ამბობენ, პეტრე პირველმა - რუსეთის თვითმპყრობელმა, ფანჯარა გაჭრა ევროპაში და ევროპული ცივილიზაცია შეიტანა ჩამორჩენილ რუსეთშიო. და რა ვქენით ჩვენ?! 90-იანებში პირველმა ქართველებმა დაიწყეს გადინება სამშობლოდან. თავიდან ჩვენც ასე ვფიქრობდით, ფანჯარა გავჭერით ევროპაში და ცოტა ხანში ეს ადამიანები ახალი ცოდნით შეაიარაღებულ-აღჭურვილნი დაუბრუნდებდნენ მშობლიურ კუთხეებს. სამწუხაროდ, არა მარტო ფანჯარა, ჭიშკარი გავხსენით, დარჩა მოფარღალალებულ-ჩამტვრეული ღობეებით საქართველო. ზოგი ღობიდან გადადის, ზოგი -ღობისქვევიდან, ზოგი ჭიშკრიდან და ზოგი - ფანჯრიდან, ოღონდ აქედან გაიქცნენ. გაგვაქვს და მიგვაქვს ჩვენი უძველესი ქართული ცივილიზაციის ნარჩენები, კულტურა, ნაწილ-ნაწილ და მთლიანად, გაგვაქვს ჩვენი მიწა, ჩვენ ხომ ამ მიწის ნაწილები ვართ,... იქიდან კი შემოგვაქვს, ღმერთმა იცის, რა?! დაუცველ სახლს ტურა-მგელი შეესია. ყვავები დაბუდებულან სახურავზე, ყველა სახლის ჩამოქცევას ელოდება, რომ გადაყლაპოს, მალე ვეშაპის მუცელში აღმოჩნდება საქართველო, თუ გონს არ მოვედით, ამისთვის კი ქვეყნის გადარჩენის კომპლექსური პროგრამა უნდა შემუშავდეს!
No comments:
Post a Comment