დრო ულმობელია, არ ვუფრთხილდებით წამებს, წუთებს, ზოგჯერ უმიზნოდ და არანაყოფიერად ვიხმართ მას. ბავშვობაში მეგონა, რა დიდხანს იწელება მეთქი დღე, მინდოდა მალე გავზედილიყავი, არც ახალგაზრდამ იცის დროის ყადრი, არადა რა დასაფასებელია თითოეული წუთი, წამი, რომ თვალებგახელილმა უყურო მზეს, მთვარეს, ვარსკვლავებს, შენ გარშემო ადამიანებს, გიყვარდეს ისინი, გიყვარდეს შენი სახლი, შენი სამშობლო, ეცადო დაეხმარო მას. რა ასაკშიც არ უნდა ვიყოთ, ყოველთვის შეგვიძლია ეს გავაკეთოთ. დრო ამისთვის ყოველთვის არის. ნუ ჩავაბნელებთ ჩვენი სახლის ფანჯრებს, ნუ ამოვუქოლავთ შავი ნაჭრით თვალებს, მათაც უნდა იცოცხლონ, სახლიც ცოცხალი ორგანიზმია და თქვენი ენერგია და ძალა ჭირდება. თქვენ მას აძლიერეთ, ის თქვენ.
დრო!
დრო ისე სწრაფად მიედინება,
სულ ამერია იმ წლის და ამ წლის,
ჯერ გაყვავებაც რომ არ ინება,
უკვე შავია ნაყოფი ანწლის.
ზაფხულს მოყვება მზე შემოდგომის,
ოქრო შემომრჩა ნაძვის გირჩებად,
ვხედავ, ზამთარიც მარხილით მოდის...
შევსვამ აქ ყოფნის ბოლო სირჩებსაც!
არ გეგონოთ, რომ ამით მთავრდება,
ამით იწყება სულ სხვა სიცოცხლე,
და გველის ყველას იქ უკვდავება,
სიკვდილი მხოლოდ გამოვიგონეთ.
მაია დიაკონიძე
10.08. 2023 წელი
No comments:
Post a Comment