მყინვარის დნობა და მისი ძირის გამოთხრა, რასაც ზოგიერთები ცდილობენ, დიდ კატასტროფებს და კატაკლიზმებს გამოიწვევს, რომლისთვისაც საქართველო ნამდვილად არაა მზად. საკმარისია გაქანების ველი, რომ პეპლებივით და ფუტკრებივით ვიფრინოთ ზედ. თუ ღვთის და ერის ნება იქნება, ზოგიერთები მყინვარების ადგილსაც დაიკავებენ, მანამდე კი, ნუ ვეცდებით სხვის დაკნინებას და თავის წარმოჩენას, თორემ მებადურის არ იყოს, ოქროს თევზის ნაცვლად უარაფრობა შეგვრჩება ხელში. გვახსოვდეს, გალაკტიონის ვარდნა...ის ვადნა კი არა, ამაღლება იყო!
No comments:
Post a Comment